ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული ფილმი ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი რეჟისორისთვის არც ისე წარმატებული პროექტი გამოდგა და ლუკ ბესონის სტუდიას საკმაო ზარალიც მიაყენა. სწორედ ამიტომ, EuropaCorp-მა გადაწყვიტა წელიწადში წარმოებული ფილმების რაოდენობა 10-დან 5-მდე შეამციროს.
სწორედ ამ “საუკეთესო ხუთეულში” მოხვდა 2014 წელს გადაღებული ლუსის სექველი, რომლის სცენარზე მუშაობაც ლუკს უკვე დაწყებული აქვს. 40 მილიონიანი ფილმი სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით თავის დროზე ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო ბაზარზე 463 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მართალია, ლუკ ბესონი ლუსის გაგრძელებას სულაც არ აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვალერიანის მარცხმა მას გეგმები შეუცვალა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა იოჰანსონი ფილმში და როდის დაიწყება მისი გადაღება.
ამჟამად რეჟისორი კიდევ ერთ ახალ ინგლისურენოვან ფილმზე მუშაობს, რომლის მთავარი პერსონაჟიც ასევე ქალია.