ამჯერად, რუბრიკაში #კინოდღიურები, ლიტერატურის კრიტიკოსი, რა?სად?როდის? კლუბის ახალგაზრდა წევრი და ისტორიის მასწავლებელი, ნიკოლოზ აგლაძე საკუთარ კინოშეხედულებებს გაგვაცნობს
ერთი ფილმი, რომელსაც ყველა აქებს, თქვენ კი გააკრიტიკებდით (ან პირიქით) არის …
მგონი, ასეთი ფილმი არ არსებობს. არა, სერიოზულად, პირიქით უფრო ხდება. აი, მაგალითად, ლა-ლა ლენდზე წავედი ცხონებულ კინოთეატრ რუსთაველში, ბევრი აკრიტიკებდა, მე კი ძალიანაც მომეწონა. ვიჯექი, ვუყურებდი, მერე რაღაცები ვიფიქრე კიდეც, პოსტმოდერნულ წაკითხვებში გავივარჯიშე, ერთი-ორმა სასკოლო თემამაც გამიელვა თავში: „რა იყო ფილმის რეჟისორის მთავარი სათქმელი“, ან „ქალის სახეები ფილმში“. სერიოზულად რომ ვთქვა, კიდეც გავერთე და კიდეც მნიშვნელოვან საკითხებზე დავფიქრდი, რაც იშვიათად ხდება.
ნებისმიერი 6 მსახიობისგან რა?სად?როდის? გუნდის შეკვრა რომ შეგეძლოთ, ვის აირჩევდით?
ესეც საკმაოდ რთული შეკითხვაა… ალბათ, შერონ სთოუნს ავირჩევდი, სადღაც ამოვიკითხე, რომ მაღალი IQ აქვს. რობერტ რედფორდსა და პოლ ნიუმანს – თან კარგად შეთამაშებული წყვილია, თან ამ ორის ეკრანებზე გამოჩენის მერე, რაზე გასცემენ პასუხს მეორე პლანის საკითხი გახდება. ლოურენს ოლივიესა და მაიკლ კეინს – საკითხების ერთმანეთში განხილვის ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ, აი, თუნდაც ფილმი „თამაში გავარდნაზე” გავიხსენოთ და კაპიტნად ამ ხუთეულს, ალბათ, ინტუიტიურ და ექსტრავაგანტულ მსახიობს შევურჩევდი. აი, ვთქვათ, სამოციანებუს ჟანა მოროს – რომ თითქოს, არაფერი იცოდეს, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდეს.
თქვენთვის ყველაზე საყვარელი მხატვრული ფილმი, რომელიც რეალურ ისტორიულ მოვლენებზეა გადაღებული არის…
საერთოდ, ისტოირულ ფაქტებზე, მით უფრო, „რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული“ ფილმები, რატომღაც, დიდად არ მიყვარს. ხშირად კი არ მაახლოვებენ, არამედ პირიქით, მაშორებენ მოვლენის აღქმას, განცდას. აი, ცალკე ისტორიული მოვლენა იწყებს არსებობას და ცალკე – მისი კინოვერსია. თუმცა, არსებობს გამოანაკლისებიც. ასე, ძალიან მიყვარს სპენსერ ტრეისის მონაწილეობით ძველისძველი ფილმი „მემკვიდრეობითი ქარი“, რომელიც ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის დღევანდელი საქართველოსთვის ძალიან აქტუალურ, მნიშვნელოვან მოვლენას, მაიმუნის პროცესს ეხება. ბევრი მიფიქრია, რატომ, და ორი ახსნა მაფიქრდება: მინიმალიზმი – ძირითადად სასამართლო დარბაზში მიმდინარე მოვნელებია ასახული; და მეორე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი – მშვენიერი, ყველაფრის განმკურნებელი და ყველაფერთან შემრიგებელი უიმორი, ზოგჯერ კი სარკაზმიც.
არსებობს თუ არა კარგი ეკრანიზაცია და თუ არა, თქვენი აზრით, რატომ არის რთული კარგი ეკრანიზაციის გადაღება?
იმიტომ არის რთული, რომ წიგნი ძალიან დიდ სივრცეს უტოვებს ადამიანის წარმოსახვას და, ამავე დროს, წიგნში ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება იყოს გადმოცემული. ეს ორი მხარე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კარგ ეკრანიზაციას. ერთდროულად დაემთხვე ყველას წარმოსახვას, ალბათ, შეუძლებელია და ყველა დეტალის ასახვა და ყველა სიუჟეტური ხაზის გადმოცემა ხომ მით უფრო. ამიტომ, არის ორი ვარიანტი, გააკეთო ფილმი ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებზე, ერთგვარი არა-ეკრანიზაცია, ან მეორე – ჩემი აზრით, იმთავითვე განწირული მცდელობა, მაინც შეეჭიდო და ყველაფერი გადმოსცე. პირველი, ვფიქრობ, უფრო არის წარმატების შანსის მატარებელი, რამდგან, შესაძლოა არა კარგი ეკრანიზაცია, არამედ საინტერესო ფილმი გამოვიდეს. მახსენდება კირილ სერებრიანიკოვის ფილმი „მსხერპლის თამაში“, რომელიც ჰამლეტის მოტივებზე გადაღებული არც თუ ურიგო „შავი“ კომედია გამოდგა, თუმცა ლიტერატურულ პირველწყაროსთან ძალიან ცოტა თუ დარჩა საერთო.
ნებისმიერ ერთ კინო რეჟისორთან რომ შეგეძლოთ დღის გატარება, ვინ იქნებოდა ის?
სადმე სკანდინავიურ ბუნებაში გავისეირნებდი, ცოტას დავლევდი და აუცილებლად ჭადრაკს ვითამაშებდი ინგმარ ბერგმანთან. მერე რა, რომ ცუდად ვთამაშობ.