ოთო: ჩემი და ნინას ურთიერთობა რთული და კომპლექსურია. კომიქსებთან პარალელი რომ გავავლოთ ის ადამიანი ობობაა, მე ვენომი, ის პროფესორი იქსია, მე კი მაგნეტო. ძველი ინდური ანდაზა გვეუბნება, რომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ამ გამონათქვამით ხშირად ზემოთხსენებული გმირებიც ხელმძღვანელობენ, გვერდით დებენ საკუთარ ამბიციებს და უდიდეს ბოროტებას, გაერთიანებული ძალებით სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში ეჯახებიან. დღეს ჩვენი საერთო მტერი იქს-ადამიანების უკანასკნელი ნაწილი ბნელი ფენიქსი გახლავთ. თქვენამდე რომ მოგვეტანა ეს სტატია, საკუთარ ცნობიერს უდიდესი ზიანი მივაყენეთ და კინოთეატრში ბოლომდე დავრჩით. რაც დარბაზში მოხდა, ჩვენთვის მარტივი გასახსენებელი არ არის, ტკივილის გაქარწყლებას არაერთი ჭიქა და ჯოინთი შეეწირა.
ნინა: არ მეგონა, ოდესმე მე და ოთო ერთ აზრზე თუ ვიქნებოდით, თუმცა ეტყობა ეს შავი დღეც დადგა და აგერ, ერთ სტატიაზე ვმუშაობთ. ეტაპობრივად რომ მივყვეთ, ვიხსენებ, რომ კინოთეატრში მისვლამდე ჯერ შავი კატა შემხვდა და მთელი გზა მომყვებოდა, მერე ოთომ სეანსზე დაიგვიანა და სხვას გადააბრალა (რა თქმა უნდა). ანუ საღამოს დასაწყისი კარგს არაფერს მოასწავლიდა. ახლა შემიძლია ფილმზეც გადავიდე, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არც ვიცი რამე მაქვს თუ არა სათქმელი, რადგან მთელი ფილმი უბრალოდ ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ ვიღაცის არც თუ ისე სასაცილო ხუმრობა…
ოთო: მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იყო შემთხვევები, როდესაც უკან დახეული გერმანელი ჯარისკაცები ტყვეთა ბანაკებში განზრახ მოწამლულ არაყს ტოვებდნენ, რათა განმათავისუფლებლები და ყოფილი პატიმრები გაენადგურებინათ. ანალოგიურად თივაზე შემომჯდარი ძაღლივით მოიქცნენ ბნელი ფენიქსის სცენარის ავტორები, როდესაც გაიგეს, რომ Fox სტუდია Disney-ს მფლობელობაში გადადის, დაგვიტოვეს მოწამლული ბლოკბასტერი, იმაზე კი არ იფიქრეს, რომ მიკი მაუსის კომპანიასთან ერთად ათიათასობით კომიქსის მოყვარულიც დააზარალეს და ოცწლიანი ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო ფილმით დაასრულეს. მსახიობებისა და პერსონაჟების შესახებ ერთ-ორ სიტყვას ნინა გეტყვით.
ნინა: შემიძლია ვთქვა, რომ მსახიობები და პერსონაჟები არანაკლებ სამარცხვინოები იყვნენ. დავიწყოთ პროფესორი ქსავიერით, რომელსაც ჯეიმს მაკევოი ასრულებს. როგორ მოახერხეს ფილმის შემქმნელებმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მუტანტი, რომელიც სიკეთისთვისა და ლიბერალური იდეებისთვის იბრძვის, ექციათ ერთ ყოვლად გამოუსადეგარ ეგოცენტრიკად დღემდე ვერ გამიგია. იმ სცენის დროს, როდესაც ფენიქსის ძალის გამოყენებით, ჯინ გრეი მას კიბეებზე ამოსვლას დააძალებს, საერთოდ იმდენად გულისამრევი იყო, რომ პოპკორნი, რომელიც ერთადერთი ხალისი იყო ფილმის ნახვისას, არ დავინანე და ეკრანს ვესროლე. (არა არ მისვრია, ვერ გავიმეტე, მაგრამ ვაპირებდი!) იქს-ადამიანების დანარჩენი გუნდი საერთოდ მთელი ფილმი იმანჭებოდა, ხელებს იქნევდა და ზოგადად, არაფერი აზრიანი გაუკეთებიათ, თუმცა ისიცაა, რომ ასეთ უაზრო ფილმში აზრიანის გაკეთება ალბათ შეუძლებელი იყო… რაც შეეხება ჯესიკა ჩესტეინს… დიდხანს ვცდილობდი ამომეხსნა მისი პერსონაჟის ფუნქცია, წარმომავლობა, მიზანი. თუმცა, მეგობრებო, ამაზე ფიქრი უაზრო დროის ხარჯვაა. ჯესიკა ჩესტეინის პერსონაჟი, რომლის სახელი არც კი ვიცი, უბრალოდ გაჩნდა, გადაწყვიტა, რომ პლანეტის განადგურება უნდა, ამისთვის ფენიქსის ძალა სჭირდებოდა, არ გამოუვიდა და მოკვდა. მორჩა კინო, დავიშალეთ. ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ფილმში ადეკვატური შესაძლებლობები და ფუნქციები აქვს, არის მაგნეტო, თუმცა ისევ და ისევ, ყველაფერი შედარებითია…ალბათ ოთო დამეთანხმება იმაში, რომ ასეთი კარგი სამსახიობო ანსამბლით ასეთი დაბალი დონის პროდუქტის შექმნისთვის, რეჟისორს ძალიან დიდი მონდომება და ნიჭი დასჭირდა, რაც აუცილებლად უნდა დავუფასოთ…
ოთო: ვადასტურებ ზემოთ წარმოთქმულ მოსაზრებებს და კიდევ დავამატებთ, რომ ცუდი სცენარისა და ბანძი პერფომანსის გარდა ბნელი ფენიქსი ვიზუალური ეფექტების განსაკუთრებული სიღარიბითაც გამოირჩევა. მსგავსი CGI ალბათ 10-15 წლის წინ უკვე დრომოჭმული იყო. ერთადერთი სცენა, რომელზეც გული არ ამრევია, მაგნეტოსთვის საკუთარი მუზარადის ერთ ადგილას გატენვა იყო. მეტი არ მახსენდება, ნინა ხომ არ დაამატებდი რამეს?
ნინა: ამ ყველაფრის გახსენება ისედაც ზედმეტად მძიმე და მტკივნეული იყო, მგონი, ჯობს მოვრჩეთ ამჯერად. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბნელი ფენიქსის მსხვერპლი და უემოციო ჯესიკა ჩესტეინს, ჰიპად ქცეულ მაგნეტოს, ნარცის პროფესორ ქსავიერსა და შტერ გოგოდ გამოყვანილ ჯინ გრეის თქვენი ფსიქიკა არ შეურყევია ისევე, როგორც ჩვენი, მაშინ შეგიძლიათ გვენდოთ და საკუთარი ცხოვრების 2 საათი ამ არაფრის მომცემ სანახაობაზე არ დახარჯოთ. ნება თქვენი, აზრი ჩვენი. იმედი გვაქვს, რომ დისნეი მაინც შეძლებს და იქს-ადამიანებზე რეალურად კარგ ფილმებს გვაჩუქებს ახლო მომავალში…
და თუ დისნეიც ვერ გაამართლებს ჩვენ მოლოდინებს, მე და ოთო სულ მზად ვართ, რომ კვლავ გავერთიანდეთ და დავზოგოთ თქვენი დრო და ნერვები…