დღეს, ჩვენი რუბრიკის სტუმარია, ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, სალომე უგულავა, რომელიც თავის კინოგემოვნებაზე ისაუბრებს.
ფილმი, რომელიც შენთვის პროტესტთან იგივდება არის…
პროტესტზე, პირველ რიგში, ბერტოლუჩის მეოცნებენი მახსენდება – არა მაინდამაინც შინაარსის, უფრო ვიზუალური შთაბეჭდილების და ატმოსფეროს გამო, რასაც ასახავს. კინოში პროტესტის ისტორიის გადმოცემა რომ დამავალონ, აუცილებლად მოხვდებოდა ამ ფილმიდან კადრები.
წარწერა ფოტოზე: “წიგნები და არა თოფები. კულტურა და არა ძალმომრეობა “
რომელი ფილმის დროსა და სივრცეში იცხოვრებდი?
საქართველოს გარდა თუ სადმე ცხოვრებაზე მიფიქრია, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად – ნიუ იორკში. პასუხი მარტივია, ამ ქალაქს ყველაფერი აქვს, რაც ერთმა ქალაქმა შეიძლება დაიტიოს და ცოტა მეტიც. ვიცხოვრე კიდეც ერთი წელი, თუმცა ვიცოდი, უკან, საქართველოში, დავბრუნდებოდი, ამიტომ, მაინც სტუმრად ვთვლიდი თავს. უკან დაბრუნებას არ ვნანობ. ახლა საქართველოში ცხოვრება მირჩევნია. უფრო საინტერესოა ჩემთვის, ბევრი რამე იცვლება და თავს ამ ცვლილებების ნაწილად ვთვლი. ასე რომ, მომწონს ის დრო და სივრცე, რომელშიც ვცხოვრობ.
თუმცა, თუ მაინც სხვა უნდა ავირჩიო, ისევ ნიუ იორკისკენ გამიწევს გული. ჰოდა, ნიუ იორკი ყველაზე კარგი ვუდი ალენის ფილმებშია. ენი ჰოლის ნიუ იორკში ვიცხოვრებდი – ბევრს ვივლიდი ფეხით, მექნებოდა საყვარელი ადგილები, რომელსაც სხვები რთულად აგნებენ, მეყოლებოდა თერაპისტი, რომელიც, ჩემი აზრით, ცუდ რჩევებს მაძლევს და მე უკეთ ვიცი, მექნებოდა ნევროტული ურთიერთობები უცნაურ და ნიჭიერ ადამიანებთან და თან ვეცდებოდი, თავი ისე დამეჭირა, თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებ – “Darling, I’ve been killing spiders since I was thirty, OK? 🙂 ”
რომელ ფილმშია თქვენთვის საუკეთესოდ გადმოცემული სამართლიანობის, თავისუფლების და თანასწორობის იდეები?
ერთ ასეთ ფილმს ვერ ვასახელებ, რომელიც ამ ყოველივეს საუკეთესოდ აერთიანებს. ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას მახსენდება – წიგნიც ძალიან კარგია და ფილმიც. ალბათ, იმიტომ გამახსენდა, რომ ეს წიგნიც და ფილმიც მთავარს, ადამიანების სიყვარულს ეხება – მიუხედავად მათი განსხვავებულობისა ნებისმიერი ნიშნით. ამ მიმართულებით გვიჭირს საქართველოშიც, განსხვავებულობის და რელიგიის სახელით ადამიანების დევნა ხომ ჩვენი ყოველდღიურობის სევდიანი, უსამართლო და გასაბრაზებელი ნაწილია.
ერთი კინოპერსონაჟი რომ შეგყვარებოდა, ვინ იქნებოდა ის და რატომ?
ერთის არჩევა ყოველთვის ყველაზე რთულია. პირველი ვინ მახსენდება, შეშლილების დონ დრეიპერია. ეგ შემიყვარდებოდა, ალბათ. მართალია, სერიალის პერსონაჟია, მაგრამ სიღრმით კარგ ლიტერატურულ პერსონაჟს არ ჩამორჩება. უზომოდ ნიჭიერი, ჭკვიანი, ემოციურად მიუწვდომელი, ძალიან ბევრი საიდუმლოთი – კლასიკური ფორმულაა, რომ პერსონაჟი მოგეწონოს, ამას ემატება მსახიობის ქარიზმა. თუმცა, მისი აროგანტულობა, ცინიზმი და ბევრი ღალატი დონ დრეპერის, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მიმზიდველი მხარეებია. რიგ ეპიზოდებში მძულდა კიდეც. რეალურ ცხოვრებაში გამიჭირდებოდა მისი ქცევების გაგება და მისი შეყვარებაც აშკარად არასწორი არჩევანი იქნებოდა :დ
ფილმი, რომელიც ჟურნალისტის პროფესიის სირთულეებსა და ნიუანსებს საუკეთესოდ აღწერდა, არის …
ორი ფილმი მახსენდება, ორივე საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე. პრეზიდენტის მთელი გარემოცვა კლასიკაა, მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტურ გამოძიებაზე უოტერგეიტის სკანდალის გარშემო. ალბათ, ბევრი ახსნა არც დამჭირდება, თუ რატომ ხსნის პროფესიის სირთულეებს და ნიუანსებს საუკეთესოდ ფილმი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ამხილა. საბოლოოდ, პრეზიდენტი ნიქსონის პრეზიდენტობა გადაყვა კიდეც ამ სკანდალს. ფილმი კარგად აღწერს განსაკუთრებით წყაროებთან მუშაობის და ინფორმაციის გადამოწმების სირთულეებს. გამოძიების ერთერთი შემოქმედი, ბობ ვუდვარდი, ერთხელ შემთხვევით ვნახე CNN-ის შენობაში და როკ ვარსკვლავთან შეხვედრასავით ამაღელვებელი იყო.
მეორე ფილმი ახალია, ყურადღების ცენტრში, ბოსტონ გლოუბის ასევე ლეგანდარული გამოძიების შესახებ უკიდურესად ფაქიზ თემაზე, რაც კათოლიკე ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას და კვალის დაფარვას შეეხება. ფილმი კარგად აჩვენებს, თუ როგორი რთულია ასეთ თემაზე მუშაობა. გამოძიება მტკიცე ნერვების, დიდი მოტივაციის, სიფრთხილის, გამძლეობის, სიჯიუტის, პროფესიონალიზმის, გამოცდილების და კიდევ ბევრი რამის ნაზავს მოითხოვდა.
შეუძლებელია ამ ორმა ფილმმა ჟურნალისტი არ შთააგონოს. საგამოძიებო ჟურნალიტიკაც პროფესიის ყველაზე პატივსაცემი მიმართულება მგონია, რადგან ამ პროფესიის მთავარ მიზანს ემსახურება – ძალაუფლების მქონეების და სისტემური პრობლემების/დანაშაულების მხილებას.