გასული პარასკევი საღამო ლინდსი ლოჰანისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მსახიობმა მოსკოვში ყოფნისას არაბული წარმოშობის ოჯახი შენიშნა და ჩათვალა, რომ ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ. ლინდსიმ ინსტაგრამ ლაივი ჩართო და გადაწყვიტა, ბავშვები მშობლებისაგან წამოეყვანა.
როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ლაივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ქალმა და მამაკაცმა, რომლებსაც ლოჰანი მიმართავდა ბავშვებთან ერთად წასვლა გადაწყვიტეს, თუმცა მსახიობი მათ გაჰყვა და პარალელურ რეჟიმში ბავშვებს ეუბნებოდა, რომ არ შეშინებოდათ, რომ მასთან ერთად წასულიყვნენ და რომ მათ ახლა მთელი მსოფლიო უყურებდა. როდესაც მსახიობმა ბავშვისთვის ხელის მოკიდება სცადა, ერთ-ერთმა მშობელმა მას სახეში გაარტყა და გზა ისე განაგრძო. თავად ლინდსი კი გაოგნებული და შეშინებული დარჩა.