თბილისი რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. 5 დეკემბერს, ოთხშაბათს კინოთეატრ ‘ამირანისა” და “კინოს სახლის” ეკრანებზე არაერთმა ფილმმა გაიბრწყინა. რამდენიმე მათგანზე ყურადღებას შევაჩერებთ:
ჩვენი დრო (მექსიკა, რეჟ. კარლოს რეიგადასი)
სექციაში ჰორიზონტები წარმოდგენილი იყო მექსიკელი რეჟისორის კარლოს რეიგადასის ახალი არტჰაუსი ჩვენი დრო. ფილმი ქალაქისპირა სოფელში მცხოვრებ წყვილზე, ხუანზე და ესთერზე გვიყვება. ესთერს ცხენების მწვრთნელი ფილი შეუყვარდება. ნელ-ნელა ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება სულ უფრო და უფრო მატულობს და კრიზისი იჩენს თავს.
ფილმი იმითაა საინტერესო რომ ხუანის როლს, თავად კარლოს რეიგადასი ასრულებს, რაც ავტომატურად გვაფიქრებინებ მის პირად გამოცილებას საკითხთან მიმართებაში. ეს ასევე რეჟისორის პირველი სამსახიობო როლიცაა, რაც კიდევ ერთი მიზეზია ვიფიქროთ ამგვარად. რეიგადასთვის დამახასიათებლად ფილმში ბევრი ალუზია და სიმბოლოა, თუმცა მისი გმირები ერთგვარდ ჩაკეტილები არიან და ვერ ხერხდება თემის განზოგადება, მაყურებელთან ჩართულობა. შეიძლება ითქვას, რომ “ჩვენი დრო” მექსიკელი რეჟისორის ყველაზე სუსტი ფილმი გამოდგა.
წარმოსახვითი მიწა (სინგაპური, რეჟ. იეო სიევ ჰუა)
ასევე სექცია ჰორიზონტებში იყო წარმოდგენილი სინგაპურელი რეჟისორის, იეო სეივ ჰუას წარმოსახვითი მიწა. მოქმედება ინდუსტრიულ სინგაპურში ხდება. გამომძიებელმა ლოკმა უნდა იპოვნოს დაკარგული ემიგრანტი მუშა, სახელად უონგი, რომელსაც სამუშაო ადგილზე უსიამოვნება შეემთხვევა.
ჰუაოს ფილმი სინგაპურში არალეგალთა სამუშაო პრობლემას ეხება, სადაც სხვადასხვა ქცეყნიდან ჩასულ მუშებს, ხშირ შემთხვევაში გამომუშავებულ ფულს არ აძლევენ და არც წასვლის ნებას რთავენ. დამქირავებელი მუშების პასპორტს სპეციალურ კარადაში კეტავს. პრაქტიკულად, საწარმოებში მომუშავე ხალხი მონებად ჰყავთ. ახალგაზრდა უონგი უძილო ღამეებს ინტერნეტმაღაზიაში ვიდეოთამაშებით ანაცვლებს, გააგნებს კი გზას ახალ რეალობაში? ინსომნია ჰალუცინაციებში ხომ არ ამოგზაურებს? იქნებ წარმოსახვითი სამყარო იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე თავად ჰგონია…
ჰორიზონტი (საქართველო, რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი)
პატარძლების ავტორის ახალი ფილმი განქორწინებული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. რთულ სიტუაციაში აღმოჩენილი ყოფილი მეუღლეები განშორების პრობლემასთან გამკლავებას თავისებურად ცდილობენ. სურათის მთავარი გმირი გიორგი, რომელსაც გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებს, ვერ ეგუება ახალ მდგომარეობას და ყველაფრისგან მოშორებით პალიასტომის ტბასთან სახლდება. ფილმის მოქმედება სწორედ ტბისპირა დასახლებაში ვითარდება, სადაც მხოლოდ მეთევზეები, მონადირეები და გიორგის მსგავსად მიტოვებული, მარტოსული ადამიანები ცხოვრობენ. ორიგინალური ატმოსფეროს შესაქმნელად რეჟისორმა ზამთრის პალიასტომის პეიზაჟი მაქსიმალურად გამოიყენა.
მსგავსი თემატიკის ფილმებით ახალი ქართული კინემატოგრაფი არც თუ ისე ხშირად გვანებივრებს.
დონბასი (რეჟ. სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი)
უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას ბრწყინვალე ანტისაომარი მხატვრული დრამა. ვირტუოზი დოკუმენტალისტის მიერ გაერთიანებული 13 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტორია დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკის ყოფას ასახავს, რომელშიც უმძიმესი სცენები სევდანარევი გროტესკული იუმორით გემოვნებიანად არის გაზავებული.
ლოზნიცა ჩაგრულის მხარეს დგას, იგი იმპერიალისტურ რუსეთს ყოველგვარი შელამაზების და ალეგორიების გარეშე ღიად უპირისპირდება. “დონბასი“ ცრუ პატრიოტიზმის, ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტია, რომელიც თავისუფალ სამყაროს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ჩუმად ყოფნა დანაშაულია.
შეგახსენებთ რომ წელს სერგეი ლოზნიცამ კინოში შეტანილი ღვაწლისთვის თბილისის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო – პრომეთე მიიღო.
საკონკურსო სექციაში ბულგარელი რეჟისორის ნადეჟდა კოსევას “ირინა” იყო ნაჩვენები. ფილმზე მიმოხილვას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.