სამეფო კარის თამაშები დასრულდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, არ ნელდება… მსახიობები, რომელთაც 8 სეზონის განმავლობაში ვადევნებდით თვალს პოპულარობის პიკზე იმყოფებიან და, დარწმუნებულები ვართ, უამრავ შეთავაზებას იღებენ.
მაშ ასე, ერთად გავიგოთ, თუ სად ვიხილავთ GOT-ის მონატრებულ მსახიობებს მომავალში:
1. ემილია კლარკი
დეინერისის როლის შემსრულებელს მაყურებელი ნოემბერში, რომანტიკულ კომედიაში Last Christmas იხილავს – ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც საშობაო პერიოდში მუშაობას ერთ-ერთ მაღაზიაში ელფად იწყებს. სწორედ აქ გაიცნობს ის მამაკაცს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ამასთანავე, ემილია მონაწილეობას იღებს კიდევ ერთ ფილმში Above Suspiction, რომლის გამოსვლის ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ თრილერი FBI-ს აგენტისა და კენტუკის პატარა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის გარშემო ვითარდება.
2. კიტ ჰარინგტონი
ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი ჯერჯერობით დასვენებას აპირებს და ალბათ უამრავი შემოთავაზებიდან ყველაზე საინტერესოს არჩევას სულაც არ ჩქარობს:
მინდა, ცოტა ხნით განზე გავდგე და ცოტა ხანს სიმშვიდით დავტკბე. თმას შევიჭრი და შევეცდები, ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოვექცე. ცხოვრების ამ ეტაპზე მირჩევნია ახალი, აქამდე გამოუცდელი აქტივობებით დავკავდე!
3. სოფი ტერნერი
მიუხედავად იმისა, რომ სანსას როლის შემსრულებელმა ოჯახი სულ ცოტა ხნის წინ შექმნა, გაჩერებას მაინც არ აპირებს და სულ მალე იქს-ადამიანების ახალ პროექტში, Dark Phoenix მოგვევლინება და კიდევ ერთხელ განასახიერებს ჯინ გრეის.
ამასთანავე, მისი მონაწილეობით გამოვა კიდევ ორი ფილმი – Heavy და Broken Soldier.
4. მეისი უილიამსი
ამჟამად მიმდინარეობს The Owners-ის გადაღება, სადაც არიას როლის შემსრულებელსაც ვიხილავთ. ფილმი მეგობრების ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც ქურდობას ჩაიდენენ, თუმცა ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით სულაც არ წავა…
ამასთანავე, 2020 წელს მაყურებელი იხილავს The New Mutants-ს – საშინელებათა ჟანრის ფილმს 5 მუტანტის შესახებ, რომლებიც თავიანთ ძალებს ტყვეობაში აღმოაჩენენ და გაქცევას შეეცდებიან.
5. პიტერ დინკლეიჯი
ტირიონის როლის შემსრულებელი ცოტა ხნით ეკრანზე გამოჩენისაგან ისვენებს, თუმცა მუშაობას არ წყვეტს და რამდენიმე საბავშვო ანიმაციას გაახმოვანებს. მის ხმას გავიგებთ მულტფილმებში The Angry Birds Movie 2 და The Croods.
ამასთანავე, უკვე დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს ფილმებში The Thicket და The dwarf… გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი პროექტი, The Wild Bunch შეემატოს.
6. ლენა ჰედი
სერსეის როლის შემსრულებელს წინ აქტიური წელი ელის… ის მონაწილეობას მიიღებს ფილმებში The Flood, Gunpowder Milkshake და Crooks.
7. ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ
ეკრანული დისა და საყვარლის მსგავსად, გაჩერებას არ აპირებს ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელიც… სულ მალე მაყურებელი მისი მონაწილეობით იხილავს კრიმინალურ თრილერს Domino. ფილმი მოგვითხრობს პოლიციელის შესახებ, რომელიც საკუთარი პარტნიორის მკვლელობას იძიებს.
ამასთანავე, ის მონაწილეობას მიიღებს ფილმებში – Suicide Tourist, Notat და The Silencing.
8. გვენდოლინ კრისტი
ბრიენის როლის შემსრულებელი ორ ფილმში მოგვევლინება: The Personal History of David Copperfield ჩარლზ დიკენსის ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება, The Friend კი მოგვითხრობს მამაკაცის შესახებ, რომლის ცოლიც მძიმედ არის დაავადებული და რომლის საუკეთესო მეგობარიც დახმარების მიზნით საცხოვრებლად მათთან გადადის.
9. აიზეკ ჰემპსტედ რაიტი
ასევე ორ ფილმში მოგვევლინება ბრანის როლის შემსრულებელი – The Blue Mauritius ხუთი ქურდის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ავსტრალიაში ხვდებიან და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკის მოპარვას აპირებენ, ხოლო Voyagers კი სამეცნიერო ფანტასტიკაა კოსმოსში გაგზავნილი ბავშვების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე სახლდებიან.