არ მქონდა ნანახი. არადა თურმე ცნობილი სერიალი ყოფილა. მე შემთხვევით აღმოვაჩინე. რამე ფილმს ან სერიალს ვეძებდი, რაც დაძინებაში დამეხმარებოდა. რა დაძინება. ერთ ღამეში ვუყურე ერთ ღამეს.
ბევრ კინომოყვარულს სძულს სერიალები. ვერ იღებენ ახალ ეპოქას, სადაც სერიალები ანაცვლებს კინოს, უფრო სწორად, ჭამს კინოს – ნამდვილ კინოს. სძულთ ჰოლივუდიც და დასცინიან ნებისმიერ ამერიკულ პროდუქტს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკულია, და მე კიდე მგონია, რომ ეს ყველაფერი – ყველაფრის მიუხედავად, სასაცილოა, ცოტათი მაინც. უბრალოდ, სისულელეა, რაღაც მოგწონდეს ან არ მოგწონდეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად პასუხობს შენს სტერეოტიპს. ამ დროს ხომ გულწრფელი ემოცია იკარგება.
ჰოდა ერთ ღამეს ასეთი ამბავია, რომ ერთ ღამეს პაკისტანელი ბიჭი ახალგაცნობილ გოგოსთან რჩება და რომ იღვიძებს, ხედავს, რომ გოგო მკვდარია. გარბის. მერე პოლიცია იჭერს, ბიჭს არაფერი ახსოვს. ეს ღარიბია და ადვოკატი კიდე ძვირი ღირს. ერთი უბედური ადვოკატი იღებს მის საქმეს. ციხეში სვამენ. იქ თვითგადარჩენისთვის იბრძვის და ამ პროცესში იცვლება, სხვანაირი ხდება. მოკლედ, ჰოლივუდი – ტრადიციული სქემით და სიუჟეტის განვითარებით.
მაგრამ რაღაც იყო ამ სერიალში. თავიდან ვფიქრობდი – იმიტომ მომეწონა, რომ რეალისტურად ასახა სინამდვილე. ყველა ჰოლივუდური ფილმი თუ სერიალი ხომ დიდ მითს ქმნის ამერიკულ პოლიციაზე (თუ არ ჩავთვლით მოსმენას, რომელმაც ყველა ეს მითი დაამსხვრია და სისტემის მთელი მძღნერი გამოიტანა სინათლეზე, მართლა მოკლა ამერიკული ოცნება). აქ კი შეულამაზებლად ვუყურებთ ამ ბიუროკრატიულ სისტემას. ვუყურებთ პოლიციელებს, გამომძიებლებს, ექსპერტებს – როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს და არა მათ სოციალურ როლებს, რომლებსაც, მაგალითად, ძალიან ეზარებათ ღამით მკვლელობის ადგილზე წასვლა სამხილების წამოსაღებად და ბედს წყევლიან, რომ მაინც და მაინც მათი მორიგეობისას ჩაიდინა მკვლელობა იმ პაკისტანელმა.
და მაინც არა.
აბა – მაიკლ კენეტ უილიამსი? ჩემი ფავორიტი გმირი მოსმენადან – “დაუმარცხებელი ომარი” – რომელიც ისე მოხდა, რომ ამ სერიალშიც ერთ-ერთ მთავარ გმირს თამაშობს…
ადრე რაღაც სტატია წავიკითხე, სადაც სტატიის ავტორი მოსმენის შემქმნელს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომარი – ბალტიმორის ქუჩების ნარკო-ომების ნამდვილი ღმერთი, სრულიად უნიკალური გმირი, რომელმაც ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია – რეალურად დაარღვია პერსონაჟის შექმნის მოცემული სტანდარტები, – რომელიმე ნარკოდილერმა ან ბოსმა კი არა, არამედ ბავშვმა მოკლა. მე კიდე სულ ვფიქრობდი, რომ თუ მაინც და მაინც უნდა მოეკლა დევიდ საიმონს ომარის პერსონაჟი, მაშინ ნამდვილად საუკეთესო იყო ეს გადაწყვეტა – რომ აი, ომარი დგას მაღაზიაში, რაღაცას ყიდულობს და შემოდის ბავშვი – თავისი სასტიკი და ძალადობრივი სოციუმის პირმშო – იარაღს იღებს და ბახ! ღმერთი კვდება.
თვითონაც რაღაცნაირი ტიპია მაიკლ კენეტ უილიამსი. ეტყობა გეტო. ერთხელ თქვა: მე ბრუკლინის ქუჩიდან წამოსული შავკანიანი ტიპი ვარ, ხუჭუჭა თმითა და სახეზე ნაიარევით. ასე რომ, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერაფერს დავმალავ – სახეზე მაწერია წარსული.
აქ კიდევ ერთ მომენტში იმ პაკისტანელ ბიჭს ეუბნება: მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ ადამიანი, აქ, გარეთ თუ სხვაგან. მთავარია, იცოდე, ვინ ხარ.
და მაინც არა. არც უილიამსი.
არც მთავარი გმირის გულშემატკივრობა.
არც ჩახლართული სიუჟეტი და იმის გაგების სურვილი, რა მოხდა სინამდვილეში…
მეორე დღეს სამსახურიდან სახლში ფეხით წამოვედი და ხომ ხდება, რომ სიარულისას ფიქრს ვერ აკონტროლებ ადამიანი და მეც უნებურად საკუთარ ცხოვრებას გარედან შევხედე. გამახსენდა თბილისური “გეტო”, სადაც ცხოვრების მთავარი ნაწილი – ბავშვობა გავატარე, სანამ გაუთავებელი გადაბარგებების დრო დადგებოდა – სახლიდან სახლში, უბნიდან უბანში. გამახსენდა, რომ შეიძლება სხვა როლი მქონოდა ცხოვრებაში – არა მწერლის ან კინოსცენარისტის, არამედ მათემატიკოსის, რადგან მათემატიკა იყო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასე კარგად გამომდიოდა, გარშემომყოფების დამოკიდებულება მუდამ ეგზოტიკურ ცხოველად მაგრძნობინებდა თავს. ვფიქრობდი, რამდენი რამე დამემართა ცხოვრებაში და ყოველ ჯერზე გამოვძვერი, გადავრჩი. ალბათ იმიტომ, რომ სულ მახსოვდა – მთავარია სიმართლე და ღირსება (როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები 2019 წელს, ამ ვირტუალურ ეპოქაში), და კიდევ იმიტომ, რომ არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, საწყალი ვყოფილიყავი.
სახლში რომ მოვედი, მივხვდი.
პაკისტანელის ადვოკატს ჯონ ტურტურო თამაშობს. ტურტუროს ისედაც უბედურის ფიზიონომია აქვს და სერიალშიც ძალიან უბედური გმირია – პროფესიაში წარუმატებელი, ქალებთან წარუმატებელი, ეგზემით გატანჯული, რის გამოც ნორმალურ ფეხსაცმელსაც კი ვერ იცვამს. მარტოსული და თითქმის მიზანთროპი. მოკლედ, ცხოვრებასთან დამარცხებული ადამიანი, რომელიც საჭმლის ფულს მეძავების და ნარკომანების დაცვით შოულობს.
მაგრამ მას სიმართლის სჯერა. და შეიძლება, იმიტომაც ვერ გახდა ტურტუროს გმირი წარმატებული, რომ სიმართლის სჯეროდა. რომ ვერ გამოდგა თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ცხოველი, რადგან ჰო, ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც წარმატებაზე ორიენტირებულობას გვასწავლიან და ტრენინგებს გვიტარებენ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ ლიდერები. მაგრამ სად არის ამ წარმატების მიღწევის და ლიდერად გახდომის მცდელობებში ნამდვილი ცხოვრება? და ნუთუ, მართლა დამარცხებულია ადამიანი, რომელსაც სიმართლის სჯერა?
სერიალში ადვოკატის როლი ჯეიმს განდოლფინის უნდა ეთამაშა, მაგრამ განდოლფინი მოკვდა და მის ნაცვლად როლი ტურტუროს შესთავაზეს. მერე თქვა ჯონიმ:
მე ჯეიმსის მაგივრად დამამტკიცეს. ის ჩემი მეგობარი იყო. მე ვიყავი მის ქორწილში. მე ვიყავი მის დაკრძალვაზე.
ჰოდა მეტი არაფერი.