დარენ არონოვსკის სადებიუტო ნამუშევრის გასაგებად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გეომეტრია-ალგებრის კარგად ცოდნა აუცილებელი სულაც არაა და საყმაწვილო მათემატიკითაც შეძლებთ ფონს გასვლას.
პი მენტალური პრობლემების მქონე მათემატიკოსის – მაქსიმილიან კოენის შესახებ გვიყვება, რომლიც რიცხვ π-ში კანონზომიერების პოვნას ცდილობს. ეს ძიება კი მის გონებას მთლიანად შეიპყრობს.
ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში პროფესორი სოლი, რომელმაც თავისი ცხოვრება π-ის შესწავლას მიუძღვნა, მაქსს იკარუსს ადარებს, რაც ძალიან ზუსტი პარალელია და მთელი ფილმის საერთო სურათის დანახვაში გვეხმარება.

იკარუსი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია, რომელიც მამის დარიგების საწინააღმდეგოდ წავიდა, მზესთან ზედმეტად ახლოს მიფრინდა, რამაც ფრთები გაუნადგურა და საბოლოოდ, იმსხვერპლა კიდეც. მაქსიც, პროფესორის გაფრთხილების მიუხედავად, აგრძლებს π-ის გამოკვლევას, რასაც ფატალურ შედეგამდე მიჰყავს.
იკარუსის მითთან კიდევ ერთი ძალიან აშკარა პარალელი მაქსის მიერ მოყოლილი ბავშვობის მოგონებაა. ის იხსენებს, თუ როგორ აფრთხილებდა დედა მზისთვის დიდხანს არ შეეხედა, მან კი არ მოუსმინა და შედეგად მხედველობა დაიზიანა. სწორედ ეს, ერთი შეხედვით უწყინარი ამბავი და შესაბამისად, იკარუსის მითი, არის გასაღები მაქსიმილიანის ფსიქოტიპისთვის – ის არ უსმენს სხვებს, ისახავს დიდ მიზანს და არ შეუძლია ამ მიზნისკენ სვლისას გაჩერება.

მაქსის ტვინი მისი კომპიუტერვით (სახელად ევკლიდე) არის მოწყობილი – მარტივ ამოცანებს, როგორიც მეზობელი ბავშვის მიერ შემოთავაზებული რიცხვების ერთმენთზე გამრავლება-გაყოფაა, თავს იოლად ართმევს, თუმცა როდესაც საქმე ისეთ რთულ რამეზე მიდგება, როგორიც π-ში კანონზომიერების ძებნაა, ისევე როგორ კომპიუტერი “ევკლიდე”, მაქსიმილიანის ტვინიც “გაჭედვას” იწყებს. მაქსი პერიოდულად ითიშება, ცხვირიდან სისხლი სდის, აწუხებს ჰალუცინაციები და განიცდის აუტანელ ტკივილს, ფილმის ბოლოს კი კომპიუტერივით გადაიწვება.

ეს “გადაწვის” აქტი ფილმში შემდეგნაირად არის ასახული – მაქსიმილიანი საკრის წინ დგება და ბურღით თავზე უმძიმესს ჭრილობას მიიყენებს. ამ ქმედების მიზეზების კვლევა კი ფილმის გაშიფრვაში მოგვეხმარება.

π-ის კვლევისას მაქსი გადააწყდება 216 ციფრიან რიცხვს, რომელიც მას დიდ არეულობაში გახვევს. ეს რიცხვი ანადგურებს ყველაფერს, რასთანაც კონტაქტი აქვს:
- მაქსის კომპიუტერი ამ რიცხვის გამოთვლისთანავე ითიშება
- როდესაც მაქსი ამ რიცხვის ფურცელზე ჩაწერას შეეცდება, მაშინვე გული მისდის
- სოლს, მაქსის პროფესროს, ორჯერ ჰქონდა გულის შეტევა და ეს ორივე შემთხვევა 216 ციფრიან რიცხვთან კონტაქტს უკავშირდება

მაქსიმილიანი შეძლებს ამ იდუმალი რიცხვის დამახსოვრებას და მალევე გაარკვევს, რომ ებრაული დაჯგუფება და ვოლ სტრიტის ბიზნესმენები მასზე ნადირობენ, უფრო სწორად კი 216 ციფრიან იდუმალ რიცხვზე, რომლის გამოყენებაც თავიანთი დიადი მიზნებისთვის სურთ. სწორედ ამ რიცხვის გამო, მაქსი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ის იაზრებს რამდენად მნიშვენლოვან და რამდენად სახიფათო ინფორმაციას ფლობს, ამიტომ იღებს გადაწყვეტილებას დაივიწყოს ყველაფერი. ბურღით თავის გახვრეტა სწორედ რიცხვის დავიწყების სურვილის ილუსტრაციაა.
მაქსი სიკვდილს გადაურჩება, რიცხვს ივიწყებს, თუმცა რიცხვთან ერთად მისი მათემატიკური უნარებიც ქრება. ფილმის ბოლო ეპიზოდში მაქსი პარკში მეზობელ ბავშვთან ერთად ზის და მარტივი მათემატიკური ამოცანისთვის პასუხის მოძებნა უჭირს, თუმცა ღიმილი მის სახეზე მიგვანიშნებს, რომ ის ბედნიერია და საკუთარი ქმედებას ოდნავადაც არ ნანობს.
ავტორი: ლეო მიქაია