ჩემმა გეგმამ იმუშავა, ჯონ ვიკის რეცენზიამ ნანატრი საკუთარი ანიმირებული პერსონაჟი მომიტანა, თუმცა თავდაპირველად ჩემი ორეული ისე გამოიყურებოდა, რომ რუბრიკის დახურვა მოვითხოვე. აი თქვენც შეხედეთ:
მაგრამ ყველაფერი დალაგდა, პროფესიონალი დიზაინერების დახმარებით ჩემი პერსონაჟი რაღაცას დაემსგავსა. როგორც დაგპირდით, ვრცელი რეცენზიით თავს არ მოგაწყენთ, ჩვენში რომ დარჩეს, გაი რიჩის ფილმი მრავალსიტყვიანი ეპითეტით უკანასკნელად 20 წლის წინ შეამკეს.
პატარა შესავალს მაინც ვერ აცდებით. მინდა გაგიზიაროთ რას ნიშნავდა ჩემი თაობის ადამიანისთვის ალადინის და Disney-ს სხვა კლასიკური ანიმაციების ნახვა. 90-იანების პირველ ნახევარში შუქი რაღა თქმა უნდა გრაფიკით გვქონდა, ტელევიზიებიც თითქოს ამ გრაფიკს იყვნენ მორგებულები, ყოველ შემთხვევაში, მეორე არხის მაუწყებლობა ზუსტად შვიდ საათზე მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებით იწყებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი ანიმაცია გავიდოდა ეთერში, 19:00-იდან 19:30-მდე ეზოში ვერც ერთ ბავშვს ვერ ნახავდით, ყველანი ძველ “ჰორიზონტებთან” და “რეკორდებთან” (გადმოცემით ვიცოდით რომ ვიღაცებს “ფილიპსებიც” ჰქონდათ) ვისხედით. ქართული მულტფილმები ნაკლებად გვიყვარდა, იმიტომ, რომ უმეტესობა სევდიანი იყო, სევდა ჩვენიც გვყოფნიდა. დაკვირვებულ მკითხველს კითხვა გაუჩნდება, კი, მაგრამ ალადინს და მსგავს სრულმეტრაჟიან ანიმაციებს 19:00 -19:30 შუალედში როგორ ნახულობდითო? როგორ და ნაწილ-ნაწილ, საშუალოდ თითო მულტფილმზე სამი დღე მიგვდიოდა, მაგრამ მაგრად ასწორებდა. შემდგომი ნახევარი საათი ეზოში დაბრუნებულები ათასჯერ ნანახ ალადინს, არიელს და მეფე ლომს განვიხილავდით, ვცდილობდით რამე ისეთი დეტალი გვეპოვა, რომელიც აქამდე არ შეგვიმჩნევია და ზოგჯერ მასეც ხდებოდა. ერთხელ “გარაჟებში” სპექტაკლიც კი დავდგით, მე იაგოს როლი შემხვდა.
მოკლედ, ალბათ ხვდებით რამდენს ნიშნავდა ჩემთვის თითოეული ანიმაციური პერსონაჟი იმ ბნელ და არც თუ ისე ტკბილ 90-იანებში. შესაბამისად, ბავშვობის გმირების ასეთმა გაფარჩაკებამ გამაღიზიანა. ფილმში სრულიად დაკარგულები არიან აბუ, იაგო, ხალიჩა და რაჯი. არადა, თანამედროვე ვიზუალური ეფექტების გათვალისწინებით, მათთვის სიცოცხლის და ქარიზმის მინიჭება ძალიან მარტივია.
მთავარ გმირებს რაც შეეხებათ, მათი სცენები სრულიად სტერილური და უემოციო იყო, ყველაზე ცუდად გაკეთებული პერსონაჟი მაინც ჯაფარი გამოდგა, მას ყველა სცენაში უწევდა იმის გამეორება, რომ ყველაფერს თვითონ მიაღწია, მეორე ტიპად ყოფნას არ აპირებდა და მეტი ეკუთვნოდა, ანიმაციური ჯაფარი კი ამ ყველაფერს ერთი გამოხედვით ან საზარელი ღიმილით გადმოგვცემდა.
ერთი სიმღერების იმედი მქონდა და იქაც ვერაფერი ვიგრძენი. იგივე ნოტები, იგივე ტექსტი, მაგრამ არანაირი მაგია, ემოცია, რაღაც პომპეზურის შეგრძნება. კაფეებში შეკვეთის მოლოდინში იაფფასიანი ქავერების კრებულით რომ ცდილობენ გაგახალისონ, დაახლოებით მაგ ხარისხის შესრულებაზე გესაუბრებით.
ფილმის ერთადერთი გამონათება ჩემდა გასაკვირად, უილ სმიტი აღმოჩნდა. რობინ უილიამსის წარმოუდგენლად ეპიკური პერფომანსის შემდეგ, ასეთ მდარე ეკრანიზაციაში სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, გულისამრევი რომ არ ხარ, გამოდის საქმე ხუთიანზე შეასრულე.
რაც შეეხება ნეიტრალურ მაყურებელს, რომელსაც აგრაბას ბინადრებთან ემოციური კავშირი არ აქვს, შესაძლოა ეს ფილმი მოეწონოს.
პ.ს. სადღაც 50-ე წუთზე გაი რიჩიმ ვერ მოითმინა და ყოვლად უადგილო, ტიმურ ბეკმამბეტოვის გაქანების სლოუ მოუშენ სცენა მაინც შემოგვთავაზა. რატომ? რისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ისევ მადონამ გაგვცა.