არაერთი საკულტო ფილმის რეჟისორმა, რიდლი სკოტმა 2018 წელს მორიგი მსხვილბიუჯეტიანი ფილმის გადაღებები გადაწყვიტა. რეჟისორის მიერ დაგეგმილი ისტოიული დრმა, სახელად „The Last Duel“ სახელგანთქმული ამერიკელი მწერილის, ერიკ იაგერის ამავე დასახელების რომანის ეკრანიზაციაა, რომელშიც მოვლენები მე-14 საუკუნის საფრანგეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად რეგისტრირებული უკანასკნელი დუელის ირგვლივ განვითარდება.
პირველ რიგში აღსანიშნავია, თუ როგორი განსაცვიფრებელი დეტალიზებით არის აღადგენილი მშფოთვარე შუა საუკუნეების საფრანგეთი, სადაც ეთიკა, სოციალური მისწრაფებები და სამართლიანობა რაინდობის კოდექსით განისაზღვრებოდა, ხოლო მაშინდელი ინსტიტუტების – ეკლესიის, სასამართლოსა და თინეიჯერი მეფის გულგრილობა, როგორც რიგითი ადამიანებისათვის, ასევე დიდგვაროვანთათვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩენილიყო, განსაკუთრებით კი ქალებისათვის, რომელთაც მეუღლის მხარდაჭერის გარეშე არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ. როგორც უკვე ვახსენეთ, ფილმში მოვლენები საფრანგეთში რეგისტრირებული უკანასკნელი დუელის ირგვლივ ვითარდება, როდესაც ომიდან დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი, ჟან დე კარუჟი (მეთ დეიმონი) შეიტყობს, რომ ბავშვობის მეგობარმა, ჟაკ ლე გრისმა (ადამ დრაივერი) მისი ცოლი, მარგარიტა (ჯოდი კომერი) გააუპატიურა. გაუპატიურებული ქალის რა თქმა უნდა არა არავის სჯერა, საკუთარი მეუღლის (ჟან დე კარუჟი) გარდა, რომელიც ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით პირდაპირ საფრანგეთის მეფე კარლ VI-ს მიმართავს, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად ორი მამაკაცის კონფლიქტი სასიკვდილო დუელით უნდა გადაწყდეს და თუ კარუჟი დამარცხდება, მის მეუღლეს, მარგარიტას ცრუ ბრალდებებისათვის ცოცხლად დაწვავენ. გააუპატიურა, თუ არა ადამ დრაივერის პერსონაჟმა კარუჟის მეუღლე, ამას მხოლოდ ფილმის ყურების შემდგომ შეიტყობთ, თუმცა ყურებისას ემოციათა სრულ პალიტრას განიცდით.
ფილმის ისტორიის თხრობა რაშომონის სტილში მიმდინარეობს, როდესაც ზოგიერთი მნიშვნელოვანი სცენისა თუ ნაწილის მაყურებლისათვის ჩვენება განსხვავებული ან/და არაერთგვაროვანი კუთხით მიმდინარეობს. ველური ბრძოლის სცენები, ფეოდალური პოლიტიკა და რელიგიური პატრიარქატი ნამდვილად მომხიბლავია. საკმაოდ საინტერესოდ არის ნაჩვენები შუა საუკუნეების პოლიტიკური ინტრიგები, როდესაც სხვადასხვა ინდივიდები საკუთარი ხელისუფალის სხვადსხვა ხერხებით „მოთაფლვას“ ცდილობენ. შესანიშნავად არის შესრულებული ორთაბრძოლის სცენები, ხმლებით მოჩეხილი კიდურები, ამოყრილი თვალის კაკლები და საკუთარი ღისების შესანარჩუნებლად, სისხლის ბოლო წვეთამდე მებრძოლი რაინდები.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოვლენები ქალის მოთხრობილი ისტორიის ირგვლივ ვითარდება, ფილმის ქრონოეტრაჟის დიდი ნაწილი, ამა თუ იმ მოვლენების თხრობას, მათ გახსენებასა და სხვადსხვა ადამიანების ვერსიების მოსმენას ეთმობა. მარგარეტის, როლის შემსრულებელი ჯოდი კომერი ნამდვილად შესანიშნავად ასახიერებს პერსონაჟს, თუმცა სამწუხაროა, რომ ესეთ მნიშვნელოვან გმირს ქრონომეტრაჟის საკმაოდ მცირე ნაწილი ეთმობა. მეთ დეიმონსა და ადამ დრაივერზე საუბარიც არ ღირს, რადგან ვარსკვლავები ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არიან და მათი ოსტატობის შემჩნევა ნებისმიერ სცენაში არის შეაძლებელი. ერთი სიტყვით ფილმი ნამდვილად საინტერესო საყურებელია, რომელიც უახლოესი ორი საათნახევრის მანძილზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის ბიუჯეტი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და მისი პრემიერა, გასული წლის 13 ოქტომბერს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა სხვადასხვა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ასევე როგორც მაყურებელის გულებიც დაიპყრო კინოთეატრებში ფილმა საჭირო შემოსავლების მოგროვება ვერ შეძლო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 30 მილიონიანი boxoffice-ით ჩავარდა.
ფილმში მეთ დეიმონის, ადამ დრაივერისა და ჯოდი კორნერის გარდა მონაწილეობას იღებენბენ ბენ აფლეკი, მაიკლ მაკელჰატონი და მარტონ სკოკასი. აქვე აღსანიშნავია, რომ სცენარზე ნიკოლ ჰოლოფენსერთან ერთად დეიმონიც და აფკელიც მუშაობდნენ. ჭკვიანი უილ ჰანტინგის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დეიმონმა და აფლეკმა სცენარს ერთად მოკიდეს ხელი. უკანასკნელი მცდელობა (ჭკვიანი უილ ჰანტინგი) ოსკარით დაგვირგვინდა და ამჯერადაც ფილმს ოსკარზე მინიმუმ არაერთ ნომინაციაში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა როგორც ოსკარის ნომინანტთა სიიდან შევიტყვეთ, ფილმი ვერცერთ ნომინაციაში ვერ მოხვდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დუელის თემატიკაზე სკოტს 1977 წელს ფილმი „დუელანტები“ აქვს გადაღებული.