შვიდ წიგნში და რვა ფილმში მოქცეული ჯადოსნური სამყარო რომ თანამედროვეობის ნამდვილი ფენომენია, ამაზე ყველა თანხმდება. პოტერიადა, რომელმაც ჩვენი ათასწლეული ბევრად მაგიური, მშვენიერი და საოცარი გახადა, ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებული და საყვარელი ლიტერატურულ ნაწარმოებია, ხოლო ფილმები – ამ მაგიური სამყაროს ვიზუალური განსახიერება. პოტერომანები დღემდე აქტიურად განიხილავენ წიგნებს და ფილმებს, მათ ყოველ ახალ აღმოჩენაზე აოცებთ ამ სამყაროს მრავალფეროვნება, ამოუწურავი დეტალები და კითხვები, რომლებზეც ავტორს პასუხი დღემდე არ გაუცია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 16 მნიშვნელოვან კითხვას, რომლებზეც შეიძლება თავგადაკლულ პოტერჰედსაც კი არ უფიქრია. ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ამ თავსატეხებზე.
1. რატომ ვერ შეამჩნიეს ონავრების რუკაზე ფრედმა და ჯორჯმა, რომ რონს ვიღაც პიტერ პეტიგრიუსთან ეძინა?
გაგახსენებთ, რომ ჰოგვორტსის დერეფანში მოსიარულე პიტერ პეტიგრიუს ლაქა ონავრების რუკაზე პირველად ჰარიმ შეამჩნია. მანამდე უისლების ვირთხად შენიღბული პეტიგრიუსთვის, რომელიც ჯერ პერსის ეკუთვნოდა, შემდე კი რონს, ყურადღება არავის მიუქცევია. როგორ გამორჩათ ონავრების რუკაში მოკირკიტე ტყუპებს, რომ მათ ძმას ოთახში ვინმე პიტერი ჰყავდა? ონავარმა უისლებმა რონზე საქილიკო ამისთანა მიზეზი ხელიდან როგორ გაუშვეს?
2. სად მდებარეობს დურმსტრანგი?
წიგნის მიხედვით, მაგიისა და ჯადოქრობის ევროპული სკოლა დურმსტრანგი, რომელშიც ბულგარეთის ნაკრების ცნობილი სიკერი ვიქტორ კრამი და ვოლდემორის წინამორბედი ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი სწავლობდა, “ჩრდილოეთის მაღალ მთებში” მდებარეობს. მაგრამ კონკრეტულად სად? არსებობს რამდენიმე ვერსია:
- ამბობენ, რომ რომელიღაც ინტერვიუში (რომლის სანდო წყაროც არ არსებობს) ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ დურმსტრანგი ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს. თუმცა ამ ვერსიის საწინააღმდეგო არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ დურმსტრანგის გერბზე სკოლის სახელი კირილიცათიც წერია, რაც სკანდინავიისთვის უცხოა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკლესიის ხახვისებურ გუმბათს ფონზე, ასევე ორთავიან არწივს, რომელიც ბევრი პოსტბიზანტიური ქვეყნის სიმბოლოა. ასე რომ, სკანდინავიის ვერსია საკმაოდ სუსტია.
- აღმოსავლეთ ევროპა – გონივრული ვარიანტია. ვიქტორ კრამი ბულგარელია. გარდა ამისა, ცეცხლოვან თასში ჰოგვორტსის სტუმარ დურმსტრანგელებს სლავური გვარებით მოიხსენიებენ. ამ ვერსიას ამყარებს დურმსტრანგის გერბზე კირილიცა, ხახვისებური გუმბათი და მკაცრი კლიმატი (რაც შეიძლება კარპატების მთების კლიმატიც იყოს). ბულგარეთის გარდა არსებობს ორი გამოკვეთილი კანდიდატი: ალბანეთი და რუმინეთი. წიგნში ნათქვამია, რომ სიკვდილის მხვრელი იგორ კარკაროვი 1981 წელს, როცა ვოლდემორი პოტერების სახლში მოულოდნელად გაუჩინარდა, შეშინებული ალბანეთში გაიქცა. რაც შეეხება რუმინეთს, ის ზოგადად “მაგიური” ქვეყანაა – ტრანსილვანია, ვლად ცეპეშის, იგივე დრაკულას ისტორიები, შავი ტყე, მთები და ტბები. შესაბამისად, შესაფერისი ადგილი ჯადოქრობის სკოლისთვის.
- ბევრის აზრით, დურმსტრანგი რუსეთში, კერძოდ მის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც მთებიც არის, ზღვაც, ჩრდილოეთის ცივი კლიმატიც და გრძელი ღამეებიც. ჰერალდიკაც შესაფერისია და ბრიტანეთის ჩრდილოეთშიც (სადაც მდებარეობს ჰოგვორტსი) ზღვით მისვლა შესაძლებელია. ამ თეორიის წინააღმდეგ შეიძლება მოვიყვანოთ პოტერის სამყაროს თემატიკაზე შექმნილი თამაში Wonderbook (რომლის ტექსტებიც თავად ჯოან როულინგმა დაწერა), რომელშიც ჯადიქრობის სულ სხვა რუსული სკოლაა ნახსენები: ესაა “კოლდოვსტვორეცი” (რუს. “ჯადომქმნელი”). ამ სკოლაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იქ ქვიდიჩის განსაკუთრებულ სახეობას თამაშობენ: მოთამაშეები არა ცოცხებით, არამედ ხის ფესვებზე გადამსხდარები დაფრინავენ. შესაბამისად, დურმსტრანგის ზუსტი ლოკაცია ისევ გაურკვეველი რჩება.
ამრიგად, ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად სად მდებარეობს დურმსტრანგი, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კითხვაზე პასუხს “ჯადოსნური ცხოველების” მომდევნო ფილმები გაგვცემს.
3. სად არის ჰარი პოტერის ბებია-ბაბუა?
ბევრს აოცებს ის ფაქტი, რომ ლილი და ჯეიმს პოტერები საკმაოდ ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ამ დროს ჰარის არც დედის და არც მამის მხრიდან ბებია-ბაბუა არ ჰყავს. ფანებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლილის (და პეტუნიას) მშობლები ავარიაში დაიღუპნენ, ჯეიმს პოტერის მშობლები კი – დრაკონის ყვავილის დაავადებით. რა ასაკში და რა ვითარებაში დაკარგეს ლილიმ და ჯეიმსმა მშობლები, წიგნებში ამაზე ინფორმაცია არაა.
4. ჰაგრიდს დედა გოლიათი ჰყავს, მამა კი – ადამიანი. წმინდა ფიზიოლოგიურად, როგორ შეიძლებოდა დაბადებულიყო ჰაგრიდი?
პირველი ის უნდა ითქვას, რომ ჰაგრიდი წიგნში ერთადერთი ნახევარგოლიათი არაა. ლოგიკის მიხედვით, მისი მსგავსი მეტისების შესაქმნელად მხოლოდ რაიმე შელოცვა ან წამალი თუ გამოდგება, თორემ ფიზიკურად წარმოუდგენელია, როგორ დააორსულა ჩვეულებრივმა, თუნდაც ზორბა ტანის კაცმა გოლიათი ქალი.
5. ნუთუ არ შეიძლებოდა, წარსული “დროის მდევრით” გამოესწორებინათ?
“ვწუხვარ შენი მშობლების გამო, ჰარი, მაგრამ არ არსებობს შელოცვა, რომელიც მათ უკან დააბრუნებდა… თუმცა არსებობს დროის მდევარი, რომელსაც მხოლოდ ჰიპოგრიფისა და სირიუს ბლექის გადასარჩენად გამოვიყენებთ…” – დამბლდორის ეს პერიფრაზი პოტერჰედებში ცნობილი ხუმრობაა, თუმცა დროის მდევრის თემა ბევრ კამათსაც იწვევს. მართლაც, თუ შესაძლებელია ბაკბიკი გადაარჩინო, რატომ არ დაბრუნდები შორეულ წარსულში და არ გადაარჩენ უდანაშაულო ლილის, ჯეიმსს და კიდევ ბევრ სხვას?
ამ თეორიას შემდეგი არგუმენტები ეწინააღმდეგება:
- შორეულ წარსულში მოგზაურობა ფიზიკურად შეუძლებელია და მისი ერთი პატარა დეტალის შეცვლაც კი სრულიად ცვლის მომავალს (მსგავსი ამბავი ვითარდება ჯოან როულინგის თანაავტორობით შექმნილ პიესაში “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”).
- წარმოიდგინეთ, მავანმა წარსულში ვოლდემორის მოსაკლავად დაბრუნება გადაწყვიტა და შემთხვევით მოკვდა. ის აწმყოშიც გაქრება. შესაბამისად, ვერც წარსულში მოგზაურობას მოახერხებს. პარადოქსია, ხომ? სწორედ ამიტომ, დროის მდევრით წარსულის შეცვლა სასტიკად აკრძალულია.
6. ასეთი კეთილი და მამაცი ჯეიმს პოტერი, სევერუს სნეიპს რატომ ექცევა ასე სასტიკად?
მკითხველებს, ისევე როგორც თავად ჰარის, ჯეიმს პოტერის იდეალიზებული სახე წარმოუდგენია. იგი პატიოსანია, სამართლიანი, გაბედული, ყველას მიმართ კეთილი… მაგრამ სნეიპის მოგონებებში ჰარი სრულიად სხვანაირ მამას აღმოაჩენს: მჩაგვრელ და გაყოყოჩებულ თინეიჯერს, რომელიც თავისზე სუსტებს დასცინის და აწვალებს.
სინამდვილეში, ჯეიმს პოტერი სულაც არ იყო იდეალური. ის ნიჭიერი, სიმპათიური, ქვიდიჩის ბრწყინვალედ მოთამაშე მოსწავლე იყო, ოჯახში კი – განებივრებული შვილი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონდა და საამისოდ სკოლის წესების დარღვევას და სხვების დაცინვასაც არ ერიდებოდა. სინამდვილეში ხომ აბსოლუტურად კარგი ან ცუდი ადამიანები არ არსებობენ, ავტორსაც სწორედ ასეთი, არაიდეალური პერსონაჟის შექმნა სურდა.
7. რა არსებები არიან დემენტორები და საიდან გაჩნდნენ?
დემენტორებს წყაროები XV საუკუნიდან მოიხსენიებენ – იმ დროიდან, როცა აზკაბანის ციხე აიგო. ჯადოქარი ეკრიზდისი, რომელმაც ეს სიმაგრე შორეულ, უცნობ კუნძულზე ააშენა, ყველაზე ბნელი, შავი მაგიის ხერხებით აწამებდა და ხოცავდა მაგლ მეზღვაურებს. უცნობია, კუნძულზე რა მიზნით დარჩნენ დემენტორები, მაგრამ ჯადოქრებისთვის, რომელთაც ისინი პირველებმა აღმოაჩინეს, ცხადი გახდა, რომ იქაურობას ვერანაირი ძალით ვერ დაატოვებინებდნენ. დემენტორების შიშით ამ ციხესიმაგრის განადგურებაზე ვერც კი იფიქრებდნენ.
Harry Potter Wiki
მოგვიანებით, უკვე მე-18 საუკუნეში, მაგიის სამინისტრომ ციხესიმაგრის ტერიტორია საპატიმროდ აქცია. ეს ნაბიჯი გამართლებულად მიიჩნიეს ორი მთავარი მიზეზის გამო: სამინისტრომ ციხის დაცვაზე თანხები დაზოგა, დემენტორებს კი “საზრდო” გაუჩინა. თუმცა 1996 წელს ეს საშინელი არსებები ბნელი ლორდის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, ამ უკანასკნელმა კი მათ ნება დართო, მისი მსხვერპლის სული მთელი ქვეყნის მასშტაბით შეესრუტათ. ვოლდემორის დამარცხების შემდეგ ისინი სავარაუდოდ ისევ აზკაბანს დაუბრუნდნენ.
8. რატომ არ იყენებენ ჯადოქრები ბუს ფოსტის ნაცვლად ტელეფონს?
არა, მართლა: ხომ შეიძლებოდა სირიუსის გადარჩენა, დამბლდორისთვის დროულად, მობილურით რომ შეეტყობინებინათ სამინისტროში მომხდარი ამბავი? ისინი ხომ მშვენივრად სარგებლობენ მაგლური ტრანსპორტით (მაგ. ჰოგვორტსის ექსპრესი), ფოტოგრაფიით (მადლობა მათ გიფებისთვის) და ქვიდიჩის თამაშებზე სრულიად არამაგიური ხმის გამაძლიერებლებით. რას ერჩიან მობილურებს? სიუჟეტის მოქმედება 1991-1998 წლებში მიმდინარეობს და ფიჭური კავშირგაბმულობა აშკარად გამოგონებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰოგვორტსის მაგიური დაცვა შელოცვების უმეტესობას ბლოკავს და შეიძლება მობილურის ქსელებიც არ მოქმედებს, მაგრამ ნუთუ ეს დაბრკოლება სტაციონარულ, სახაზო ტელეფონზეც მოქმედებს?
9. რატომ არ მონაწილეობდნენ ვოლდემორთან ბრძოლაში სხვა ქვეყნების ჯადოქრები?
გასაოცარია, ვოლდემორის ძლიერების ზენიტში რატომ არ ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნების მაგები ბრიტანეთის მაგიის სამინისტროს. თუმცა, აშკარაა, ეს არ მომხდარა იმავე მიზეზით, რის გამოც მაგლების მთავრობები ერთმანეთის სახელმწიფო საქმეებში არ ერევიან. ჯადოქრებს რას გაუგებ…
10. შესაძლებელია ავადა კედავრათი თავი მოიკლა?
იმისთვის, რომ სასიკვდილო შელოცვამ იმოქმედოს, ჯადოქარმა არამარტო მაგლების ყურისთვის გასაგონი სიტყვათშეთანხმება უნდა წარმოთქვას, არამედ მთელი გულით უნდა სურდეს მოწინააღმდეგის მოკვლა. ამრიგად, ლოგიკის მიხედვით, როცა ადამიანი სულით და გულით ისურვებს სიკვდილს, ავადა კედავრას წარმოთქმა თავის მოსაკლავად საკმარისი იქნება.
11. რატომ არ მოსწონდა სნეიპს ჰერმიონი, როცა სულ იმას ჩიოდა, გარშემო ყველა უვიცები ხართო?
ჰერმიონი ყველა მასწავლებლის რჩეულია – ნამდვილი ტვინიკოსი, ყოვლისმცოდნე და ბეჯითი. ნიჭიერებით ლილი პოტერსაც კი ჰგავს. სწორედ ამიტომ, არსებობს პოტერომანების ფრთა, რომელიც სნეიპი-გრეინჯერის წყვილს გულშემატკივრობს და ამ თემაზე უამრავი ფან-ისტორიაც კი დაწერილა.
სინამდვილეში ამ პარადოქსს ერთ-ერთი ფანის არგუმენტი აქარწყლებს:
“სნეიპი ამბობდა, რომ ჰერმიონის პასუხები მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან ამოღებული ზუსტი ციტატები იყო. არადა, ნახევარპრინცის წიგნი რომ გავიხსენოთ, მივხვდებით: სნეიპი დამოუკიდებლად აზროვნებდა, წიგნის მითითებებს ხშირად სცდებოდა, ცვლიდა დაწერილ წესებს, ფორმულებს, შელოცვებს და ახლებს იგონებდა. ასე რომ, სნეიპს ასეთი, შემოქმედებითი მოსწავლეები მოსწონდა”.
12. იცოდა თუ არა დამბლდორმა ყველაფერი წინასწარ?
დამბლდორი, როგორც განსაკუთრებული უნარის, ძალისა და სიბრძნის მქონე ჯადოქარი, ყველაფერს უმალ ხვდებოდა. მან ზუსტად იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ვოლდემორთან ბრძოლა, სხვა შემთხვევაში ის არ გასწირავდა ამდენ, მათ შორის საკუთარ სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, ბევრი ფანი ამტკიცებს, რომ მან წინასწარ არაფერი იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა (გარდა იმისა, რომ ვოლდემორი მისი მოწინააღმდეგეა, ჰარი კი – ვოლდემორის ჰორკრუქსი). გაიხსენეთ: მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მთელი წელი სკოლაში ცრუ მრისხანეთვალა მუდი ასწავლიდა, ასევე ვერ მიხვდა, რომ პროფესორი ქვირელი ჩალმით ვოლდემორის ნარჩენს დაატარებდა, თავდაპირველად ვერ გადაწყვიტა, ერწმუნა თუ არა სნეიპის, არ იცოდა, რომ ჰოგვორტსის ჯურღმულში გიგანტური ბასილისკო ცხოვრობდა და ა.შ. დიახ, არავინ დავობს, რომ დამბლდორი ბრძენი და დიადი ჯადოქარია, მაგრამ მანაც კი არ იცის ყველაფერი და შეცდომებსაც უშვებს.
13. რატომ არ აქვს ფული უისლების წმინდასისხლიან, უძველეს ოჯახს?
ჯადოქრულ სამყაროში სიღარიბე, ცოტა არ იყოს, რთული წარმოსადგენია – ჯადოქრობის წყალობით ათასი რამის გადაქცევ-გადაკეთება, ზომაში გაზრდა და გაბევრებაა შესაძლებელი. ამიტომ მართლაც გასაოცარია ის ფაქტი, რომ ძველ ჯადოქრულ ოჯახებს (მაგ. პოტერებს, მალფოებს) ქონებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, უისლებს კი ხშირად შვილებისთვის ახალი ტანსაცმლისა და წიგნების ყიდვა არ შეუძლიათ.
პოტერომანები 3 მთავარ მიზეზს ასახელებენ:
- ოჯახში 9 ადამიანია, გარდა ამისა რამდენიმე ბუ, ვირთხა და სხვა შინაური ცხოველი. და მუშაობს ერთადერთი ადამიანი – არტურ უისლი! განა რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ერთ ადამიანს, თუნდაც ჯადოქარს?
- არტური მაგიის სამინისტროს ყველაზე არაპრივილეგირებულ – მაგლური საგნების არამიზნობრივი გამოყენების განყოფილებაში მუშაობს, რომელშიც სულ ორი ადამიანია დასაქმებული.
- უისლების ოჯახი ყოველთვის არაამბიციური და მოკრძალებული იყო. მათთვის უმთავრესია ოჯახური და არა მატერიალური ფასეულობები. ავტორი მთელი სერიის განმავლობაში ამას უსვამს ხაზს – რომ სინამდვილეში ბედნიერება ქონებაში სულაც არაა, არამედ ურთიერთსიყვარულსა და ერთიანობაში.
14. რატომ არ უყვართ პოტერომანებს ჯინი?
ჰერმიონი, ლუნა ლავგუდი და ჰარის გარშემო მყოფი სხვა გოგონები გაცილებით მიმზიდველი პიროვნებები არიან, ვიდრე ჯინი უისლი – სწორედ ეს შთაბეჭდილება რჩება პოტერიადას მაყურებელს, რადგან სცენარისტებმა აიღეს და ჯინის პერსონაჟი უმოწყალოდ დაჩეხეს, მსახიობი ბონი რაიტი ჯერ რუპერტ გრინის (რონის), შემდეგ კი დენიელ რედკლიფის (ჰარი პოტერი) უბრალო დანამატად აქციეს. წიგნის მიხედვით ჯინი პოპულარული, შესანიშნავი მოსწავლე, მამაცი და ლამაზი გოგოა – ჰერმიონზე არანაკლებ ნიჭიერი, რომელიც საკუთარ შელოცვებსაც კი იგონებს.
15. რატომ აირჩია ჰერმიონმა ცოტა უხეირო რონი და არა იდეალური ჰარი?
ჰარი და ჰერმიონი მაგლების ოჯახებში გაიზარდნენ, ისინი მაგლების ცხოვრების წესს იყვნენ შეჩვეულები და ჰოგვორტსიდან მიღებული წერილი მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს ბევრი რამით ჰგვანან, კარგად უგებენ, რის გამოც ლოგიკურად ბევრი ელოდა, რომ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა განვითარდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. აი, მინიმუმ 2 მიზეზი, რის გამოც ჰერმიონმა რონი აირჩია:
- წინააღმდეგობრივი ხასიათი ხშირად სიყვარულს წარმოშობს. ჰერმიონი და რონი განსხვავდებიან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ. რონი ჯადოსნურ სამყაროს ჰერმიონზე კარგად იცნობს, არ ითვალწუნებს ადამიანებს მაგლური წარმოშობის გამო. მხარს უჭერს გადამწყვეტ მომენტებში, იცავს. კი, აქვს თავისი ნაკლებიც, მაგრამ მთავარია, რომ გონიერი, მამაცი და შესანიშნავი იუმორის მქონეა.
- საინტერესო თეორია ფსიქოლოგიურ ასპექტში:
“წყვილებს შორის ხშირად არსებობს “მშობელი-შვილის” ტიპის დამოკიდებულება. შემთხვევაში ჰერმიონი ტიპური “მშობლის” ტიპაჟია, რომელიც რონს, როგორც “შვილს” უყურებს და ცდილობს “აღზარდოს”. ჰარის შემთხვევაში ეს მოდელი არ გამოდგება, რადგან ჰერმიონი მას “შვილად” არასდროს მიიჩნევდა, პირიქით, მის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას და აღფრთოვანებას გრძნობს. შესაბამისად, ჰარისთან ასეთი მოდელი არ გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ აირჩია მან რონი.”
16. ლილის და ჯეიმსს ბიჭის ნაცვლად გოგონა რომ შესძენოდათ, ეყვარებოდა ის სევერუს სნეიპს?
პროფესორი სნეიპი ეპოპეის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. მომენტს, როცა ის ატირებული იკრავს გულში გარდაცვლილ ლილის, გულგრილად ვერავინ უყურებს. მან ლილის ხსოვნის გამო მთელი დარჩენილი ცხოვრება ჰარი პოტერის დაცვას მიუძღვნა. ჰარის, რომელშიც ლილი უყვარდა, მაგრამ თან სძულდა იმის გამო, რომ ის ჯეიმს პოტერის შვილიც იყო. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომანის მთავარი გმირი ბიჭი კი არა გოგონა რომ ყოფილიყო? ჰარის მსგავსად რჩეული, იმავე მოვლენების ეპიცენტრში მოხვედრილი, შუბლზე იმავე ნაიარევით, მაგრამ ლილი პოტერის პატარა ასლი? რა დამოკიდებულება ექნებოდა მის მიმართ სნეიპს? მართლაც დამაფიქრებელი საკითხია, თუ როგორ წარიმართებოდა ლილის გოგონას ისტორია.