სტივენ სპილბერგის The Post-ის თრეილერი თითქოს საგანგებოდ დაემთხვა New York Times-ის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც ქალები ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპილბერგის ახალი ფილმის გამოსვლა დროულია და ბოლო ხანებში ატეხილ სკანდალებში პრესის როლს ეხმაურება.
20th Century Fox-ის ფილმი, რომლის სიუჟეტიც Washington Post-ის შიდა საქმიანობაზე მოგვითხრობს, რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. მასში გაზეთის პირველ ქალ გამომცემელს, კეტრინ გრეჰემს მერილ სტრიპი თამაშობს, რედაქტორ ბენ ბრედლის – ტომ ჰენკსი. როგორც თრეილერიდან ვიგებთ, მთავარი გმირები, რომლებიც თავიანთ მეტოქე The New York Times-ს ეჯიბრებიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლოებების უფრო სწრაფად გაგებასა და გამოაშკარავებაში, ვიეტნამის ომზე საიდუმლო მასალებს აღმოაჩენენ, რის გამოც ფედერალური აგენტები მათ განადგურებას გადაწყვეტენ.
სულისშემძვრელი დრამა, მით უმეტეს მისი ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ოსკარებზე სერიოზულ პრეტენდენტად მოგვევლინება. სცენარის ავტორები ლიზ ჰანა და ჯოშ სინგერი არიან, ხოლო სამსახიობო ანსამბლს სტრიპისა და ჰენკსის გარდა ამშვენებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან კერი კუნი, ელისონ ბრი, დევიდ კროსი, სარა პაულსონი, ზეკ ვუდსი და სხვები.
ფილმი 2017 წლის 22 დეკემბერს გამოვა მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში, რაც შეეხება მსოფლიო პრემიერას, ის 2018 წლის იანვარში იგეგმება.