MoviePass 2011 წელს დაარსებული კინობილეთების გაყიდვის სერვისია, რომელიც გამომწერებისთვისაა გათვლილი. სულ ახლახანს კომპანიამ უპრეცედენტო სერვისი შესთავაზა მომხმარებელს – სულ რაღაც 10 დოლარად ისინი, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ერთი ფილმის ნახვას შეძლებენ კინოთეატრებში.
კინოთეატრის ბილეთებზე ფასი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ეს წინადადება ძალიან მომგებიანია ამერიკელი აუდიტორიისთვის. როგორც Netflix-მა შეცვალა კინოსა თუ სატელევიზიო შოუს ყურების წესები და ის გამომწერებზე ორიენტირებული გახადა, მცირე სხვაობით, მაგრამ იგივე პრინციპით იმოქმედებს MoviePass-იც. საიტზე ან მობილურ აპლიკაციაზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ სპეციალურ ბარათს იღებთ, რომლის შემდეგაც ნებისმიერ კინოთეატრში ბილეთს ფასდაკლებით ყიდულობთ, თვის საწევრო კი მხოლოდ 10 დოლარს შეადგენს.
კომპანიას ამერიკის კინოთეატრების 91%-თან აქვს წვდომა. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, აქცია საპრემიერო ჩვენებებსაც მოიცავს. რა თქმა უნდა, კინოთეატრების ნაწილი უარყოფითად შეხვდა იდეას და ზოგიერთ კრიტიკოსს მიაჩნია, რომ ფასდაკლების გაკეთება და კინომოყვარულის მოზიდვა სხვანაირად აჯობებდა. ასეა თუ ისე, MoviePass-ის გამომწერები უკვე 2 მილიონს მიუახლოვდა.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დაინერგება ეს პრინციპი სხვა ქვეყნებშიც თუ არა, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.