დღეს ახალ რუბრიკას ერთხელ ჰოლივუდში ვიწყებ და სიმბოლურია, რომ პირველ სტატიას ერთადერთსა და განუმეორებელ მერილ სტრიპზე ვწერ — ყველამ კარგად იცის ჩემი უსაზღვრო გრძნობების შესახებ, რომელიც კინოსამყაროს ყველაზე ტიტულოვანი მსახიობის მიმართ მაქვს.
ღმერთი რომ ქალი იყოს, და ვინ იცის, იქნებ არის კიდეც, ის უეჭველად მერილ სტრიპი იქნებოდა და ეს ეჭვგარეშეა. აბა, სხვანაირად შეუძლებელია ერთ ადამიანში ერთდროულად იყოს გაერთიანებული ყველაფერი ის, რაც საბოლოოდ სამი ოსკარის მფლობელ მსახიობს, ფაქტობრივად, უკონკურენტოს ხდის.
მერილმა, რომელსაც 22 ივნისს, 70 წელი შეუსრულდა, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ფენომენია. ჰოლივუდელები ხშირად ხუმრობენ, რომ სტრიპის სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება, თუმცა, მე მაინც შევეცდები ის რამდენიმე მიზეზი გაგახსენოთ, რომელიც კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო შეგაყვარებთ მას.
ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის
მერილ სტრიპი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის ერაში დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. მსახიობმა, რამდენიმე საერთაშორისო ფონდის დონორობა აიღო საკუთარ თავზე და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მსოფლიოში ქალთა სიღარიბის დაძლევის მოთხოვნით არაერთი საერთაშორისო კამპანიას ჩაუდგა სათავეში. საბოლოოდ, სწორედ მათ შეიმუშავეს ქალთა სიღარიბის დაძლევის პროგრამა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარესთან ნიკოზაანა დლამნიან-ზუმასთან შეხვედრის დროს.
გარდა ამისა, მერილმა 40 წელს გადაცილებული ქალი მსახიობების მხარდამჭერი პროგრამა დააფინანსა. ინიციატივა, რომელსაც მწერალთა ლაბორატორია ეწოდება, მიზნად ისახავს შუა ხნის ასაკის ქალი სცენარისტების შესაძლებლობების გაზრდას კინოს ინდუსტრიაში.
ის თავის ვარსკვლავურ ძალას ცვლილებებისთვის იყენებს
ქალთა უფლებების გარდა, მერილი ყოველთვის ხმამაღლა გამოდიოდა რასიზმის, ჰომოფობიისა და სიძულვილის გარშემო გაერთიანებული სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. ქეით ბლანშეტთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ის ერთხმად არის აღირებული გეი აიქონად და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ერთ-ერთი ასეთი Human Rights Campaign-ის სპეციალური ჯილდოა. სიტყვით გამოსვლის დროს, მერილი არაერთ პრობლემურ თემას შეეხო და კიდევ ერთხელ დაგმო ის ძალადობრივი გარემო, რომელში ცხოვრებაც ადამიანებს უწევთ. სტრიპი საკუთარ ტრიბუნას ყოველთვის ღიად იყენებს ჟურნალისტების მხარდასაჭერადაც. 2017 წელს, საპატიო ოქროს გლობუსის მიღების დროს ის კიდევ ერთხელ, ღიად დაუპირისპირდა დონალდ ტრამპს არამხოლოდ ჰომოფობიური, რასისტული და სექსსტური განცხადებების გამო, არამედ ჟურნალისტების დაცინვის გამოც.
არ ეშინია ასაკის
მაშინ, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავების უმრავლესობას წლების მატება აშინებს, მერილი იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელმაც თქვა, რომ ასაკის მატების არ ეშინია და პირიქით, გადაწყვიტა, რომ ეს მის ერთ-ერთ პრივილეგიად ექცია. მერილმა საჯაროდ გააკრიტიკა ის რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები, ვინც 50 წელს გადაცილებული მსახიობი ქალებისთვის მთავარ როლებს აღარ ქმნიდნენ. ჰოლივუდის კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ სწორედ მერილის დამსახურებით შეიცვალა მიდგომა როგორც კინო, ასევე ტელეინდუსტრიაში და დაიწყო სცენარების შექმნა, რომლებშიც მთვარი პერსონაჟი შუა ხნის ასაკის ქალია. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა სისი სპეისეკმა თქვა, რომ მერილი ხშირად ამბობდა უარს სხვადასხვა პროექტებზე იმის გამო, რომ მხოლოდ მას არ შეესრულებინა მთავარი როლები და პროდიუსერებს სხვა ასაკოვანი მსახიობებიც დაესაქმებინათ.
იცის, როგორ გაერთოს, არის საუკეთესო მასწავლებელი, მისაბაძი მაგალითი და მეგობარი
სერიოზული და გავლენიანი მსახიობი, დიდი წარმატების ფონზე, ყოველთვის რჩება ხალხის საყვარელ პერსონად. ამის მიზეზი კი მხოლოდ ის როლები არ არის, რომელსაც მერილი ასრულებს. მის იუმორზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის და ყველა, ვისაც მასთან თუნდაც 1-წუთიანი ურთიერთობა ჰქონია, ამბობს, რომ მერილთან შეხვედრა მათი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო.
იმის გარდა, რომ სტრიპი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობია, იგი გულუხვია სხვა მსახიობების მიმართაც. ემილი ბლანტმა, LA Times-თან ინტერვიუში თქვა:
ის ჩემს მიმართ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა, განსაკუთრებით Into the Woods-ის გადაღებების დროს, რადგან ორსულად ვიყავი. ცდილობდა დარწმუნებული ყოფიფლიყო, რომ დასასვენებელ ადგილს და სასუსნავს მუდმივად ვიღებდი
მერილთან მუშაობა ყველა მსახიობის ოცნებაა, ერთ-ერთი ასეთი იყო ჯულია რობერტსიც, რომელმაც საბოლოოდ სტრიპთან ერთად ითამაშა ფილმში აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო.
როდესაც გავიგე, რომ მერილ სტრიპი დედაჩემის როლს შეასრულებდა, ტირილი დავიწყე. მიხარია, რომ ჩემი ძალიან გრძელი ოცნებების სიაში, ერთ-ერთი ახდა. ის შეუდარებელია, საუკეთესო მეგობარი და ადამიანია.
იმ მიზეზების ჩამოთვლა, რომელიც მერილ სტრიპს კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარებს, ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა, ხუმრობით შეგვიძლია ისიც თქვათ, რომ კინოვარსკვლავი ჰოლივუდს ბევრ პრობლემას თუ არა, თავსატეხს მაინც უქმნის.
ჰოლივუდში ამაზე იუმორითაც საუბრობენ და ამბობენ, რომ მერილი იმდენად სწორად აკეთებს ყველაფერს, რომ ყველა მის ჩრდილქვეშ ექცევა.
მიუხედავად იმისა, რომ მერილი უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს, მისი კარიერა მაინც ერთგვარ ამოუხსნელ ფენომენად რჩება, თანაც იმდენად, რომ ერთხელ ტინა ფეიმ იხუმრა:
მერილ სტრიპის ბრწყინვალება August: Osage County-ში ადასტურებს, რომ ჰოლივუდში ჯერ კიდევ ბევრი როლი არსებობს 60 წელს გადაცილებული მერილ სტრიპისთვის.
მისმა უახლოესმა მეგობარმა, ბეტ მიდლერმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში სტრიპის ახალი როლი ასე შეაფასა:
ჯანდაბა, ვუყურებდი ფილმს და ნერვები მეშლებოდა, რატომ გვჯობია ის ყველას?!
დიახ, მერილ სტრიპს არ შეუძლია შეცდომის დაშვება, მას აღმერთებენ.
მაყურებელი მოუთმენლად ელის მის ყოველ ახალ როლს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობს შეუძლია გარდაქმნა და განსხვავებული როლის მორგება, არსებობს რაღაც განსაკუთრებული სტრიპის თამაშის მანერაში. ის, თუ როგორ შედის პერსონაჟის ამპლუაში, ითავისებს გმირის ხმას, მანერებს, სიარულის სტილსაც კი და ქმნის მისგან კომპლექსურ, ხელშესახებ შინაგან სამყაროს, რომელიც ყველა მის პერფორმანსს დაუვიწყარს ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ სტრიპი განკარგავს ეკრანს, საზოგადოებას ის მხოლოდ თავისი შესრულებული როლების გამო არ უყვარს. მსახიობების გარეგნობის, მოდისა და ცხოვრების სტილის გამო, სტრიპი უდაოდ ყველაზე პატივსაცემი მსახიობია მთელს სამყაროში.
ჯილდოს მიღებისას მისი სიტყვით გამოსვლა ერთნაირად არის გაჯერებული როგორც იუმორით, ასევე გულახდილობით, რაც ხშირად ბევრს გულზე ხვდება, თუმცა როგორც მერილი იტყოდა — მერე რა?! მთავარია, რომ საერთო ჯამში ეს ყოველივე ძალიან დასამახსოვრებელი, მხიარული და ანგარიშგასაწევია.
ის, რომ მერილის სახელი ჰოლივუდში ყველაზე წონიანია, ადასტურებს შესაძლოა უმნიშვნელო, თუმცა მაინც შესამჩნევი ფაქტი – როდესაც ოსკარის დაჯილდოვებაზე ვხედავთ, თუ როგორ ზის და იღიმის, ვფიქრობთ, რომ სწორედ ის არის წვეულების დედოფალი.
ჩემი მეგობარი, ია ვეკუა მერილს ოსკარის თამადას ეძახის და გულწრფელები რომ ვიყოთ, ასეც არის — წითელ ხალიჩაზე ბოლოს სწორედ ის ჩნდება და ყველა ხვდება, რომ რამდენიმე წუთში ცერემონია დაიწყება.
ხშირად ამბობენ, რომ სტრიპის მიერ განვლილი ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სხვა მრავალი ადამიანის ცხოვრება ერთად აღებული და ძნელია განვასხვაოთ, თუ რომელი ცხოვრებაა უფრო შთამბეჭდავი, ის რომელსაც თამაშობს ეკრანზე, თუ ის რომლითაც ცხოვრობს. ამასთან ერთად, მისი უსასრულო, მზარდი რიცხვი ჯილდოებისა არის იმის დასტური, რომ არაფერია გადამეტებული ამ ქალში არ არის.
სტრიპი, თანამედროვე ჰოლივუდის წამყვანი ქალებიდან გამოირჩეული და უნიკალური ფიგურაა. მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის შესვენების გარეშე გადადიოდა ერთი როლიდან მეორეზე, ისეთ როლებზე, რომლებიც გრანდიოზული პრესტიჟის მატარებლები იყო, არის და იქნება.
წლების მატებასთან ერთად კი მერილი განაგრძობს რთული როლების შესრულებას, ისეთების, რომლის შესრულებაც ხშირად სხვა მსახიობებს ეშინიათ და ამით საკუთარ სახელს კიდევ უფრო დიდ მასშტაბს სძენს.
დიახ, ღმერთი ქალია, მას მერილ სტრიპი ჰქვია და არ აპირებს ვინმეს გზა დაუთმოს.