სტენლი კუბრიკის “ფართოდ დახუჭულ თვალებში” სიუჟეტისთვის საკვანძო და მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევას თვალების ფართოდ გახელა სჭირდება. ფილმი ინტერპრეტაციის ძალიან დიდ არეალს იძლევა, თუმცა ბევრი ლაპარაკით თავი რომ არ მოგაბეზროთ, გადავწყვიტეთ გასაიდუმლოებულ რიტუალების არსზე საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ.
დღევანდელ სტატიაში კი ვეცდებით, ფილმში წამოჭრილი სხვა მნიშვნელოვანი თემები განვიხილოთ და მათ შორის კავშირების გაბმაში დაგეხმაროთ.
კინო-სურათი ავსტრიელი მწერლის არტურ შნიცლერის მოთხრობას “ნოველა სიზმრების შესახებ” ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სიზმრის ფენომენი ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არ დაფრთხეთ, არ ვაპირებთ იმის თქმას, რომ მთელი ფილმი ტომ კრუზის პერსონაჟის სიზმარია. კუბრიკის ნამუშევარი რეალობასა სიზმარს შორის არსებულ ზღვარზე ძალიან ფრთხილად მოძრაობს.
იმ გარდამტეხი ღამის მოგზაურობისას მაყურებელი თვალს ადევნებს ტომ კრუზის პერსონაჟის, დოქტორ ბილის სუბიექტურ რეალობას, რომელსაც სიზმრის სტრუქტურა აქვს. როგორც იცით, სიზმრებში ადამიანის ყველაზე ძლიერი შიშები და ეჭვები გამოხატულებას პოულობენ. დოქტორი ბილის შემთხვევაში, ამ შეგრძნებებმა არა სიზმარში, არამედ რეალობაში, იმ ღამით შეიძინეს ფორმა.
შედეგად, ფილმის მთავარი გმირი მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვეღარ აღიქვამს რაციონალურად. ეს მოვლენები მას გაცილებით უფრო მძაფრად მიეწოდება, რადგან ისინი მის ყველაზე ძლიერ შეგრძნებებს ბოროტად ეთამაშებიან. დოქტორი ბილისთვის რეალობა თავისივე შიშების, ეჭვებისა და სურვილების გამოფენად იქცა, ფილმის მაყურებელი კი ამ გამოფენის საპატიო სტუმრად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სანამ ამ გამოფენას უფრო დეტალურად დავათვალიერებთ, რამდენიმე სიტყვა ნიკოლ კიდმანის პერსონაჟზე ვთქვათ. დოქტორ ბილის ცოლს ელისი ჰქვია, ისევე როგორც ლუის ქეროლის ყველასათვის ცნობილ პერსონაჟს. მოთხრობაში “ელისი სარკის მიღმა” მთავარი გმირი გოგონა მოსაწყენი და მობეზრებული რეალობისგან თავის დასაღწევად სარკის მიღმა არსებულ სამყაროში ეძებს თავგადასავლებს.

“ფართოდ დახუჭულ თვალებში” ელისი უმხელს თავის მეუღლეს, რომ საკუთარი ცხოვრებითა და ქორწინებით კმაყოფილი არ არის და ხშირად სხვა მამაკაცებთან სექსზე ფიქრობს, შეიძლება ითქვას, რომ სექსუალურ თავგადასავლებს ქორწინების მიღმა ეძებს.
გაიხსენეთ ისიც, თუ რამდენად ხშირად ვხედავთ კინო-სურათში ელისს სარკის წინ და თუკი არც ეს იქნება საკმარისად დამაჯერებელი პარალელის გასავლებად, შეგიძლიათ ფილმის პოსტერს კიდევ ერთხელ შეხედოთ, რომ ეჭვებისგან ბოლომდე გათავისუფლდეთ.

მას შემდეგ, რაც ელისი ქმარს საკუთარი სექსუალური ფანტაზიების შესახებ უამბობს, დოქტორი ბილის ცნობიერში აქამდე მიძინებული შიშები და ეჭვები იღვიძებს. მას აღარ სჯერა ცოლის ერთგულების და მზადაა თავისი ერთგულებაც დათმოს. ის ღალატის აქტის ძიებისას ნიუ-იორკის ქუჩებში მოგზაურობს და სწორედ აქ იწყება ის მისი ჰიპერრეალობა, რომელზეც განხილვის დასაწყიში ვსაუბრობდით. მაყურებელი ტომ კრუზის პერსონაჟის ერთგვარი ოდისეის მომსწრე ხდება და ისევე, როგორც ოდისევსი ბრუნდება ითაკაში, დოქტორი ბილიც ფილმის ბოლოს სახლში, ცოლს უბრუნდება.

როგორც გითხარით, ტომ კრუზის პერსონაჟის რეალობა ერთი ღამით სიზმრის სტრუქტურას იძენს. ამიტომ, საკუთარი და ცოლის ერთგულების ეჭვქვეშ დაყენება და ამაზე ფიქრი რეალობაში განსხეულდება – მუსიკოსი მეგობარი დოქტორ ბილს გასაიდუმლოებული საზოგადოების შესახებ უამბობს, რითაც ბილი დაინტერესდება და გაიგებს, რომ შიგნით შესაღწევად პაროლის ცოდნა სჭირდება.

“ფიდელიო” ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერაა და ლათინურად ერთგულს ნიშნავს. ირონიულია, რომ თავად გასაიდუმლოებული საზოგადოება მონოგამიისა და ერთგულების ცნებებს მკაცრად უარყოფს. დოქტორი ბილი ორგიებისა და უცნაური რიტუალების მომსწრე ხდება, რაც ტომ კრუზის პერსონაჟის ერთგულების მიმართ ჩამოყალიბებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულების აღწერაა.
ეს მასკარადი და მთლიანად ღამის მოგზაურობა პერსონაჟის შიშებთან და ეჭვებთან ერთად, მისი ფარული სურვილების ასახვაცაა. გაიხსენეთ ფილმის დასაწყისში წვეულებაზე მყოფ ტომ კრუზს რას ეუბნება ორი ლამაზი და მაცდური გოგო – ისინი ეპატიჟებიან ადგილას, სადაც ცისარტყელა სრულდება, დოქტორი ბილი კი საკმაოდ დაინტერესებული ჩანს, იგი ვერ ხვდება რას გულისხმობს ეს ორი ლამაზმანი.
დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევს, რომ ფილმის თითქმის ყველა ლოკაცია მორთულია საახალწლო განათებებით, რომლებიც ცისარტყელას ფერებში ანათებენ.
ადგილი, სადაც ამ ფერად განათებას ვეღარ ვხედავთ, სწორედ ნიღბიანი წვეულებაა. დოქტორი ბილის ფარული სურვილი ორ მომხიბვლელ გოგოსთან ერთად ცისარტყელის დასასრულთან წასვლა იყო და ეს სურვილი რეალობაში აისახა.
ზიგლერის წვეულებაზე ტომ კრუზის პერსონაჟი ნახავს რა ხდება მაღალი კლასის საზოგადოების სცენის მიღმა – სიცრუე, ღალატი და ნარკოტიკები. მას შეიპყრობს შიში, რომ შეიძლება თავადაც გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი და ღამით განვითარებული მოვლენები სწორედ ამ შიშს გამოხატავს – მასკარადიანი წვეულება კი შიშის კულმინაციაა.
მეორე დღეს, დოქტორი ბილი ხვდება, რომ უთვალთვალებენ – მან უკვე ზედმეტად ბევრი რამ იცის. ის იაზრებს, რომ ზიგლერი ამ საზოგადოების ნაწილია და აშკარა კავშირი აქვს წინა ღამით მომხდარ ამბებთან. ის იაზრებს იმასაც, რომ თავად ამ საზოგადოებას არ ეკუთვნის და არც სურს, რომ ეკუთვნოდეს. იგი გადაწყვეტს გაერიდოს ამ ხალხს და თვალი დახუჭოს ყველაფერზე, რაც გასულ ღამეს ნახა.
ფილმის ბოლოს, დოქტორი ბილი უბრუნდება ოჯახურ ცხოვრებას, უბრუნდება თავის ცოლსა და შვილს. უკანასკნელ სცენაში კი ვისმენთ დიალოგს, რომელშიც ნიკოლ კიდმანი აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ხდებოდა სიზმარში, მთავარია, რომ ახლა ღვიძავთ. ისინი აღარ უმალავენ ერთმანეთს საკუთარ ფანტაზიებსა და სურვილებს. დოქტორმა ბილმა თვალი დახუჭა იმ საშინელებებზე, რაც ღამით ნახა, თუმცა საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობას უკვე ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს.
ჩვენი განხილვა აქ სრულდება, დაგვიწერეთ კომენტარებში კიდევ რომელი ფილმის ახსნას ისურვებდით.