ჰოგვორტსის კლუბებში განაწილება მთელი ფილოსოფიაა და ამ საქმეს ფრიად გამოცდილი, მრავალჭირნახული გამანაწილებელი ქუდი უძღვება. ეს მოლაპარაკე, ბრძენი ქუდი თვით ჰოგვორტსის დამაარსებლებმა ჯადოქრებმა დანიშნეს სტუდენტების გასანაწილებლად და მას შემდეგ ჯადოსნური, გონებისა და აზრების კითხვის ნიჭით დაჯილდოებული ქუდი ჰოგვორტსში სწავლის მსურველ პატარა ჯადოქრებს ოთხ კლუბში – გრიფინდორში, სლიზერინში, რეივენქლოსა და ჰაფლეპაფში ანაწილებს.
ჰარი პოტერში აღწერილი განაწილების ეს დიდებული სისტემა პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აიტაცა მსოფლიომ. პოტერომანების გასახარად, არსებობს უამრავი ტესტი, რომელიც მართალია გამანაწილებელ ქუდს ვერ შეედრება, მაგრამ ფსიქოტიპის დადგენის საშუალებით ჯადოქრული სამყაროს მოყვარულებს მაინც აძლევს საშუალებას, მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის კლუბელად იგრძნონ თავი.
თუ თქვენ პოტერომანად თვლით თავს, დიდი შანსია, გამანაწილებელი ქუდის ტესტი უკვე გაკეთებული გქონდეთ და იცოდეთ, რომელ კლუბს მიეკუთვნებით. თუ ჯერ არა, მაშინ მიმართეთ ჰარი პოტერის ოფიციალურ ფანდომ საიტს – www.pottermore.com-ზე არსებულ განაწილების ტესტს და დაადგინეთ, რომელია თქვენი ჰოგვორტსის კლუბი.
ჩვენ კი ვეცდებით, თქვენი კლუბის მიხედვით დავადგინოთ, რა თვისებები და მახასიათებლები ჭარბობს თქვენს პიროვნებაში.
გრიფინდორი
ეს ჰარი პოტერის, ჰერმიონ გრეინჯერისა და მთელი უისლების კლუბია. თუ თქვენც გრიფინდორს ეკუთვნით, საამაყოდ გაქვთ საქმე. გრიფინდორი მამაცი, ერთგული, გულადი, გამბედავი და რაინდული ბუნების ადამიანებისთვისაა. ტყუილად არ აქვს კლუბს სიმბოლოდ ლომი. ნამდვილი გრიფინდორელია ის, ვინც გაჭირვებისას მხარში დგომა არ ესწავლება. მამაცი გული გრიფინდორელის მთავარი მახასიათებელია, თუმცა ამ კლუბელებს შესაშური ნერვებიც აქვთ. მათი მოთმინებიდან გამოყვანა იოლი არაა.
იმის გამო, რომ გრიფინდორელთა თვისება ერთგულება და გვერდში დგომაა, ეს კლუბი განსაკუთრებული სიმტკიცით და გუნდურობით გამოირჩევა. გრიფინდორელმა იცის მეგობრობის, თანამშრომლობის და თავისიანის ფასი. გრიფინდორელის დევიზია: “გააკეთე სწორად”.
გრიფინდორელობა ნიშნავს, თავგადასავლების მაძიებელი და ხანდახან თავზეხელაღებული მეგობარი იყო, მაგრამ ყველაფერს, რასაც გრიფინდორელი გააკეთებს, მართალი გულით იქნება გაკეთებული.
რეივენქლო
რეივენქლო ცნობილია თავისი სიბრძნით, ინტელექტით, შემოქმედებითობითა და ცოდნისმოყვარეობით. თუ ცოდნას ყველაზე მეტად აფასებთ, თქვენი ადგილი უეჭველად რეივენქლოშია. ამავე დროს, მათი გაგება იოლი საქმე არაა, რეივენქლოელები ცოტა არ იყოს, უცნაური და ახირებული ტიპები გახლავთ. კლუბის დევიზია: “გააკეთე ბრძნულად”.
შეიძლება რეივენქლოელი ცოტათი “ყოვლისმცოდნედ” და “ჭკუის კოლოფად” მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მოჩვენებითი არ იქნება – ის მართლაც ასეთია. შესაბამისად, მათ არ უჭირთ მართლაც ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება.
თუ მეგობრები უცნაურ, ახირებულ და თავისებური ხასიათის მქონედ მიგიჩნევენ და რჩევებისთვის ყოველთვის თქვენ მოგმართავენ, თქვენ კი ბრძნულ დარიგებებს არ იშურებთ, ესე იგი ჭეშმარიტი რეივენქლოელი ხართ.
ჰაფლეპაფი
ამ კლუბში აფასებენ სიბეჯითეს, თავდადებას, სამართლიანობას, მოთმინებას და ერთგულებას. ჰაფლეპაფი ცოტა არ იყოს, დაუფასებელი კლუბია, არადა, მას მართლაც შესაშური თვისებების ჯადოქრები ჰყავს შემოკრებილი. ჰაფლეპაფელს გააჩნია ის, რითც ბევრი ვერ დაიკვეხნის: სამართლიანობა და სიმართლე. მათი დევიზია: “აკეთე ის, რაც კარგია”.
გაითვალისწინეთ: ის თავად ჯოან როულინგის საყვარელი კლუბია.
ჰაფლეპაფი ყველაზე “საყვარელი” კლუბია – კეთილი, გულისხმიერი და სამართლიანი წევრებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლუბში ჭკვიანები და მამაცები არ არიან – უბრალოდ სამართლიანობა მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას. გაიხსენეთ სედრიკ დიგორი.
თუ აღმოაჩინეთ, რომ იყო კეთილი – ეს საუკეთესო რამაა, რაც საკუთარ თავს გაუკეთებთ, თუ ირჩევთ სიკეთეს და არ შეგიძლიათ, სხვას გული ატკინოთ, გილოცავთ, ნამდვილი ჰაფლეპაფელი ხართ.
სლიზერინი
სლიზერინი მარჯვე, ამპარტავანი, გონებამახვილი, ამბიციური, ჭკვიანი და მიზანდასახული ხალხის კლუბია. სლიზერინელი ნამდვილი ლიდერია – მას ყოველთვის პირველობა სურს. “გააკეთე, რაც საჭიროა” – ეს კლუბის დევიზია.
გრიფინდორის მსგავსად, სლიზერინიც საკმაოდ შეკრული კლუბია და მისი წევრები მხარს უჭერენ ერთმანეთს. სლიზერინელები თავისიანს მხარში უდგანან, გონება კი რეივენქლოელებივით მახვილი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბიდან ბნელი მაგიის მიმდევარი ბევრი ჯადოქარი გამოვიდა, სლიზერინელებს შეცდომით მიიჩნევენ ბოროტებად. ბნელი ჯადოქრების გუნდთან შეერთება ზოგიერთი სლიზერინელის მეტისმეტი ამბიციურობისა და ძალაუფლების წყურვილისგან იყო გამოწვეული. მათი არჩევანის გამო ყველა სლიზერინელი შეცდომით არ უნდა განვსაჯოთ. სლიზერინი დიდებულია, ცოტა ქედმაღალი, მაგრამ ძალზე გონიერი. თუ თქვენი მეგობარი სლიზერინელია, უნდა იამაყოთ: მან თქვენ ათასში ამოგარჩიათ.
ასეა თუ ისე, რომელ კლუბსაც უნდა ეკუთვნოდეთ, გახსოვდეთ – თვით გამანაწილებელი ქუდიც კი არაა შეუმცდარი და გამონაკლისი ყველა წესიდან არსებობს. დაგვეთანხმებით: სევერუს სნეიპი – ამქვეყნად ერთ-ერთი უმამაცესი კაცი არა გრიფინდორიდან, არამედ სლიზერინიდან იყო.