“შავი გედის” თავსატეხისთვის გასაღების პოვნა რთული საქმე სულაც არაა. ფილმის რეჟისორი დარენ არონოვსკი, ამ შემთხვევაში, ძალიან აშკარა მეტაფორებითა და სიმბოლოებით გველაპარაკება. დამაბნეველი არა თავად ეს ალეგორიები, არამედ მათი სიმრავლეა, ამიტომ სჯობს, ეს დეტალები ცალ-ცალკე განვიხილოთ და საბოლოოდ, ფილმის საერთო სურათიც უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება.
ფილმის მთავარი პერსონაჟი ბალერინა ნინაა, რომლის ფსიქოპორტრეტიც ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ამაზე უფრო მეტს ვილაპარაკებთ. ის მგრძნობიარე, დაუცველი და მორცხვი ქალია, რომელიც დედას ყველაფერს უჯერებს – ნინა შინაგანად ჯერ კიდევ ბავშვია. ამის აშკარა მაგალითი მისი ხასხასა ვარდისფერი ოთახია, რომელიც 12 წლის გოგოს უფრო შეეფერება ვიდრე ზრდასრულ ადამიანს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ Nina ესპანურად პატარა გოგოს ნიშნავს. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები და მთლიანად ნინას პერსონა, იდეალურად ერგება თეთრი გედის საბალეტო პარტიას, რასაც რეჟისორიც აღნიშნავს, თუმცა იქვე ეუბნება, რომ ეს საკმარისი არ არის.
გედების ტბის ახალ დადგმაში ნინამ შავი გედის როლიც უნდა მოირგოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მიზეზი კი შემდეგია – შავი გედი თავისუფალი, მგზნებარე ქალია და არა პატარა მორცხვი გოგო. სწორედ ამიტომ, ნინას უწევს ძალიან მოკლე დროში გაიზარდოს, მომწიფდეს და განიცადოს სრული მეტამორფოზა. მთელი ფილმის განმავლობაში ვუყურებთ, თუ როგორ ცდილობს ნინა შეცვლას და როგორ ფსიქიკურ პრობლემებამდე მიჰყავს ამ პროცესს ბალერინა.
თუკი ვინსენტ კასელის პერსონაჟის სიტყვებს გავიხსენებთ, ამ ცვლილების წინაპირობა კონტროლის დაკარგვა და მოშვებაა. ამის მიღწევის პირველი ხერხი, დადგმის რეჟისორის თქმით, მასტურბაციაა. ნინა ამ რჩევას ითვალისწინებს და ვხედავთ აქტს, რომლის დროსაც შავი გედი იღვიძებს – ნინას ვარდისფერ პლუშის სათამაშოებს ახალი მეგობარი ჰყავთ.
ბალერინა მალევე მოკრავს თვალს ოთახში ჩაძინებულ დედას და მასტურბაციას შეწყვეტს. დედა არის ადამიანი, რომელიც ნინას ცვლილებას აფერხებს და ცდილობს მის თეთრ გედად დატოვებას.
ახლა კი, გადავიდეთ მეორე მნიშვნელოვან პერსონაჟზე – ლილი, ნინას მსგავსად ბალერინაა, თუმცა ეს მათი ერთადერთი საერთოა. ლილი არის ყველაფერი ის, რაც ნინას უნდა, რომ გახდეს.

სწორედ ამ დაუოკებელი სურვილის გამო, ნინა, ფილმის განმავლობაში რამდენჯერმე, ლილის სახის მაგივრად საკუთარ თავს ხედავს. ძლიერის სტრესისა და ზეწოლისგან გამოწვეული ჰალუცინაციები ნინას მთელი ფილმის მანძილზე აწუხებს და სწორედ ეს ჰალუცინაციები ასახავენ მის მეტამორფოზის პროცესს ყველაზე უკეთ.
ერთ-ერთ ეპიზოდში ვხედავთ, როგორ მიდის ნინა სახლში ლილისთან ერთად და საკუთარ დედასთან პირველად ჩხუბობს. რეალურად ლილი იქ არ იყო და ესეც მორიგი ჰალუცინაცია გახლდათ, თუმცა ნინას ცნობიერში ლილის იქ ყოფნამ, მას დედასთან დასაპირისპირებლად საჭირო სითამამე და გამბედაობა მისცა. ამ მონაკვეთში ნათლად ჩანს, თუ რამდენად შეიცვალა ნინა – მან პირველად თქვა უარი დედის დარიგების მოსმენაზე.
“გედების ტბის” სიუჟეტი ნინას ცხოვრებაში მეორდება – ნატალი პორტმანის პერსონაჟი თეთრი გედია, რომელსაც ლილი, იგივე შავი გედი, წაართმევს პრინცს – რეჟისორ ტომასს. დარენ არონოვსკი “გედების ტბის” საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამ ყველაფრის მომსწრე ნინა ავტოკატასტროფაში მოყოლილ და ლამის უკიდუროდ დარჩენილ ყოფილ დიად ბალერინასთან, ბეტ მაკინტაირთან მიდის. ამ საზარელ სცენაში ბეტი თავს ისახიჩრებს, ხოლო ნინა მის სახეზე კვლავ საკუთარ თავს დაინახავს. ნატალი პორტმანის პერსონაჟს ეშინია, რომ ბეტის ბედს გაიზიარებს.

საპრემიერო შოუს დღეს ნინა საკუთარ დედას სასტიკად უსწორდება, ის აღარ აპირებს მისი მითითებებით იცხოვროს. დედამ შვილის გამო ბალეტი დათმო, თუმცა შვილმა დედას ბალეტი არჩია. სცენაზე გასვლის წინ რეჟისორი ნინას ერთ ძალიან მკაფიო მითითებას აძლევს: “Lose yourself!” – რისი პირდაპირი თარგმანიც “მოიშორე შენი თავი!” იქნება. ბალერინა ამ მითითებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს და შუშის ნატეხით თავს ჭრილობას მიაყენებს – ის ძველ ნინას, იგივე თეთრ გედს, კლავს, თავის ტრანსფორმაციას ასრულებს და ვხედავთ როგორ გარდაისახება შავ გედად სცენაზე. ბალეტის დასასრულს ნინა აღნიშნავს, რომ იგრძნო სრულყოფილება და გედთან ერთად თავადაც კვდება….