ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოვებამდე ორი დღე რჩება. “ოქროს გლობუსად” წოდებული პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში არაერთი კინომოღვაწეა ჩართული. გთავაზობთ ძირითადი ნომინაციების მცირე მიმოხილვას.
საუკეთესო ფილმი – დრამა
- შავი პანტერა
- შავი კუკლუქსკლანელი
- ბოჰემური რაფსოდია
- ვარსკვლავის დაბადება
- If Beale Street Could Talk
ჩვენი არჩევანი – ვეტერანი რეჟისორის სპაიკ ლის დრამა შავი კუკლუქსკლანელია. ლიმ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სურათი გადაიღო, ბევრის აზრით რეჟისორის ვრცელ ფილმოგრაფიაში ახალი ფილმი მხოლოდ იმოქმედე სწორადს ჩამოუვარდება.
სავარაუდო გამარჯვებული – ვარსკვლავის დაბადება. ბრედლი კუპერის მიერ გადაღებულმა ვარსკვლავის დაბადების რიგით მეოთხე რიმეიქმა დეტროიტის, ჰიუსტონისა და დალასის კინოფესტივალებზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ნიუ-იორკის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოც მიიღო. კრიტიკოსებთან ერთად ფილმს მაყურებელიც დადებითად შეხვდა, რაც ამერიკული კინოდაჯილდოებების შემთხვევაში გასათვალისწინებელი ფაქტორია.
საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
- არანორმალურად მდიდარი აზიელები
- ფავორიტი
- მწვანე წიგნი
- მერი პოპინსის დაბრუნება
- Vice
ჩვენი არჩევანი – იორგოს ლანთიმოსის კოსტიუმირებული დრამა ფავორიტია. ამ ფილმის მიუზიკლისა ან კომედიის კატეგორიაში გაყვანა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გემოვნებასა და ფანტაზიის უნარზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს საკუთარი სტილის დაკარგვასა და “პოპკორნიზაციაში” ადანაშაულებენ, ფავორიტი ერთ-ერთი საუკეთესო სურათია, რომელიც წელს “ოქროს გლობუსზეა” ნომინირებული.
სავარაუდო გამარჯვებული – მწვანე წიგნი. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკულ კინოში რასიზმისა და უთანასწორობის შესახებ შექმნილმა სურათებმა წინ წამოიწია. შესაბამისად წლიდან წლამდე კრიტიკოსთა აღფრთოვანების ობიექტი სულ უფრო მეტი ზემოთხსენებული თემატიკის მქონე ფილმები ხდება. მიუზიკლისა და კომედიის კატეგორიაში შავკანიანი მუსიკოსისა და მისი თეთრკანიანი პირადი მცველის ურთიერთობაზე შექმნილ პიტერ ფარელის სურათს “ოქროს გლობუსის” მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი – დრამა
- ბრედლი კუპერი – ვარსკვლავის დაბადება
- უილიამ დეფო – At Eternity’s Gate
- ლუკას ჰეჯესი – Boy Erased
- რამი მალეკი – ბოჰემური რაფსოდია
- ჯონ დევიდ ვაშინგტონი – შავი კუკლუქსკლანელი
ჩვენი არჩევანი – უილიამ დეფო. ამერიკელი მსახიობისთვის ეს რიგით მეოთხე დამსახურებული ნომინაციაა (რაზმი, პროექტი ფლორიდა, “ვამპირის აჩრდილი”). ბრწყინვალე მსახიობი ნოსფერატუსა და ქრისტეს როლებით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ერთი დაუვიწყარი პერფომანსი გვაჩვენა, At Eternity’s Gate-ში ჰოლივუდის ვარსკვლავი ვინსენტ ვან გოგს განასახიერებს.
სავარაუდო გამარჯვებული – რამი მალეკი. დიდი შანსია “ოქროს გლობუსის” ჟიური გრიმითა და იაფასსიანი ტრიუკებით შექმნილ პერფომანსზე მარტივად “დაგოიმდეს”. გარდა ამისა, თავად ფრედი მერკურის სიცოცხლეში ჯილდოებით დიდად არ სწყალობდნენ და მისი მიბაძისთვის თუ რამეს გაიმეტებენ ეგეც საქმეა. მალეკს კი გულის სიღრმეში ყოველთვის ეცოდინება, რომ ოქროს ჯილდო არა მისმა პერფომანსმა, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვოკალისტისადმი დარჩენილმა სიმპათიებმა მოუტანა.
მთავარი როლის შემსრულებელი ქალი – დრამა
- გლენ კლოუზი – მეუღლე
- ლედი გაგა – ვარსკვლავის დაბადება
- ნიკოლ კიდმანი – დამანგრეველი
- მელისა მაკარტი – Can You Ever Forgive Me?
- როზამუნდ პაიკი – პირადი ომი
ჩვენი არჩევანი – გლენ კლოუზი. ლეგენდარული მსახიობისთვის ეს რიგით მე-13 “ოქროს გლობუსის” ნომინაციაა. ალბათ, არ არსებობს კინომოყვარული, რომელსაც კლოუზის მეოთხე გამარჯვება არ გაუხარდება. მეუღლეში ის ქმრის ჩრდილში მყოფი მწერლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს.
სავარაუდო გამარჯვებული – ლედი გაგა. მომღერალმა ითამაშა მომღერლის როლი, არც თუ ისე რთული პერფომანსისთვის ლედი გაგაზე როგორც მაყურებლები, ისე კრიტიკოსები გაგიჟდნენ. გამარჯვების შემთხვევაში გაგასთვის ეს რიგით მეორე “ოქროს გლობუსი” იქნება, პირველი მან ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში შესრულებული როლისთვის მიიღო.
საუკეთესო როლის შემსრულებელი – მიუზიკლი ან კომედია
ნომინირებული მამაკაცები
- კრისტიან ბეილი – Vice
- ლინ-მანუელ მირანდა – მერი პოპინსის დაბრუნება
- ვიგო მორტენსენი – მწვანე წიგნი
- რობერტ რედფორდი – მოხუცი და იარაღი
- ჯონ ს. რაილი – სტენი და ოლი
ნომინირებული ქალები
- ოლივია კოლმანი – ფავორიტი
- ემილი ბლანტი – მერი პოპინსის დაბრუნება
- აილა ფიშერი – მერვე კლასი
- კონსტანს ვუ – არანორმალურად მდიდარი აზიელები
- შარლიზ ტერონი – ტალი
ამ ორ კატეგორიაში ჩვენი და უმრავლესობის შეხედულებები ემთხვევა. ოლივია კოლმენის მიერ “ფავორიტში” განსახიერებული დედოფალი ანა, მაყურებელს კიდევ დიდ ხანს არ დაავიწყდება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ თებერვალში გლენ კლოუზი კვლავ უოსკაროდ დარჩება და ტაშის დაკვრა სრულიად მართებულად კოლმენის საოსკარო სიტყვისთვის მოუწევს.
მამაკაცს რაც შეეხება, აქ უდავო ფავორიტი, გარეგნობის შეცვლის დიდოსტატი კრისტიან ბეილია. მას მოგების შანსები ერთი-ორად გაეზარდა, როდესაც მწვანი წიგნისთვის ნომინირებულმა ვიგო მორტენსენმა ერთ-ერთ ინტერვიუში ყველასათვის მიუღებელი სიტყვა “ნ***რი” წამოაყრანტალა. მსგავსს რასისტულ გამოხტომებს ჰოლივუდი რთულად ივიწყებს, ჩვენი თუ არ გჯერათ მელ გიბსონს ჰკითხეთ.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
- კაპიტანი
- გოგონა
- Werk Ohne Autor
- რომა
- წვრილმანი მძარცველები
ჩვენი არჩევანი – ჰიროკაძუ კორეედას “წვრილმანი მძარცველებია”. იაპონელმა დიდოსტატმა დაუვიწყარი ოჯახური დრამა გადაიღო, რომელმაც წლის დასაწყისში კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მრავალშრიანი სურათი გულგრილს არც ერთ მაყურებელს არ დატოვებს.
სავარაუდო გამარჯვებული – “რომა”. ალფონსო კუარონმა თავის კარიერაში საუკეთესო ფილმი გადაიღო. გარდა მხატვრული ღირებულებებისა, რომელიც რომას უდავოდ გააჩნია, გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სურათი Netflix-ის პირმშოა. მრავალი ევროპელი კინოინსტიტუტი კუარონს სატელევიზიო არხთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებს. კინოგაქირავებაში არ გაშვების გამო, სურათი მრავალი კინოფესტივალის მიღმა დარჩა. “ოქროს გლობუსი” რომასთვის დაგვიანებული, თუმცა სასიამოვნო საჩუქარი იქნება.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაცია
- სუპერ ოჯახი 2
- ძაღლების კუნძული
- გამანადგურებელი რალფი 2
- ადამიანი-ობობა. სამყაროს მიღმა
ჩვენი არჩევანი – რა თქმა უნდა უეს ანდერსონის ძაღლების კუნძული. ძალიან რთულია, იპოვო ანდერსონის ფილმი, რომელიც ნომინაციას არ იმსახურებს, თუმცა არც “ოქროს გლობუსი” და არც “ოსკარი” შესანიშნავ რეჟისორს არ სწყალობს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ყურადღება ანდერსონმა მხოლოდ სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტით დაიმსახურა.
სავარაუდო გამარჯვებული – ადამიანი-ობობა. სამყაროს მიღმა. 2018 წლის მიწურულს გამოსულმა ანიმაციურმა ფილმმა ყველასათვის საყვარელ სუპერგმირზე აბსოლუტურად დადებითი შეფასებები მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საიტის Rotten Tomatoes-ის რეიტინგში 98% “ფრეშის” სტატუსს ინარჩუნებს.
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა
ჩვენი არჩევანი – ევას მკვლელობისას. ახალი სატელევიზიო შოუ, რომელშიც მთავარ როლს გრეის ანატომიის ვარსკვლავი, სანდრა ო თამაშობს, დაძაბული და საინტერესო სიუჟეტის გარდა, გამოირჩევა იმითაც, რომ ანტიგმირი – ფსიქოპათი ქალია, რაც არცთუ ისე ხშირად ხდება ხოლმე.
სავარაუდო გამარჯვებული – ამერიკელები. სხვადასხვა გამარჯვებებისა და ნომინაციების გარდა, რომლებიც წლების განმავლობაში სერიალმა მიიღო, მას კრიტიკაც სწყალობს და შოუს საერთაშორისო აღიარებას წინასწარმეტყველებს. Rotten Tomatoes-ზე კი ფინალურ, მე-6 სეზონს 99%-იანი რეიტინგი აქვს.
მამაკაცის საუკეთესო სატელევიზიო როლი – დრამა
- ჯეისონ ბეითმენი – ოზარკი
- სტივენ ჯეიმსი – დაბრუნება
- რიჩარდ მადენი – პირადი მცველი
- ბილი პორტერი – პოზა
- მეთიუ რიზი – ამერიკელები
ჩვენი არჩევანი – ჯეისონ ბეითმენი. მსახიობმა, რომელსაც ოზარკამდე ძირითადად კომედიური სერიალებიდან იცნობდნენ, ამ შოუში სრულიად განსხვავებული და საინტერესო სახე შექმნა. თვითონ სერიალის მსგავსად, რომელსაც ხშირად ადარებენ მძიმე დანაშაულს, თამამად შეგვიძლია, ბეითმენის პერსონაჟი ბრაიან კრენსტონის პერსონაჟს შევადაროთ.
სავარაუდო გამარჯვებული – მეთიუ რიზი. და კვლავ ამერიკელები. რიზი სხვადასხვა დაჯილდოებაზე ძირითადად ნომინირებულია ხოლმე და ძალიან იშვიათად – გამარჯვებული. მსახიობი 2017 წელსაც იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. სავარაუდოდ, ეს წელს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჯეისონ ბეითმენმა ახალი უოლტერ უაითი შექმნა.
ქალის საუკეთესო სატელევიზიო როლი – დრამა
- კაიტრიონა ბალფი – უცხოელი
- ელიზაბეთ მოსი – მხევლის წიგნი
- სანდრა ო – ევას მკვლელობა
- ჯულია რობერთსი – დაბრუნება
- კერი რასელი – ამერიკელები
ამ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი სავარაუდო გამარჯვებულს ემთხვევა. ელიზაბეთ მოსი რომ სატელევიზიო შოუების ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, ეს ჯერ კიდევ შეშლილებში დამტკიცდა. მან დასამახსოვრებელი სახე შექმნა ჯეინ კემპიონის მინისერიალშიც ტბის ზედაპირზე. თუმცა, მისი საუკეთესო შესრულება მაინც მხევლის წიგნში ვიხილეთ. მოსის ეს როლი და პერსონაჟი, უბრალოდ, დაუვიწყარია.
საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი
ჩვენი არჩევანი – ამერიკული კრიმინალური ისტორია. პერსონაჟები, მათი ფსიქოლოგია, განვითარება, ხასიათი, დეტალები – შესანიშნავია. საინტერესო სიუჟეტის მიღმა, რომელიც ჯანი ვერსაჩეს იდუმალებით მოცული მკვლელობის ირგვლივ ვითარდება, ჩვენ ვხედავთ მკვლელის რთულ (და ძალიან საინტერესო) ფსიქოლოგიას. ხოლო დარენ კრისი ენდრიუ ქუანანის როლს იმდენად კარგად თამაშობს, რომ შეუძლებელია, ის სამეფო კარის თამაშების ჯოფრივით არ შეგძულდეთ.
სავარაუდო გამარჯვებული – ბასრი საგნები. ეს სერიალი ქალებს და ქალების ტრავმებს ეხება და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს კიდეც. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მისი გამარჯვება გულს დაგვწყვეტს – ბასრი საგნები ნამდვილად კარგი სერიალია.