თუ თქვენც მარველის ფილმების იმ მაყურებელთა რიცხვში ხართ, ვინც თვლის, რომ კაპიტან მარველში, შურისმაძიებლებსა, თუ სხვა რომელიმე ფილმში შეიძლებოდა სულ ოდნავ მეტი სექსუალური სცენა მაინც ყოფილიყო და მხოლოდ კრის ჰემსვორტის, ტომ ჰოლანდისა და მაიკლ ბი ჯორდანის რამდენიმე წელსზემოთ შიშველი სცენით არ კმაყოფილდებით — მარტო არ ხართ.
სწორედ თქვენს პოზიციას იზიარებს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი.
ესპანელი რეჟისორს თქმით, მარველის ფილმები მისთვის არასაკმარისად სექსუალურია და ამის მიზეზად სცენარისტების თვითცენზურას ასახელებს. გარდა ამისა, რეჟისორი თვლის, რომ პერსონაჟები საკუთარ სექსუალობას არასაკმარისად გამოხატავენ.
“სცენარისტები საკუთარ თავს თვითცენზურას უწესებენ. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი ფილმი ვიცით სუპერგმირებზე. თუმცა, სექსუალობა თითქოს უცხოა მათთვის. ისინი ნეიტრალურები არიან და ხშირად, მათი გენდერის იდენტიფიკაციაც შეუძლებელია. ის, რაც მარველის ფილმებს აკლია, მრავლად ნახავთ დამოუკიდებელ კინოფილმებში”, – ამბობს რეჟისორი.
რა თქმა უნდა, ამ განცხადების შემდეგ, ალმოდოვარის მისამართით გაჩნდა კითხვა, დათანხმდება თუ არა ოდესმე მარველის შეთავაზებას გადაიღოს ფილმი სუპერგმირებზე.
“მე მიყვარს როდესაც მუშაობის პროცესში, დღის ბოლოსვე ვხედავ, თუ რა გამოვიდა. ეს ისეთი დიდი ფილმებისთვის, როგორსაც მარველი იღებს შეუძლებელია და გიწევს ლოდინი საბოლოო შედეგის სანახავად. 21 ფილმი გადავიღე და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი მუშაობის სტილი კი ვფიქრობ, ჰოლივუდს ვერ ერგება”, – ამბობს ალმოდოვარი.
ესპანელი რეჟისორის ბოლო ფილმის Dolor y Gloria პრემიერა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე შედგება. სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.
წყარო: Vulture