როგორ იქნა, დადგა “ინტერსტელარის” დროც და ვეცდებით ავხსნათ, როგორ გავიგოთ ზოგადად მთლიანად ფილმი, მოკლედ:
როგორც ჩანს, ნოლანმა ამ ვიზუალურად შთამბეჭდავ ფილმში სულ ცოტათი გადააზედმეტა თავისი სიყვარული თავსატეხებისადმი და სიუჟეტი ისე ჩახლართა, რომ ამ სტატიის გასაკეთებლად ჩვენც მოგვიწია დაფაზე სქემების ხატვა.
და აქვე გაფრთხილებთ – ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს. ნოლანის ფილმია, სხვანაირად შეუძლებელია.
პირველი, რაც უნდა ავხსნათ არის ის კონცეფციები, რაზეც ნოლანმა ინტერსტელარი ააგო, ხოლო უკვე შემდეგ ვცდით ამ კონცეფციებზე დაფუძნებული სიუჟეტის გახსნას.
- დავიწყოთ ჭიის ხვრელებით.
ჭიის ხვრელი ეწოდება სტრუქტურას, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ერთმანეთისგან შორ მანძილზე არსებული სივრცეების დაკავშირება, თუმცა, ეს ყველაფერი თეორიულად.
დღევანდელი სამყაროს ფიზიკური მოდელი ემყარება აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიას – ჩვენი სამყაროს ყველაზე ფართო აღწერას, რაც კი გაგვაჩნია. ეს თეორია უშვებს ჭიის ხვრელების არსებობას მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცერთი არ აღმოგვიჩენია.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ – ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი სივრცე:
ჩვენ ვართ აი აქ:
და გვინდა რომ აღმოვჩნდეთ აი აქ:
ჭიის ხვრელის გარეშე ერთადერთი გზა იქნებოდა ეს:
და წაგვართმევდა მილიარდობით სინათლის წელიწადს…
თუმცა, ჭიის ხვრელის არსებობის შემთხვევაში სამიზნე ადგილამდე აი ამ გზით მოვახერხებდით მიღწევას:
- შემდეგი კონცეფცია: ფარდობითი დრო
ამ მოვლენის ყველაზე მარტივი გადმოცემა იქნებოდა შემდეგი : ერთ პლანეტაზე დრო უფრო ნელა გადის ვიდრე მეორეზე. აი მიზეზი კი, ნამდვილად ჩახლართულია.
გახსოვთ ის გამოთქმა: “დროისა ყველაფერს ეშინია, ხოლო დროს ეშინია პირამიდების.” ? რაღაც გაგებით ამ გამოთქმას თეორიულ ფიზიკაშიც მოეძებნება საფუძველი. მასიური ობიექტების ახლოს დრო უფრო ნელა მიედინება, ვიდრე სხვაგან.
როგორც სივრცე, ისევე დრო არის არა აბსტრაქტული ცნებები, არამედ სრულებით რეალური ფიზიკური კატეგორიებია.
დავიწყოთ იმით, რომ დრო ყველგან ერთნაირად არ გადის. მეტიც, დრო საერთოდ არ გადის. დრო არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.
მოდით აქ ვიზუალიზაცია ვცადოთ. დროის წარმოდგენა შეგიძლიათ ნაჭრის სახით, რომელიც იზნიქება, როცა მასზე მძიმე ობიექტი თავსდება.
თუკი დრო ნაკლებადაა გამრუდებული და მე ვიმყოფები დროის ამ მომენტში მაშინ შემდეგი მომენტი უფრო მალე მოხდება.
თუკი ჩემს ახლოს შავი ხვრელივით მასიური ობიექტი იმყოფება, დროც მეტადაა გამრუდებული, შესაბამისად, თუ მე ვიმყოფები ამ მომენტში, შემდეგი მომენტი უფრო ნელა დადგება.
კუპერის პლანეტა შავი ხვრელის მეზობლად იყო. შესაბამისად, იქ მოქმედებდა შავი ხვრელის მასის მიერ გაწელილი დრო და კუპერის ერთი მომენტიც შემდეგი მომენტისგან უფრო მეტად იყო დაშორებული, ვიდრე დედამიწაზე დარჩენილების.
- მესამე კონცეფცია: შავი ხვრელი
საქმე ისაა, რომ ეს ობიექტი სულაც არაა დიდი შავი სფერო. ეს სიშავე, რაც გარშემო აკრავს არის არა რამე ფიზიკური სხეული, რომლის ხელით შეხება შეგვიძლია, არამედ სივრცის ის ნაწილი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვხედავთ.
იმისთვის, რომ რამე დავინახოთ, სინათლის წყაროდან წამოსული სხივი ჯერ ობიექტს უნდა მოხვდეს, მერე კი აირეკლოს და ჩვენს თვალს მოხვდეს. აბსოლუტურად ნებისმიერ ვიზუალს ასე აღვიქვამთ.
აი შავი ხვრელი კი იმდენად ძლიერ მიზიდულობას ფლობს, რომ მისკენ სინათლის წყაროდან გატყორცნილ სხივ ს უკან აღარ უშვებს.
ეს სიშავე არის საზღვარი, სადამდეც სინათლის სხივი ჯერ კიდევ ახერხებს გრავიტაციის დაძლევასა და ჩვენს თვალზე ასახვას, მაგრამ რაწამს ამ საზღვარს გადასცდება, უკან ვეღარ აღწევს. თავად შავი ხვრელი კი შეიძლება იყოს ერთი პატარა წერტილი, რომელიც რაღაც რადიუსით წყვდიადითაა მოცული. ამის შემდეგ აღარაა გასაკვირი, რომ ამ მასის გავლენით უკვე ნახსნები დრო-სივრცის ნაჭერიც არა უბრალოდ იზნიქება, არამედ უსასრულობამდე იწელება.
არავინ იცის, რა მოხდება თუ ადამიანი შავი ხვრელის გრავიტაციის სფეროში აღმოჩნდება. ნუ, ალბათ მოკვდება. მაგრამ ზუსტად მაინც არ ვიცით.
ნოლანი სწორედ ამ ობიექტის იდუმალების იდეას ეთამაშება – მას შემდეგ რაც კუპერი შედის შავ ხვრელში იგი არ იღუპება, არამედ აღმოჩნდება ძალიან შორეული მომავლის ადამიანების მიერ აგებულ სტრუქტურაში, სადაც დროს აქვს სივრცის თვისებები.
კიდევ ერთი ცნობილი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის ახსნა რომ მოვიშველიოთ, ხდება ასეთი რამ :
ჩვენ ვხედავთ სამგანზომილებიან სამყაროს ანუ:
- შეგვიძლია მოძრაობა ზევით და ქვევით – ეს ერთი განზომილება.
- მარჯვნივ და მარცხნივ – ეს მეორე განზომილება.
- და ამ ნებისმიერი ხაზის მართებულად – ეს მესამე განზომილება.
ჩვენი ნებისმიერი გადაადგილება ემთხვევა ამ სამ ღერძს. არის კიდევ ერთი განზომილება, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ აღვიქვამთ – დრო.
ეს არის ოთხი კოორდინატი, რომლითაც ჩვენ გზას ვიკვლევთ. ნებისმიერი საგანი სამყაროში წარმოდგენილია სამი სივრცითი და ერთი დროითი კოორდინატით. თუ ვინმეს შეხვედრას დაუთქვამთ და მოაკლებთ ამ ოთხი კოორდინატიდან ერთს მაინც, დიდი ალბათობით ერთმანეთს დაკარგავთ.
თუმცა დროსა და სივრცეს შორის განსხვავება ისაა, რომ სივრცის სამ განზომილებაში ჩვენ თავისუფლად ვმოძრაობთ – გინდა მარცხნივ წახვალ, გინდა მარჯვნივ, გინდა ახტები და ა.შ.
აი დროში კი სხვანაირადაა საქმე. ჩვენ მუდამ აწმყოში ვართ გაჭედილები, ხოლო წარსულსა მომავალთან არ გვაქვს ისეთი წვდომა, როგორც მარცხნივ წასვლასა ან მარჯვნივ წასვლასთან.
სტრუქტურაში, რომელშიც კუპერმა ამოყო თავი სწორედაც რომ ესაა შესაძლებელი. კუპერი აღარაა საკუთარ აწმყოში გაჭედილი, მას დროში შეუძლია გადაადგილება. და ეს ჩანს კიდეც- იგი ხან პატარა მერფს ხედავს, ხან ზრდასრულს.
სტრუქტურა არ აძლევს კუპერს წარსულში ჩარევის უფლებას, რამეთუ თუკი იგი არ წავა კოსმოსურ ექსპედიციაში, კაცობრიობა ვერ გადარჩება. მორზეს კოდით წერს კიდეც სიტყვას ‘დარჩი’ მაგრამ მცდელობა უშედეგოა. ამ მომენტის შემდეგ იგი თანხმდება საკუთარი ინტერესების გვერდით გადადებაზე და ქოქავს მთელ მექანიზმს, რომელმაც აქამდე მოიყვანა – საკუთარ თავს წარსულში მორზეს ანბანით კარნახობს კოორდინატებს, ხოლო მერფს საათის მეშვეობით და ისევ მორზეს ანბანით იმ განტოლების ამოხსნას ეუბნება, რომელიც დედამიწის ევაკუაციის პრობლემას ხსნის. ამის შემდეგ კაცობრიობა ახერხებს ევაკუაციას და ყველა ბედნიერია.
ანუ, მიზეზ-შედეგობრიობით რომ დავალაგოთ, შედგა შეკრული წრე. ორი შეკრული წრეც კი.
პირველში კუპერმა მიიღო მისტიკური კოორდინატები, რომლებითაც მიაგნო ნასას საიდუმლო ბაზას. გაფრინდა კოსმოსში, და შავ ხვრელში მოწყობილი სტრუქტურიდან საკუთარ თავს წარსულში დააძალა მთელი ამ გზის განხორციელება, ხოლო შვილს კაცობრიობის გადარჩენის გეგმა უკარნახა.
მეორე წრეში კიდევ კაცობრიობამ, რომელიც კუპერის წყალობით გადარჩა ძალიან შორეულ მომავალში შავი ხვრელის შიგნით კუპერისთვის ააგო ისეთი სტრუქტურა, რომელში აღმოჩენის შედეგადაც კუპერმა შეძლო კაცობრიობის გადარჩენის მისიის შესრულება.
უი და რა თქმა უნდა, სიყვარულის ძალაც. მაგაზეცაა ფილმი.
თუ მაინც #ვერგაიგეთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:
#ვერგავიგე – "ინტერსტელარი" ?
Posted by adjaranet.com on პარასკევი, 02 ნოემბერი, 2018
ავტორი: მინდია არაბული