კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტაინთან საკმაოდ დაახლოებული პირია და მას ათობით წელია იცნობს. როგორც რეჟისორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, მან იცოდა ვაინშტაინის ქცევაზე ქალების მიმართ და ახლა რცხვენია, რომ უფრო ძლიერი არ აღმოჩნდა და პროდიუსერთან მუშაობა არ შეწყვიტა.
“იმდენი კი ვიცოდი, რომ მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთე, — განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც მას შემდეგ ჩაიწერა, რაც ათობით მსახიობმა ქალმა ვაინშტაინის მხრიდან სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე აიმაღლა ხმა, — უფრო მეტი გამეგო, ვიდრე ჩვეულებრივი ჭორები და მითქმა-მოთქმა. უბრალო ყურმოკრული ამბავი არ ყოფილა. რამდენიმე შემთხვევის შესახებ ნამდვილად ვიცოდი. და ნეტავ პასუხისმგებლობა მეგრძნო იმასთან დაკავშირებით, რაც მესმოდა. ასე რომ მოვქცეულიყავი მაშინ, ვაინშტაინთან საქმე აღარასდროს უნდა დამეჭირა”.
კინოსტუდია მირამაქსის დამფუძნებელი ცნობილი პროდიუსერის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები ნიუ-იორკ ტაიმსისა და ნიუ-იორკერის გვერდებზე გამოჩნდა. მას უკვე ბევრმა მსახიობმა და კინოსფეროსთან დაკავშირებულმა ქალებმა დასდეს ბრალი სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რამაც საფუძველი დაუდო გამოძიებას, სოციალურ მედიაში კი მასობრივი კამპანიის წამოწყებას, რომელშიც ქალები სექსუალური შევიწროების ფაქტებს პირადი მაგალითებით იხსენებენ.
ტარანტინოს თქმით, მას ვაინშტაინის ქცევებზე ამ სტატიებამდე დიდი ხნით ადრე სმენოდა. მისმა ყოფილმა გერლფრენდმა მირა სორვინომ გაუმხილა, როგორ ბოროტად იყენებდა პროდიუსერი დიდ გავლენას და როგორ შეეხო მირას მისი ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მსახიობმა ქალმა კი წლების შემდეგ მსგავსივე აღმაშფოთებელი ამბავი მოუყვა. ტარანტინომ ასევე იცოდა, რომ როუზ მაკგოუენს ჰქონდა შელაპარაკება ვაინშტაინთან სანდენსის კინოფესტივალის დროს. ცოტა ხნის წინ მაკგოუენმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ვაინშტაინმა ის გააუპატიურა. მაგრამ ვაინშტაინმა ეს ბრალდება უარყო. ის ასევე უარყოფს სხვა ქალების მიერ განცხადებულ არასასურველი სქესობრივი კავშირის ბრალდებებსაც.
რამდენიმე მსგავსი ისტორიის ცოდნის მიუხედავად, რეჟისორს არაფერი უთქვამს და კვლავ განაგრძო მასთან მუშაობა, რის გამოც ძალიან წუხს. ის ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ დანაშაულს ამხელა მასშტაბები შეიძლება ჰქონოდა. “ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ეს ცალკეულ ინციდენტებად მივიჩნიე და ბოდიშს ვიხდი ამისთვის”.
შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა ეს პოზიცია თავად მას და მის კარიერას ჩრდილს, რეჟისორმა განაცხადა, დიდი იმედი მაქვს, არაო.