ბენ აფლეკმა და ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს პროდიუსერმა ლინდსი შუკუსმა თავიანთი რომანი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაასაჯაროეს. თუმცა, წყვილი წინა თვეს ერთმანეთს დაშორდა. როგორც წყარო ამბობს, ამის მიზეზი ბენის ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო.
“ლინდსი ბენს მხარში ედგა და შეხვედრებზეც კი ერთად დადიოდნენ. მისი გამოჯანმრთელება ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.” – ამბობს წყარო.
მიუხედავად ამისა, გარკვეული გარემოებების გამო, ლინდსიმ გადაწყვიტა, რომ სწორედ ბენის ინტერესებში შედიოდა, რომ ისინი ერთად აღარ ყოფილიყვნენ.
“ლინდსისთვის ეს დაშორება ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ ბენის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდიოდა და განზე გადგომა გადაწყვიტა. ის ცდილობდა, ბენთან, რაც შეიძლება, ახლოს დარჩენილიყო, რომ ის სწორ გზაზე ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ლინდსის უნდოდა, რომ ბენი ბედნიერი და ჯანმრთელი ყოფილიყო. ეს რთული, თუმცა სწორი არჩევანი იყო.” – გვიამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.
ამ დაშორების შემდეგ ბენმა ფლეიბოის მოდელთან გააბა რომანი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, მსახიობი, როგორც ჩანს, თავადვე მიხვდა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა და დახმარება თავადვე ითხოვა. სარეაბილიტაციო ცენტრამდე ის ყოფილმა მეუღლემ ჯენიფერ გარნერმა მიიყვანა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ბენი გამოსაჯანმრთელებლად უკიდურეს ზომებს მიმართავს.
პირველად მსახიობმა თავისი პრობლემის შესახებ 2017 წელს ისაუბრა საჯაროდ, როდესაც სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
“მინდა, რომ ცხოვრება ბოლომდე შევიგრძნო და ვიყო საუკეთესო მამა. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის, როდესაც ეს გჭირდება. მინდა ეს მაგალითი იყოს ყველასათვის, ვინც ამ მდგომარეობაშია, თუმცა ამის გამხელის ეშინია.”
ვიმედოვნებთ, რომ ბენის მკურნალობა ამჯერად მაინც გამოიღებს შედეგს.