კრის ჰემსოურთს დღეს-დღეობით საკმაოდ წარმატებულ და კარგ მსახიობად ვიცნობთ. მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე პრესკონფერენციებსა თუ სხვა ტიპის მედია ღონისძიებების დროს თვალშისაცემია, თუმცა კარიერის დასაწყისში მსახიობი მსგავსი თავდაჯერებულობით ვერ დაიკვეხნიდა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან აღიარა, რომ ეჭვის თვალით უყურებდა საკუთარ მსახიობურ შესაძლებლობებს. ეს ფაქტი შეგვახსენებს, რომ ვარსკვლავებიც ერთ დროს ისევე განიცდიან საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, როგორც ყველა ჩვენგანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე და რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, თავისი შიშებითა და იმედგაცრუებებით.
როგორც აღმოჩნდა თორის გმირის შესრულებამ თორში მსახიობის კინოკარიერა რადიკალურად შეცვალა და ამაში მხოლოდ პოპულარობა და ფინანსური წარმატება არ იგულისხმება. თორი ასევე პროფესიონალური კუთხით დიდი ნაბიჯი იყო ჰემსუორთისთვის.
მარველის სუპერგმირამდე ჰემსუორთის პირველი როლი მხატვრულ ფილმში ბლოკბასტერი ვარსკვლავური გზა იყო 2009 წელს. ამ ფილმს რამდენიმე კრიმინალური თრილერიც მოჰყვა უმნიშვნელო როლებით, სადაც დიდად დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია. 2011 წელს მსახიობი მარველის კინოსამყაროს შეუერთდა. ავსტრალიელი მსახიობისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, თანაც ის ამერიკაში ახალი ჩასული იყო. ჰემსუორთს არც სამსახიობო წვრთნა ჰქონდა გავლილი და ყველა მისი წინა როლი ნატურალისტური იყო ანუ პრაქტიკულად თავის თავს განასახიერებდა. მსახიობობა მისი დიდი ოცნება იყო და ამ პროფესიის ქონა იმიტომაც სურდა, რომ გამომუშავებული ფულით მშობლებს სახლს გამოისყიდდა. ასეთი „ვარდისფერი“ შეხედულება ჰქონდა მოზარდ ჰემსუროთს კინოინდუსტრიაზე.
ვარსკვლავური გზის შემდეგ, ჰემსუორთს მოსმენების ყველაზე რთული დღეები დაუდგა, როდესაც ერთიმეორეს მიყოლებით უარს ეუბნებოდნენ. ამას დაერთო ნერვული შფოთვაც, რაც სინჯებზე მისულ მსახიობს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებდა. ასე გამოჩნდა მხსნელად თორი, რომელიც კინაღამ მისმა ძმამ, ლაიამ ჰემსუროთმა წაართვა (ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ სინჯები ლაიამმაც გაიარა, თუმცა საბოლოოდ როლი მას ერგო).
უკვე ათი წელი გავიდა და ჰემსუორთმა მარველის სუპერგმირს ცხრა კომიქსის ეკრანიზაციაში შეასხა ხორცი, როგორც ცალკე მდგომ ფილმებში, ისე გაერთიანებულებში (და აქ უპირველესად შურისმაძიებლები უნდა ვახსენოთ). ფილმებიდამ გამოჩნდა, რომ მსახიობს უყვარს კომედია და მის გმირში კომედიური ელემენტების აღმოჩენა. ის კევინ ფაიგთან ერთად ახალ შესაძლებლობებს მუდამ განიხილავს. მაგალითად, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო ცოტა მოსუქებული და წვერებიანი თორის ხილვა რაგნაროკში, რაც კომიქსური გმირისთვის არატიპურია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა მომავალში მსახიობს კიდევ ერთ რკინის უროიან კაცად, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდება. ახლა კინოგაქირავებაში მისი მონაწილეობით “ადამიანები შავებში” გადის, რომელიც არც ისე წარმატებულია.
ჰემსოურთი კარიერაში ერთწლიან პაუზას იღებს, რომ მეტი დრო გაატაროს ოჯახთან. მომავალი პროექტები კი საკმაოდ საინტერესო ჩანს: კომედიური ფილმი “ჯეი და მდუმარე ბობის” რიბუთი, რომელსაც კევინ სმიტი იღებს. ექშენ დრამა “Dhaka“, სად ჰემსუორთი ტაილერ რეიკის როლს შეასრულებს. ყველაზე საინტერესოდ ბიოგრაფიული ფილმი გამოიყურება, რომლის სახელწოდებაც ჯერ უცნობია და სადაც მსახიობი ამერიკელი რესლერის, ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს. რეჟისორი ტოდ ფილიპსი იქნება.
ახლა საინტერესო მხოლოდ შემდეგია, შეძლებს ჰემსუორთი თავი დააღწიოს თორს და მისი კინოკარიერა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს? ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.