“ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და მილენიუმის დასაწყისის კინემატოგრაფიული შედევრია. ფენტეზის ლეგენდის – ჯ.რ.რ. ტოლკინის საკულტო ნაწარმოების პიტერ ჯექსონისეულმა ეკრანიზაციამ გამოსვლისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ბეჭდების მბრძანებლის ფანების რიცხვი ერთიათად გაზარდა.
პიტერ ჯექსონის ტრილოგიის ანგარიშზე არის 17 ოსკარი, რომლიდანაც 11 მესამე ნაწილმა, მეფის დაბრუნებამ მოიპოვა, და ის ტიტანიკთან ერთად ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფილმია. პროექტი, რომელზე მუშაობის დაწყებაც ბევრმა სტუდიამ სარისკოდ მიიჩნია, New Line Cinema-მ აიღო და მასზე გაწეული ხარჯები 1 408 %-ით ამოიღო!
ტრილოგიის გადაღებაში ახალი ზელანდიის თითქმის ყველა მცხოვრები, ასობით ცხოველი და სხვადასხვა ხელობის ათობით ოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც დედამიწაზე შექმნეს და გააცოცხლეს შუამიწეთის სამყარო – დაწყებული ქალაქებით, დამთავრებული სამოსის უწვრილესი დეტალებით. მათ არ აშინებდათ ფანტაზიის რეალობად ქცევის თუნდაც ყველაზე თამამი და გიჟური იდეა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
სპეციალურად ტრილოგიის ფანებისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეხედა ბეჭდების მბრძანებლის გადასაღებ მოედანზე და თქვენთვის მოგვეყოლა ყველაზე საინტერესო ისტორიები და დეტალები, რაც ჩვენთვის უძვირფასესი, საყვარელი და ზღაპრული სამყაროს ეკრანზე გადმოტანასთანაა დაკავშირებული.
ისტორიები გადაღების დაწყებამდე და გადაღების დროს…
- მსახიობებთან მუშაობის დაწყებამდე ფილმის შემქმნელებმა მხატვრებს უბრალო ფანქრით შესრულებული კადრირება გააკეთებინეს. ყველა გადასაღები სცენა (და ის, თუ როგორ იღებდა ამ ყველაფერს კამერა) დეტალურად იყო დახატული ქაღალდზე. მოგვიანებით ეს ნახატები გააფერადეს, კომპიუტერში გააერთიანეს და კომიქსად შეკრეს, შემდეგ ახალზელანდიელ მსახიობებს გაახმოვანებინეს. ამ “პრეფილმის” დახმარებით პროდიუსერებმა უკეთ გაწერეს და შეამცირეს ფილმის ბიუჯეტი (რადგან ვიზუალური მასალის ნახვის შემდეგ უკეთ მიხვდნენ, რომელი სცენები იქნებოდა ზედმეტი), და ასევე, უფრო თვალსაჩინოდ აუხსნეს გადამღებ ჯგუფს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ.
- სანამ პიტერ ჯექსონი ჰობიტი ბილბოს თავგადასავლის გადაღებას დაიწყებდა, მსგავსი პრეფილმი 3D-ნახატებით გააკეთებინა. ნახატების “გასაცოცხლებლად” ნამუშევრებისთვის ლურჯ-წითელი ლინზებით უნდა შეგეხედათ.
- გადაღების დაწყებამდე მინიატურული დეკორაციებიც დაამზადეს, რათა კამერის დასადგმელად და მოძრაობაში გადასაღებად საუკეთესო წერტილები და კუთხეები შეერჩიათ. ელფების სამეფოს ციხესიმაგრე და ქალაქი – ყველაფერი რეალური მაკეტებია –უბრალოდ თავდაპირველი მინიატურების გადიდებული ვარიანტი, რომლის ყოველი დეტალიც ხელით იყო დამზადებული და აწყობილი.
- ყველაზე რთული დასამზადებელი ელფების ქალაქი ლორიენი აღმოჩნდა: 1,5 მ დიამეტრის მქონე 8 მაღალი ხის ტოტებზე განლაგებული, არასტანდარტული აქტიტექტურის მქონე ნაგებობები ფოთლებით, მოზაიკითა და ტოტებით იყო მორთული.
- რეჟისორმა სამივე ფილმი მიყოლებით გადაიღო და ამას სულ 15 თვე დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში ფილმზე ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე გადამღები ჯგუფი, რადგან სხვა შემთხვევაში პროცესი 6-7 წლიწადს გაგრძელდებოდა. მაგრამ ამ ყველაზე დაძაბული გრაფიკი მთავარი როლის შემსრულებლებს ჰქონდათ. ისინი სტრესს სერფინგით იხსნიდნენ. სწორედ სერფინგობისას დაიზიანა სახე ვიგო მორტენსენმა, მაგრამ დასაკარგი დრო არ იყო. მსახიობს ასეთ მდგომარეობაშიც კი იღებდნენ – იმ კადრებს, რომლებშიც ის პროფილში ჩანდა. დააკვირდით არაგორნს იმ სცენებში, როცა იგი მორიას გამოქვაბულებში დაიკარგება – კადრში თითქმის ყოველთვის მისი ნახევარი სახე ჩანს.
- გადაღებების დასრულების შემდეგ პიტერ ჯექსონმა თითოეულ მსახიობს გადასაღები მოედნიდან რეკვიზიტი უსახსოვრა. ყოვლის მბრძანებელი ბეჭედი ელაიჯა ვუდს (ფროდოს), ლივ ტაილერს (არვენი), ენდი სერკისს (გოლუმი) ჯონ რის-დეივისს (გიმლი) და ვიგო მორტენსენს (არაგორნი) ერგოთ. ყველაზე დიდი ბეჭედი კი (წონით 3 კგ), რომელსაც მსხვილ კადრებში იღებდნენ, თავად რეჟისორმა დაიტოვა.
- სცენარის ადრეულ ვერსიაში, ფარამირს ფროდოს, სემსა და გოლლუმთან შეხვედრის შემდეგ ხილვა აქვს, თუ როგორ ცუდად იმოქმედებს ფროდოზე ყოვლის მბრძანებელი ბეჭედი. ასე გაჩნდა კადრი, რომელშიც ელაიჯა ვუდს გოლუმივით გრიმი აქვს. მაგრამ ეს სცენა ფილმის საბოლოო ვერსიაში აღარ მოხვდა.
- ჰობიტ სემის როლის შემსრულებელ შონ ესტინს უთხრეს, რომ საჭირო იყო 10 კილოგრამი სწრაფად მოემატებინა; გარდა ამისა, ელაიჯა ვუდთან ერთად კოლეგებისგან ბრიტანული აქცენტით საუბარი უნდა ესწავლა (წარმოგიდგენიათ ჰობიტები ამერიკული აქცენტით?). ელფების შემსრულებელი მსახიობებისთვის ელფური ენის სწავლა არ დაუვალებიათ, თუმცა წარმოთქმაზე მუშაობა მაინც უწევდათ. (სხვათა შორის, დაინტერესებულებისთვის, შუამიწეთის ენებისა და დიალექტების შესწავლა შესაძლებელია.)
- სცენაში, რომელშიც გმირები კოღოებიან ჭაობს მიუყვებიან, დატვირთულ პონის, რომელიც სემს მიჰყავს, ორი ადამიანი განასახიერებს (მათ ნაჭრის ცხენი “აცვიათ”). კოსტიუმის ქვეშ მსახიობები ვერაფერს ხედავდნენ და ჭაობში მკერდამდე ჩაფლულები, წინ მიტოპავდნენ. ერთ-ერთ კადრში “წინა” მსახიობი იმდენად წინ წავიდა, რომ შორიდან პონი ტაქსას ჰგავს.
- რეჟისორებმა სხვადასხვა ზღაპრული არსების როლში რეალური ჯარისკაცები გადაიღეს. ყველაზე კარგად ისინი ორკების როლს ასრულებდნენ: შესანიშნავად მარშირებდნენ კადრში, ხელჩართული ბრძოლისას კი ერთმანეთს ნაკლებად აზიანებდნენ (რეკვიზიტებითაც ხშირია ტრავმები).
- ასეთი სცენები მაქსიმალურად რეალისტური რომ გამოსულიყო, სპეციალური პროგრამა MASSIVE შეიმუშავეს. ის გარეგნობისა და სხვა მონაცემების საფუძველზე ადგენდა ყოველი პერსონაჟის, ორკის, ადამიანის, გნომისა თუ ელფის, ქცევის, აზროვნებისა და მოქმედების სტილსა და ვიზუალურ სახეს.
- MASSIVE-ის დახმარებით ომის მასობრივი სცენებიც კი, რომლებშიც ეკრანზე 20 ათასზე მეტი პერსონაჟი ჩანს, ვიზუალურად იმდენად სრულყოფილია, რომ ცალკეულ, თუნდაც ეპიზოდურ პერსონაჟზე დაკვირვებისას მისი ბრძოლის სტილის გარჩევა შეგვიძლია.
- წიგნის მიხედვით ორკებს შავი სისხლი აქვთ. იმისათვის, რომ ფილმში ორკების დაბჩენილი პირებიდან შავი (და არა ადამიანების ყელივით ვარდისფერი) ხახა გამოჩენილიყო, მსახიობ ორკებს სპეციალურ, ძირტკბილას ნაყენზე დამზადებულ ხსნარს აძლევდნენ პირში გამოსავლებად.
- “გოლუმის წვენი” – ეს ჯანჯაფილის, თაფლისა და ლიმონის ნაზავია, რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ მსახიობ ენდი სერკისისთვის. ამ სასმელს ის ყელში ივლებდა, რათა გოლუმის ჩახლეჩილი ხმით ესაუბრა (და ხმის იოგები არ დაეზიანებინა).
- იდეა – გოლუმს ასეთი ხმით ესაუბრა – ენდი სერკისს კატაზე დაკვირვებისას გაუჩნდა. გააფთრებული კატა ხომ მეტოქეს ჩხავილით აშინებს. მსახიობმა სინჯებზე გოლუმი კატის ჩხავილისებური ხმით განასახიერა, რამაც პიტერ ჯექსონი შოკში ჩააგდო. საბოლოოდ რეჟისორმა ენდის არამარტო გოლუმი გაახმოვანებინა, არამედ პერსონაჟისთვის მისი მიმიკები და მოძრაობაც გამოიყენა.
- კრისტოფერ ლი (სარუმანი) ტრილოგიასთან დაკავშირებული ერთადერთი პიროვნებაა, ვინც ჯ.რ.რ. ტოლკინს პირადად შეხვედრია – იგი “ბეჭდების მბრძანებლის” ჭეშმარიტი ფანია და მის ყოველ წიგნს გამოცემისთანავე კითხულობდა. მწერლის აზრით, იგი გენდალფის როლს შესანიშნავად ითამაშებდა, თუმცა ლი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, მხოლოდ მხცოვანი სარუმანის განსახიერებაზე დათანხმდა, რომელსაც ცხენზე ჯდომა და ბრძოლა არ მოუწევდა.
- ჰელმის ხრამის ბრძოლის გადაღებისას ვიგო მორტენსენს ბუტაფორიული ხმალი ძლიერად მოხვდა (ხომ ვამბობდით!) და წინა კბილი მოსტეხა. ამ ტრავმის გამო გადაღებები რომ არ შეჩერებულიყო, მსახიობმა მოტეხილი კბილის ნაწილი სუპერწებოთი მიიწება. რეჟისორმა ის აიძულა, სასწრაფოდ სტომატოლოგისთვის მიემართა და აი: სტომატოლოგის კაბინეტში შედის არაგორნის ფორმაში გამოწყობილი ვიგო მორტენსენი, გაქონილი თმით, ნაომარი სახით და ხელში ხმლით!..
- როლში უკეთ შესასვლელად ვიგო მორტენსენი მუდმივად კოსტიუმში ჩაცმული დადიოდა, ღამეს ღია ცისქვეშ ათევდა, არ ერიდებოდა ამ სახით რესტორნებში გამოჩენას და ქალაქის ქუჩებში ფოლადის ხმლით გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციას ერთხელაც არ დაუკავებია. არვენის ცხენი კი თავის დუბლიორს აჩუქა.
სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, ვიგო თავად ასრულებდა ყველა სახიფათო ტრიუკს და ყველა კასკადიორს და დუბლიორს დაუმეგობრდა.
- თავდაპირველად არაგორნის როლი დენიელ დეი-ლუისს შესთავაზეს, მაგრამ მას ფილმ ნიუ-იორკის ბანდებში იღებდნენ და უარი თქვა. როლზე ნიკოლას კეიჯმაც უარი განაცხადა. შემდეგი კანდიდატი ვინ დიზელი იყო, რომელმაც სინჯები ვერ გაიარა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ დენიელ დეი-ლუისს, თუმცა მას კიდევ არ დაესრულებინა ნიუ-იორკის ბანდებზე მუშაობა.
ამჯერად სტიუარტ ტაუნსენდს შესთავაზეს არაგორნის როლი. ის 2 თვის განმავლობაში ემზადებოდა როლისთვის, სწავლობდა ხმლით ბრძოლას, თუმცა გადაღების დაწყებიდან ორიოდ დღეში ჯექსონი მიხვდა, რომ მსახიობი ეკრანზე მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
არაგორნის როლი მესამედ შესთავაზეს დენიელ დეი-ლუისს და ამჯერად მან უარი იმ მიზეზით თქვა, მზად არ იყო, 15 თვით დედამიწის მეორე კიდეში გადასახლებულიყო, ოჯახისგან შორს. ამის შემდეგ ერთ-ერთი პროდიუსერის ცოლს ერთი წლის წინ წვეულებაზე გაცნობილი ვიგო მორტენსენი გაახსენდა. პიტერ ჯექსონმა ვიგო მორტენსენის სინჯების ჩანაწერები ნახა ბოროტმოქმედის როლზე ფილმებისთვის ფსიქო, წინასწარმეტყველება, ამრეკლავი კანი და მასში იდეალური არაგორნი დაინახა.
- ვიგო მორტენსენი არაგორნის როლზე თავისი შვილის, ჰენრის ხათრით დათანხმდა, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლის” თაყვანისმცემელი იყო. ჰენრი იმ ბიჭის როლს ასრულებს, რომელსაც არაგორნი მეორე ფილმში, როჰანში ყოფნისას გამოელაპარაკება; ასევე ასრულებს ერთ-ერთი ორკის როლს, რომელსაც გიმლი მესამე ნაწილში კლავს.
- თავად პიტერ ჯექსონის შვილები, ბილი და ქეითი, ყველა ფილმში ჩნდებიან. ბეჭდის საძმოში ისინი იმ ორი პატარა ჰობიტის როლში გვევლინებიან, რომლებსაც ბილბო ტროლებზე უყვება, ორ ციხესიმაგრეში ისინი ჰელმის ხრამის მახლობლად მდებარე გამოქვაბულების მკვიდრებს განასახიერებენ, ხოლო მეფის დაბრუნებაში – მინას ტირიტის ორ პატარა მკვიდრს, რომლებიც ჩუმად შესცქერიან ფარამირსა და მის მეომრებს.
- ეპიზოდურ როლებში გადამღები ჯგუფის ბევრი თანამშრომელია გადაღებული, ასევე ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილთაშვილი როიდ ტოლკინიც: ოსგილიათის ბრძოლის ეპიზოდში ის მეომრებს შეძახილით ამხნევებს. მესამე ფილმში კი გოგონა, რომელიც სემს უჭირავს, სინამდვილეში მისი შვილია.
- ელფ ელრონდის, მშვენიერი არვენის მამის როლზე კასტინგი არც მეტი არც ნაკლები, დევიდ ბოუიმ გაიარა. მაგრამ როლი საბოლოოდ ჰიუ უივინგმა მიიღო, რომელიც იმ პერიოდში გამოსული მატრიცას ტრიუმფის შემდეგ პოპულარობის მწვერვალზე იყო.
- შონ კონერის კი გენდალფის როლი, 10-მილიონიანი კონტრაქტი და სალაროდან შემოსავლის 15% შესთავაზეს. ის გაეცნო სცენარს, მაგრამ განაცხადა, რომ ვერაფერი გაიგო და მონაწილეობაზე უარი თქვა. და ნახევარი მილიარდი შემოსავალიც დაკარგა. გენდალფამდე შონ კონერიმ მატრიცაში მორფეუსის როლზე განაცხადა უარი.
- ორლანდო ბლუმი იმ იშვიათთაგანი იყო, რომელიც გადაღების პროცესს ზედმიწევნით აღწერდა დოკუმენტურად. საკუთარ ინსტაგრამზე ის ხშირად აქვეყნებს ძველ ფოტოებს, რომლებზეც ფილმის “კულისები”, კოსტიუმების ნიმუშები, გრიმი ან პროექტის მონაწილეთა სახალისო ისტორიებია ასახული.
- ბევრს შეუნიშნავს, რომ მსახიობებს მათივე განსახიერებულ გმირებთან ბევრი საერთო აქვთ. ჰობიტების როლებზე მხიარული და მოლაქლაქე ყმაწვილები აიყვანეს, ურუკჰაების როლებს ყველაზე კუნთმაგარი და სიტყვაძუნწი ტიპები ასრულებდნენ, რომლებსაც დღე-ღამე მუშაობა შეეძლოთ, ხოლო მსახიობები, რომლებიც ელფებს განასახიერებდნენ, ყოველი ნახევარი საათის შემდეგ ითხოვდნენ გრიმის შესწორებას და დაღლილობაზე წუწუნებდნენ.
- გადაღებები ახალი დაწყებული იყო, როცა ორლანდო ბლუმმა და შონ ბინმა ერთ-ერთი ტრაილერის კარს წებოვანი ლენტი გადააკრეს და შიგნით გამოამწყვდიეს დომინიკ მონაგანი (მერი). შურისძიების მიზნით მან და ელაიჯა ვუდმა ბლუმის ტრაილერში თმის ლაქი გააფრქვიეს, შესასვლელში კი ხელოვნური ექსკრემენტები დაუწყვეს. რაღაც ხნის გასვლის შემდეგ მხიარულებაში ვიგო მორტენსენიც ჩაება და ბლუმის ტრაილერი წებოვანი ლენტით “გაალამაზა”. პასუხად ორლანდომ ვიგოს აყროლებული თევზი და ზემოხსენებული ექსკრემენტები შეუყარა.