თბილისი რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს “ამირანი” და “კინოს სახლი” ელოდებათ.
4 დეკემბერს ფესტივალის ეკრანებზე ათობით ფილმი აღიბეჭდა. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას:
“აღლუმი” (საქართველო, რეჟ. ნინო ჟვანია)
სურათი სამი ორმოცდაათ წელს გადაცილებული მეგობრის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომლებიც მონოტონურ ყოველდღიურობასა და მოახლოებულ სიბერეს გაურბიან. ტრაგიკომედიას ერთდროულად სამი მთავარი როლის შემსრულებელი, არჩილ ქიქოძე, გუგა კოტეტიშვილი და გოგა პიპინაშვილი ჰყავს.
ფილმი Road Movies სტილშია გადაწყვეტილი, პერსონაჟები ზოგჯერ რთულ, ზოგჯერ კი კომიკურ სიტუაციებში ხვდებიან, მაგრამ არ ნებდებიან, მათი მამოძრავებელი ძალა მეგობრობაა. ტორონტოს კინოფესტივალის შემდეგ „აღლუმი“ დიდ ეკრანზე სწორედ თბილისის კინოფესტივალზე გამოჩნდა.
“ბიჭები ტირიან” (იტალია, რეჟ. დამიანო და ფაბიო დინოჩენცო)
ძმები დინოჩენცოების კრიმინალური დრამის მოქმედება თანამედროვე რომის გარეუბანში ვითარდება. მთავარი გმირები სკოლის მეგობრები მანოლო და მილკო არიან, ერთი შემთხვევა მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.
აღსანიშნავია რომ დებიუტანტმა რეჟისორებმა ყოველგვარი რომანტიზირების გარეშე კრიმინალურ გარემოში თავისდაუნებურად ჩაფლობილი ახალგაზრდების ისტორიის გადმოცემა კარგად შესძლეს. მთავარი გმირები უიმედო და უმომავლო გარემოში არსებობენ, სადაც ერთადერთი განვითარების გზა ღირსებაზე უარის თქმა და სხვისი ჩაგვრაა.
“სოფლის ხმაური” (გერმანია, რეჟ. ლიზა მილერი)
გერმანიის პრერიები არც ისეთი დემოკრატიული და თავისუფალი აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ ზოგადად დასავლეთ ევროპაზე და განსაკუთრებით კი ბერლინზე ვიცით და გვსმენია. სწორედ ამ დიდი მეგაპოლისიდან ბრუნდება ახალგაზრდა ტონი გერმანიის ერთ-ერთ სოფელში. მისი მთავარი მეტოქეები მარტოხელა დედა და რელიგიური სოფლის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც მიზეზი არ ელევათ, ჩაატარონ რაიმე წმინდა აღლუმი თუ რიტუალი. ტონი მისი ბავშვობის მეგობარს, როზას ხვდება, რომლის მიმართაც გრძნობები ნელ-ნელა იფეთქებს. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ საკითხებზე თითქოს ინფორმაცია უხვად მოიპოვება, სოფელში მაინც დიდი დოზითაა სტერეოტიპები და ბულინგი როზის მიმართ.
ფილმი კომედიური ელემენტებით დახუნძლულია (განსაკუთრებით ორი პოლიციელის პერსონაჟი), რაც წამოჭრილ თემას მსუბუქ ელფერს სძენს და საყურებლად სასიამოვნოს ხდის, თუმცა საკონკურსო ფილმებისთვის კონკურენციის გაწევა “სოფლის ხმაურს”, ვფიქრობ, გაუჭირდება.
“მეზობლები” (საქართველო, რეჟ. გიგიშა აბაშიძე)
საკონკურსო პროგრამის მონაწილე ქართული ფილმი ერთი თბილისური იტალიური ეზოს ბინადრებზე მოგვითხრობს.
რეჟისორმა გიგიშა აბაშიძემ “მეზობლებში” თავი შთამბეჭდავ სამსახიობო დასს მოუყარა. აქ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის ქართველი კინოვარსკვლავები არიან. სურათს კარგი დინამიკა აქვს და ერთი ამოსუნთქვით იყურება. ჟანრი კი სიუჟეტის განვითარებასთან ერთად სიტუაციური კომედიიდან სოციალურ დრამამდე იცვლება.
პირველი დღის ერთ-ერთი დამასრულებელი ფილმი ჩინელი რეჟისორის ცია ჯან-კეს “ქათქათა ფერფლი” უნდა ყოფილიყო, რომელსაც აზიური კინოს მოყვარულები მოუთმენლად ველოდებოდით, თუმცა ტექნიკური მიზეზის გამო (როგორც აგვიხსნეს, გამოგზავნილი დისკი აღმოჩნდა დაზიანებული), ფილმის ჩვენებამ უცნობი დღისთვის გადაიწია.
ჯან-კეს ნაცვლად ვიხილეთ ლიტველი რეჟისორის ალანტე კავაიტეს “სანგალის ზაფხული“. უცნაური დამთხვევით ეს ფილმიც “სოფლის ხმაურის” მსგავსად ლესბოსური სიყვარულის ირგვლივ ვითარდებოდა, თუმცა ამჯერად გაცილებით მეტი მხატვრულობითა და სიღრმით. მთავარო როლის შემსრულებელმა იულია სტეპონაიტიტემ მთელი ჩემი ყურადრება მიიპყრო და მიუხედავად სამსახიობო დებიუტისა, ძალიან სახასიათო და საინტერესო პერსონაჟი შემოგვთავაზა თინეიჯერი სანგალის სახით.
საფესტივალო დღის კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი ალიჩე რორვახერის “ბედნიერი ლაზარე“ იყო. ფილმის შესახებ ჩვენ ბათუმის კინოფესტივალზე უკვე ვისაუბრეთ. სტატიის ნახვა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.