ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში, ახალგზრდა, ნიჭიერი მწერლისა და რეჟისორის, ასევე სერიალ “ტიფლისის” სცენარისტის, ივა ფეზუაშვილის #კინოდღიურებს გთავაზობთ
თქვენი აზრით ყველა დროის საუკეთესო ეკრანიზაცია იყო… ?
აბა, ამაზე ერთი პასუხი როგორ გაგცე? რამდენიც გინდა იმდენი საოცარი ეკრანიზაციაა, ჰარი პოტერი, ბეჭდების მბრძანებელი, მოხუცების ადგილი აქ არ არის, ნემსზე, მებრძოლთა კლუბი ეს რაც უცებ გამახსენდა… მოდი როგორ დავავიწროვოთ იცით, აი წიგნად დიდად რომ არ ვარგოდა და ფილმად უკეთესი რომელიცაა ის ვთქვათ და შორსაც რომ არ წავიდეთ ბარემ ზემოთ ჩამოთვლილებიდან “მოხუცების ადგილი აქ არ არის” ავირჩიოთ, წიგნად მთლად მაკულატურააო ვერ იტყვი, მაგრამ ფილმად რომ ბევრად უკეთესი გამოვიდა ეგეც ფაქტია…
რომელი წიგნის ეკრანიზაციას გადაიღებდით?
ერლენდ ლუს „ნაივური სუპერი“ და „დოპლერი“ კარგად გაერთიანდება მგონი. პირველ ნაწილში „ნაივური სუპერის“ დიდი დეპრესია იქნებოდა და მერე გავუშვებდი ამ მთავარ გმირს ტყეში-ღრეში და ლოსებთან დავამეგობრებდი. კარგი წიგნებია, რაღაცნაირად ერთ ხაზს მიყვება – მთავარი გმირი ადამიანებთან და სამყაროსთან კავშირს კარგავს, ხვდება რომ ის ყოველდღიურობა, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან მომაბეზრებელი, ყალბი და უინტერესოა. თან ერლენდ ლუს ძალიან კარგი იუმორით აქვს ეს ყველაფერი მოყოლილი. ერთი სცენა მახსენდება დოპლერიდან, მთავარი გმირი სახლში ბრუნდება და მძარცველი ხვდება, მთელი ღამე ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამზე ლაპარაკობენ, ძალიან ორიგინალური, სასაცილო და საინტერესო სცენაა. ხოდა თანამედროვე ევროპული კინო, იმიტომ რომ სოციალურ თემებს შეეხოს, მეტწილად დრამაზეა ჩაციკლული, არადა ცოტა იუმორით და ირონიითაც შეიძლება ე მაგ პრობლემებზე მოყოლა. არა? რატომაც არა!
უკვე არსებული ფილმის რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდით?
პირველი სპაიკ ლი და ოცდამეხუთე საათი მახსენდება, ესმის კაცს ნარატივის მუღამი და სიყვარული, ჩემი ტექსტები კიდე რაღაცით გავს ედვარდ ნორტონის საფინალო Flow-ს. აი „ფსკერის სახარებას“ დიდი სიამოვნებით მივცემდი ძველ, “Enter the void” – ის დროინდელ გასპარ ნოეს. მოუხდება თბილისის მიწისქვეშეთს ფსიქოდელიური განწყობები.
ფილმი, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა თქვენში
სამწუხაროდ (ან საბედნიეროდ) ფილმები და წიგნები კი არა, მგონი რეალური მოვლენებიც აღარ მცვლიან. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ სადღაც სტუდენტობაში უნდა ვეძებოთ, სადაც ისე მოხდა რომ პირველ კურსზე ფრანგული ახალი ტალღის ფილმებს გვაჩვენებდნენ და მაგ ახალ ტალღაში კიდე გოდარი რომ იყო კი იცით. ხოდა ალბათ გოდარი იყო ის კაცი ვინც რაღაცეები შეცვალა ჩემში, უფრო სწორად ჩემს კინო აღქმაში. იქამდე ნამეტანი აკადემიური ფილმებით ვიყავი გართული და უცებ აღმოჩნდა რომ არსებობდნენ ადამიანები რომლებსაც იმდენი გამბედაობა ჰყოფნიდათ რომ მათ პერსონაჟებს ლუვრში ერბინათ, ფილმიდან რამდენიმე წუთით საერთოდ ამოეღოთ ხმა და საკუთარი ფილმში, თვითონვე შეესრულებინათ კამეო რომელიც, ფილმს დრამატურგიულად შეკრავდა და კულმინაციურ ფაზაში გადაყვანდა.
გამონათქვამი ფილმიდან, რომელიც მუდამ გახსოვთ
Hasta la vista, baby/ лапша я поскользнулся/ With great power comes great responsibility – უცებ ეს სამი სისულელე გამახსენდა. აი მართლა საინტერესო ნარატივი რაც მახსენდება პოლ ოსტერის და ვეინი ვონგის Smoke იდან არის როცა უილიამ ჰარტის პერსონაჟი (პოლ ბენჟამინი) ჰარვი კეიტელის პერსონაჟს (ოგის) ვოლტერ რეილიზე და ბოლის აწონის თეორიაზე უყვება.