მიუხედავად იმისა, რომ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის მე გადავცურე ენგური პრემიერა 2017 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გაიმართა, ფილმი ქვეყანაში მიმდინარე ამჟამინდელი პროცესებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება ინტერვიუ თავად რეჟისორ ანუნა ბუკიასთან, რომელიც ბოლო დღეების მოვლენებს შეაფასებს და თავის ფილმზე, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციას ეხება, კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

ფილმის სიუჟეტი შემდეგია : ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას ის იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს ვიდრე მშვიდობას. და პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.
Cinemania გთავაზობთ ინტერვიუს ანუნა ბუკიასთან:
1. ანუნა, ფილმი „მე გადავცურე ენგური“ გარდა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს გვაჩვენებს, ასახავს შენს პირად ისტორიასაც. იმ ადამიანებისთვის, ვისაც შენი ფილმი ჯერ კიდევ არ უნახავთ, ფიქრობ რომ პრობლემა, რომელიც მასშია ნაჩვენები უფრო აქტუალური გახდა ვიდრე ფილმის გამოსვლის დროს იყო?
ვფიქრობ ახლა კიდევ უფრო მკაფიო გახდა მტრის აღქმა ახალგაზრდებში. ახლა, საკუთარი თავის დანახვა ოკუპაციის პრობლემსათან უფრო ძლიერია.
ჩემთვის მიმდინარე პროცესი უფრო არაოკუპირებულის დაცვა-გადარჩენაა ვიდრე ოკუპირებულის დაბრუნება.
მაგრამ, თუ ფილმს დავუბრუნდებით, ის აქტუალურობას ალბათ იმიტომ არ კარგავს, რომ ადამიანებს აჩვენებს მათ მოსალოდნელ, ძალიან მწარე რეალობას და ასევე აძლევს რესურსს, ვიზუალურ არგუმენტს, თუ დასტურს, რას ნიშნავს რუსეთის მტრობა და ოკუპაცია.

2. ფილმის გადაღებების დროს რამდენჯერმე იყავი აფხაზეთში. როგორია ოკუპირებული აფხაზეთი? და სახლი, რომელიც 24 წლის შემდეგ ნახე?
ხანგრძლივი ფიქრის რთული პერიოდი გავიარე და ბოლო ერთი წელია თითქმის არ ვსაუბრობ სახლზე. მგონია, რომ რისი თქმაც მინდოდა უკვე ვთქვი.
როგორია აფხაზეთი? – საქართველოს ყველა რეგიონის საუკეთესო ნაწილის ერთად წარმოდგენა თუ შეგიძლიათ, აი ისეთი.
3. ელოდი, რომ აფხაზეთის და აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო კიდევ დადგებოდა ისეთი პრობლემის წინაშე როგორიც ოკუპაცია და ოკუპანტია?
თუ ამ ქვეყანაში დაიბადე, იმ ისტორიით რისი მონაწილეც ჩვენ ვართ, ან წინა თაობები იყვნენ, ეს მუდმივი საფრთხეა ლოდინის გარეშე.
4. როგორ ფიქრობ ეს იყო ერთი დიდი შეცდომა, თუ პროცესები, რომლებმაც იმ ფაქტამდე მიგვიყვანა, როგორიც პარლამენტში ოკუპანტის ნახვაა?
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს იყო უამრავი, განზრახული, გაცნობიერებული პრო რუსული ქმედების შედეგი. მე ვერ დავარქმევდი ამას შეცდომას და არაფერი არ მაძლევს საფუძველს, რომ ასე ვიფიქრო.
5. შენი ფილმი, რომლის პრემიერაც რამდნეიმე წლის წინ შედგა, ახლა თითქოს ახალ სიცოცხლეს იწყებს. რამდენადაც ვიცით დაიგეგმა რამდნეიმე ჩვენება. როგორია შენი მიზნები და იგეგმება თუ არა მისი კინოთეატრებში თავიდან გაშვება?
რადგან ფილმი გამოქვეყნებულია რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე, ვფიქრობ მას უკვე მაყურებელი და მისი ნახვის საჭიროება აცოცხლებს.

6. შენ, როგორც რეჟისორი და სოციალურად აქტიური ადამიანი ხშირად აპროტესტებდი კინოთეატრებში ფილმების რუსულენოვან ჩვენებებს. 20 ივნისის შემდეგ კინოთეატრებმა ფილმების რუსულ ენაზე ჩვენება აკრძალეს. შენი აზრით, რამდენად მზადაა კინო-ბიზნესი ამ გამოწვევისთვის?
ვფიქრობ, ეს ძალიან დაგვიანებული, მაგრამ მაინც კარგი გადაწყვეტილებაა. ცხადია, თუ გრძელვადიანი და გააზრებული ქმედებაა და არა 1 თვიანი თვალის ახვევა. ის რისი გაანალიზებაც გარედან შეიძლება, კინოთეატრს (რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს) საკმარისზე დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველთვის. ეს ნების, ღირებულებების და სურვილის საკითხია. მზად ვერასდროს ვერ იქნები თუ ეს არ გინდა. გახმოვანება და სუბტიტრები უზრუნველყოფს ახალ პროცესს. სტუდიების მუშაობას, ხმის რეჟისორების მუშაობას, მთარგმნელების, გამხმოვანებლების, რედაქტორების ჩართვას პროცესში. შესაბამისად ინდუსტრიულად ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩემი აზრით სრულდება დრო ბიზნესების, რომელსაც არა აქვს მკაფიო ღირებულებითი ფუნდამენტი. სოციალური პასუხისმგებლობა აღარ არის დანამატი. ის აუცილებლობაა.
7. მას შემდეგ რაც პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა, გაკეთდა რამდენიმე ძალიან საინტერესო კამპანია, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში მოვიზიდოთ. რას ფიქრობ ამ კამპანიებზე და გეგმავ თუ არა მათთვის შენი ფილმის ჩვენებას?
ბოლო თვეები მე უბრალოდ ვუდასტურებ ადამიანებს ფილმის სხვადასხვა საჯარო სივრცეში ჩვენებას. იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩემი აზრით, ფილმმა გამოქვეყნებიდან 2 წლის მანძილზე, დაძრა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი 1. თემაზე საჯაროდ და ფართოდ საუბრის და 2. პროტესტის ან ტკივილის არტისტულად გამოხატვის სხვადასხვა ახალგაზრდა შემოქმედების მიერ, ვინც ამას არ აკეთებდა.
ახლა ეს საინტერესო და მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს და მისი ნახვის დროა.

8. #რუსეთიოკუპანტია უკვე თითქმის ყველა ფეისბუკ-მომხმარებლის კედელზე ჩანს. რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ სხვადასხვა ქვეყნებშიც და ერთხმად სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს. რა გავლენა ექნება საქართველოზე ამ საპროტესტო ტალღას და ასეთ მაშტაბურ ჰეშთაგს: რუსეთი ოკუპანტია ?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა დაპირისპირება ავირიდოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ დაშვებულ შეცდომებზე.
თავისუფლება ღირს ძვირი და თუ ათასობით დევნილი 26 წელი და აგვისტოს ომით დაზარალებულები 11 წელია ამას ურთულესად, მაგრამ მაინც ვუმკლავდებით. სირცხვილია კრიზისის 1 თვე ან 3 თვე ვერ დავძლიოთ. მით უფრო ჩვენ ვნახეთ გაზრდილი და გაძლიერებული სამოქალაქო სექტორი, რომელიც მზადაა უფასოდ დაეხმაროს ადამიანებს, მეწარმეებს, ვისაც ეშინია.
ქვეყანას ჰყავს დეკლარირებული მტერი, ეს არის რუსეთის მთავრობა და მისი თავგადაკლული მომხრეები.
მე ყოველ საღამოს 7 საათზე დავდივარ სამსახურში, რუსთაველის გამზირზე, სხვა ადამიანებთან ერთად და მჯერა, რომ იქ წარმოვადგენ მოქალაქეს რომელსაც სურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და არა რომელიმე პარტიის აქტივს, რომელმაც ამ დღემდე მომიყვანა.