ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
“ფილმი, რომლის გადაღებაზეც ყოველთვის ვოცნებობდი”
ამგვარად ახასიათებს მის ბოლო ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი ალფონსო კუარონი, რომელიც გრავიტაციის გამოსვლიდან 4წლის შემდეგ დაბრუნდა კინოასპარეზზე. ROMA წარმოადგენს უბანს მეხიკოში, ხოლო ფილმი-არაჩვეულებრივ, ამაღელვებელ ტრაგიკომედიას ორ ქალზე (მოსამსახურე კლეო და მისი ქალბატონი სენიორა სოფია) რომელიც პატრიარქატის აბსურდულ სამყაროში ცდილობენ გააგრძელონ წინსვლა.
“ჩვენ, ქალები ყოველთვის მარტონი ვართ.”
ეუბნება სოფია კლეოს, როდესაც დიდხნიანი ქორწინების შემდეგ ქმარი გადაწყვეტს მის მიტოვებას. ამ დროს ფაქტობრივად შეუძლებელია არ გაგვახსენდეს დასაწყისი ვირჯინია ვულფის მისის დოლოუეიდან – “მისის დოლოუეიმ თქვა რომ დღეს თავად იყიდდა ყვავილებს”.
კუარონის თქმით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგანაც ფილმი ეფუძნება მის ბიოგრაფიასა და ბავშვობის მოგონებებს, რომელიც 60-70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობს. დიდი გამბედაობაა საჭირო, საკუთარი ბიოგრაფია სააშკარაოზე გამოიტანო და ამავდროულად, გმირების ფსიქოპორტრეტები განავითარო იმ დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, რომელიც 70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობდა. მართალია, ფილმის განმავლობაში პოლიტიკურ ფონს ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ კუარონი მაინც ახერხებს გარკვეული, პირდაპირი აქცენტების დასმას.
როდესაც 1968 წელს მექსიკაში სტუდენტური მოძრაობა გამოვიდა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ისინი ითხოვდნენ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ასევე აპროტესტებდნენ 1968წლის ოლიმპიურ თამაშებზე (1968წლის ოლიმპიური თამაშები მეხიკოში გაიმართა) კოლოსალური თანხების დახარჯვას მთავრობის მხრიდან, მაშინ როდესაც მეხიკოს მოსახლეობის უმეტესობა სიდუხჭირეში იმყოფებოდა. სტუდენტები ითხოვდნენ ახალ, დემოკრატიულ წესრიგს, მათი დემონსტრაციები კი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცეოდა. პროტესტს მხარს უჭერდნენ მშრომელები, მუშები, ფერმერები, არტისტები, პროფესორები. მეხიკოს ცენტრში გაიმართა 10-ათასიანი მიტინგი. რა თქმა უნდა, პოლიციამ ვერ შეძლო მომიტინგეების დაშლა, ამიტომაც ხელისუფლებამ არმიას უხმო და 1968 წლის 2 ოქტომბერს, თამაშების გახსნამდე ათი დღით ადრე, სამხედროებმა მიტინგი დაარბიეს. გალეანას ოპერაციის დროს 250-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი დაიჭრა. თავად კუარონი თავდაპირველ მინიშნებებს ბავშვების ოთახში გაკრული 1968წლის მსოფლიო ოლიმპიადის პოსტერებით გვაძლევს, ხოლო ამ ხაზის განვითარებას ფილმის მიმდინარეობის ბოლოში ვხედავთ.

ხოცვა-ჟლეტის გადმოცემისას ეკრანზე რეჟისორის კამერა არცერთი წამით ჩერდება. ფილმის პირველი საათნახევრის შემდეგ კუარონი საოცარი ოსტატობით წარმოგვიჩენს მიმდინარე დაძაბულ, სიხლიან ფონს (ამ დაძაბულ სცენებში ნამდვილად იგრძნობა რაღაც სკორსეზესეული) და ახერხებს მის უკანაკსნელ ნამუშევარ – “გრავიტაციასთან” დაბრუნებას. გასაოცარია კადრი, როდესაც კამერა მშობიარე კლეოს მიყვება, თუმცა ამ დროს რეჟისორი მთავარი გმირის დრამაზე ბევრად უფრო მასშტაბურს უბრუნდება, კერძოდ გარემოს, რომელიც გეენიის ცეცხლშია დათქმული უმისამართო ტყვიებით და მგლოვიარე პერსონაჟის სახით, რომელსაც მომაკვდავი ჩაუბღუჯავს, ხმამაღლა ყვირის: “რატომ?!”, შემდეგ ფოკუსი კვლავ ამ არეულობაში მოყოლილ ქალებზე ბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ოპერატორი თავად ალფონსო კუარონია, ხოლო მისი დისტრიბუტორი კომპანია NETFLIX. დასანანია, რომ ამგვარი კინემატოგრაფიული ნამუშევრის დიდ ეკრანზე ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა ფართო მაყურებელს და არ ჩაეშვა კინოგაქირავებაში.
რეჟისორმა გადაწყვიტა 60-70იანი წლების აურის გასამძაფრებლად შავ-თეთრი კინო გადაეღო, რაც ნამდვილად სწორი ჩანაფიქრი იყო, რომლის განხორციელებაც წარმატებულად შეძლო. ფილმის დიალოგები და ვიზუალი, იმდენად მომნუსხავია და ჰარმონიული, რომ ის თავად ქმნის საკუთარ მუსიკას (თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში ჩვენი ყური ტკბება კლასიკური ნაწარმოებებითა და მექსიკური ფოლკლორის ნიმუშებით).

ROMA იწყება სცენით, როდესაც ადგილობრივი, მექსიკელი მოსამსახურე, წმენდს და რეცხავს ფილებს. შემდეგი კადრები მის ყოველდღიურ საქმიანობას აღწერს: სადაც ის ალაგებს, წმენდს, უვლის ბავშვებს და ემსახურება ესპანურენოვან ოჯახს, რომელთა წარმოშობაც ცხადია, რომ მექსიკიდან არაა. კლეო კვლავ ვალერიანის როლს ასრულებს საშუალო კლასისთვის, რაც მოსამსახურეებისთვის თითქოს დაუწერელ კანონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სოფია ზრუნავს ბავშვებზე შავი სამუშაო მაინც კლეოსა და მეორე მოახლის ადელას კისერზეა.
ახლო, ფართო ხედების და მჭვრეტელობითი კამერის მეშვეობით კუარონი ახერხებს მაქსიმალურად დინამიკური გამოსახულების შექმნას ეკრანზე, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ თვალებგაფაციცებული, დახარბებული მიჩერებიხარ პატარა ეკრანს და იწვი სურვილით, რომ გამოსახულება დიდ ეკრანზე გენახა.

როდესაც კლეო სარეცხს ხელით რეცხავს, მის მზრუნველობაში მყოფი ორი ბავშვი ომობანას თამაშობს, სადაც ერთ-ერთი მათგანი “მოკვდება” და მწოლიარე მზეს მიეფიცხება. ამ კადრის დროს შავ-თეთრი მონიტორი მზითაა გამთბარი, ოღონდ მემგონი რთული იქნება თქმა, მზე ბავშვისგან მოდის, თუ მართლაც ასეთი მცხუნვარეა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ კადრის დრამატურგიული განვითარება. პატარასთან მისული კლეო კითხულობს თუ რა ჭირს, რაზეც გარკვეულ პერიოდში სრული სიჩუმეა, საბოლოოდ, აღსაზრდელი პასუხობს რომ მკვდარია და არ შეუძლია მასთან საუბარი. კლეო მასთან ერთად გაწვება და განაცხადებს, რომ ისიც “მოკვდა”, რამდენიმე წამში კი ამატებს “მე მომწონს ვიყო მკვდარი”.

ამის შემდეგ გამოსახულება გადადის საერთო ფონზე, სადაც ვხედავთ სამეზობლოში მომუშავე ადგილობრივებს. კუარონი აკეთებს მინიშნებას, რომ მიუხედავად კეთილ ოჯახში მოხვედრილი მოსამსახურისა, მას მაინც შავი და მძიმე საქმიანობა ევალება. ისმის კითხვა: არის კი ეს ადგილობრივი მუშახელის წინასწარგანსაზღვრული ხვედრი? სულ მალე კლეოს საქმიანობას პატრიარქატის ძალაუფლების პრეზენტაცია ფარავს. სენიორა სოფიას ქმარი სენიორ ანტონიო თავისი უშველებელი მანქანით ცდილობს ქალებისა და ბავშვების სამყაროში შეჭრას (ფილმის მეთხუთმეტე წუთის კადრი, სადაც კლასიკური მუსიკის ფონზე მანქანა ზუსტად მილიმეტრებში გათვლილი სიზუსტით ახერხებს ეზოში შეღწევას, ნამდვილი სამოთხე იქნება პერფექციონისტებისთვის).

ოჯახის უფროსი გამუდმებით მუდმივ მოგზაურობაში და მივლინებაში იმყოფება. საქმიანი კაცი პრეტენზიებით – სწორედ ამ როლს თამაშობს სოფიას ქმარი ფილმის განმავლობაში.
ქმრისგან მიტოვებულ სოფიაზე უკეთეს მდგომარეობაში არც კლეოა. მას ჰყავს მასკულინობისა და მაჩოობის თვალსაჩინო წარმომადგენელი მეგობარი მამაკაცი ფერმინი. გაიგებს რა ფერმინი, რომ კლეო ფეხმძიმედაა მის მიტოვებას გადაწყვეტს, ხოლო შემდეგ კუარონი მძიმე დრამატურგიულ განვითარებას პატარა არსების სიკვდილით აგვირგვინებს. საოცარია კადრი, როდესაც კლეო ფერმინის სანახავად მიდის ერთ-ერთ ვარჯიშზე, სადაც მისი მწვრთნელი “მეომრებს” აყალიბებს. როდესაც მათ მასწავლებელი მოთხოვს კონცენტრაციის ვარჯიშის შესრულებას, რაც სხეულისა და სულის ჰარმონიულობაზე მიანიშნებს, მხოლოდ ფეხმძიმე კლეო ახერხებს ამას, “მებრძოლი” მამაკაცების გარემოში. ბუნებრივი განათებითა და ფართო ხედებით რეჟისორი გვიყვება ამბავს სადაც ნამდვილი “მეომრები” არიან ადამიანები, რომლებსაც კვლავ გააჩნიათ ემოციები.

პრივილეგირებული ოჯახი როდესაც მექსიკის სანაპიროზე ტალღებისკენ მიემართება კლეო კვლავ უკან რჩება, მისთვის ხომ არასდროს არავის უსწავლებია ცურვა. ხოლო როდესაც მას წყალში შესვლა და თავისი აღსაზრდელების გადარჩენა უწევს, ის წუხს თავის დაბადებულ მკვდარ შვილზე, რომლის გაჩენაც თავადაც არ სურდა. “საბრალო, პატარა არსება” მოსთქვამს ის. საოცარია სანაპიროზე განათებული კადრი, სადაც ოჯახის დიასახლისი და პატარები ერთობლივად ჩამოჰკიდებიან კლეოს, ის კი ფილმის მიმდინარეობისას პირველად იჩენს “სისუსტეს” და საუბრობს საკუთარ ემოციებზე, ალბათ იმიტომ, რომ იმ დროს თითოეული მათგანი ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან.

საით აქვს გეზი აღებული კუარონის თვითმფრინავს, უცნობად რჩება…
სამაგიეროდ, ცნობილია რომ “რომა” ოქროს გლობუსის მფლობელია და ოსკარის 10 ნომინაციაზეა წარდგენილი. რეჟისორმა მოახერხა, ფილმის, არათუ როგორც შავ-თეთრი კინემატოგრაფის შენარჩუნება, არამედ მისი დელიკატურად დაბრუნება ეკრანებზე. მასში გაშლილი სიუჟეტი, რომელიც დინამიკურად ვითარდება გარემო ფაქტორების აღწერილობით, თავს იყრის პერსონაჟთა ფსიქოპორტრეტებში და იკვრება ფილმის მთავარ ხაზში – რომელიც თავად რეჟისორის ბავშვობის განცდებს უკავშირდება. კუარონი ეხება რა გლობალურ პრობლემატიკას წარსული ნარატივების გახსენებით, ამავდროულად ახერხებს ყველაზე ადამიანური ხერხით-გულწრფელობით მაყურებლის მონუსხვასა და მთავარი სათქმელის გადმოცემას. ემოციები ROMA-ს მთავარი მედიუმია მაყურებლისთვის სათქმელის გაზიარებაში. სწორედ ამიტომაც, იმსახურებს ეს ფილმი ჯილდოზე უფრო მთავარს – ჩვენს სიყვარულს.