არ არსებობს სერიალის დასრულების “სწორი” გზა. სატელევიზიო ისტორიის განმავლობაში M*A*S*H-იდან საინფილდამდე და სოპრანოს კლანიდან დაკარგულებამდე სცენარისტები მუდამ იდგნენ დიდი სირთულის წინაშე – შეეკრათ და გაეერთიანებინათ ვრცელი, ერთმანეთში ჩახლართული სიუჟეტური ხაზები და ამბები, ისე რომ ფინალი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო. ცნობილი სერიალების ფინალებს, რომელმაც ერთგული მაყურებლის ანტიპათია გამოიწვია, მთავარ პრობლემად ასახელებენ: აუდიტორიის დაბნეულობაში დატოვებას, ფრუსტრაციას და ბრაზს საყვარელი პერსონაჟების გამო. თუ სამეფო კარის თამაშების ფინალზე ფანების რეაქციებს დავუკვირდებით, აშკარაა, მსოფლიო მსგავსმა ემოციებმა მოიცვა.
იმის მიუხედავად, რომ GoT-ის ფინალი ტელეისტორიაში პირველი ფინალი არაა, რომელმაც ფანები გაანაწყენა, ნამდვილად არის პირველი ფინალი, რომელმაც მაყურებელთა ამხელა, მსოფლიო მასშტაბის აუდიტორიას გაუცრუა იმედი – ეს რეკორდსმენი სერიალის მორიგი, ერთგვარი ანტირეკორდია. მონაცემების საფუძველზე, პირველად ისტორიაში, შესაძლებელია დავითვალოთ არამარტო ის, თუ რამდენი ადამიანი ადევნებდა თვალს მსოფლიო მოვლენას – სამეფო კარის თამაშების ფინალს, არამედ ისიც, თუ რამდენს მოეწონა, რამდენს არა, რატომ ფიქრობენ, რომ მოვლენები არასწორი გზით განვითარდა და როგორ დაემთხვა ეს მათ მოლოდინებს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალსახად სუბიექტური ტელეკრიტიციზმი ურყევ ციფრებთან შევაჯეროთ.
კინორეიტინგის პორტალზე www.ranker.com სერიალის მილიონობით ფანმა შეაფასა მე-8 სეზონთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მოვლენა, პერსონაჟთა ქცევა თუ სიუჟეტის შემობრუნებები, რამაც საიტს საშუალება მისცა, დაედგინა მაყურებლის განწყობა ციფრებში და ზუსტად გაეგო, რა მოეწონათ და არ მოეწონათ ფანებს. ზოგიერთი შედეგი ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა.
გთავაზობთ ფანების მიერ “სიურპრიზიდან” “იმედგაცრუებამდე” შეფასებულ მოვლენებს, რომლითაც გავარკვევთ, რამდენად ემთხვევა მაყურებლის და კრიტიკოსთა განწყობები ერთმანეთს. რეალურად რას ელოდა და რა მიიღო აუდიტორიამ. წინასწარ გეტყვით, რომ მთლიანი განწყობა ისეთი მძიმე არაა, როგორიც კრიტიკოსების, კომენტატორებისა და მცირე რაოდენობის ხმამაღალი აღშფოთებული ფანების მიერ დახატული სურათი.
მე-8 სეზონმა არც იმდენ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვიდრე გვგონია
ფანების დიდი ნაწილი უბრალოდ გააცოფა მე-8 სეზონში მოვლენების მიმდინარეობამ და შემოტრიალებამ, იმდენად, რომ მათ “უფრო კომპეტენტური” სცენარისტების მიერ დაწერილი ფინალური სეზონის გადაღების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს. თუმცა Ranker-ის მონაცემებით, განრისხებულ ფანთა რაოდენობა გადაჭარბებულია.
საიტზე შექმნილი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ფინალური სეზონისა და ეპიზოდის მოვლენების შეფასებას ითხოვდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა დააბნია “მეფე ბრანდონმა”, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ყველაზე პოპულარული რეაქციები პოზიტიურიც იყო და წინააღმდეგობრივიც. ხმის მიმცემთა 73% კმაყოფილი დარჩა სტარკების საბოლოო ბედით, რომელიც სიაში ფინალის ყველაზე პოპულარული რეაქცია იყო. 61%-ს ფინალური ეპიზოდი იმდენად მოეწონა, რომ ისინი “კიდევ რვა სეზონს” ითხოვდნენ. რეიტინგში ერთ-ერთი პოპულარული რეაქცია იყო ესეც: “ჩემი აზრით, ნორმალური იყო, თუმცა იმაზე გაცილებით ნაკლებად კარგი, ვიდრე შოუს სჩვეოდა” და “აღფრთოვანებული არ ვარ”. მაგრამ ისეთი რეაქციები, როგორიცაა: “თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მიღალატეს” – შემფასებელთა შორის ნაკლებად პოპულარულია (30%). ასეთი ცუდი პრესის მიუხედავად, საინტერესოა, თუ როგორ გაიყო მაყურებელთა აზრი ფინალურ ეპიზოდზე.
თითქმის არავინ ვარაუდობდა, რომ ვესტეროსის მეფე ბრანი გახდებოდა
სამეფო თამაშების ფანები წლებია შეჩვეულები იყვნენ სერიალისგან ნებისმიერ მოულოდნელობას. თუ სხვა შოუები თანდათან უახლოვდებიან კეთილ, ბედნიერ ან სამართლიან დასასრულს, GoT-ის მაყურებელი ამაზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა. პირიქით, ისინი დიდი ხანია შეგუებულები იყვნენ იმას, რომ ბოლოს ყველა თუ არა, მთავარი გმირების უმეტესობა მოკვდებოდა.
თუმცა შოუში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა – მასში მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟი გაიწირა, ვესტეროსს კი ახალი მმართველი მოევლინა. ის, ვისაც ფანების აბსოლუტური უმრავლესობა ვერც წარმოიდგენდა.
კითხვაზე, ევარაუდათ ვინ გახდებოდა საბოლოოდ ვესტეროსის მეფე, Ranker-ის მომხმარებელთა შორის ძალიან ცოტამ დაასახელა “ბრან დალეწილი”. ბრანი არამარტო ყველაზე პოპულარულ კანდიდატებს – ჯონ სნოუს და დენერისს ჩამორჩებოდა, არამედ ნაკლებ სავარაუდო ვარიანტებს – ღამის მეფესა და გენდრის შორის იყო. მეტად სავარაუდო იყო რკინის ტახტის განადგურება, რაც ბრანის გამეფებას წინ უძღოდა.
პოპულარული ფანთეორიები დასასრულის შესახებ ნაწილობრივ გამართლდა
სანამ ფანები იმაზე შფოთავდნენ, რომ რკინის ტახტი მათმა რჩეულმა ან ყველაზე სავარაუდო პერსონამ არ დაიკავა, აღმოჩნდა, რომ ამავე ფანებმა თითქმის ზუსტად გამოიცნეს მთავარი სიუჟეტური ხაზების განვითარება და კვანძების შეკვრა. რამდენიმე ფანთეორია ფინალის შესახებ ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა.
Ranker-ის მკითხველი ყველაზე სავარაუდო დასასრულად დენერისის მიერ მეფის სავანის გადაწვას და ამის შემდეგ მის სიკვდილს მიიჩნევდა და ეს თეორია ასი პროცენტით გამართლდა. ფანებმა ასევე ზუსტად გამოიცნეს ის, რომ სემ ტარლი რობერტ ბარათეონის მეფობის შემდგომ ისტორიას დაწერდა სათაურით “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”. Ranker-ის მომხმარებლებს შორის პოპულარული იყო ასევე რამდენიმე თეორია, რომლებიც არ ახდა (მაგ., დენერისს, თავისდა საუბედუროდ, ჯონ სნოუს მოკვლა არ უცდია), თუმცა ასეთი სიურპრიზები სხვა სეზონებშიც ხდებოდა და თავისთავად, მოულოდნელობა სერიალისგან არავის უნდა გაკვირვებოდა.
ფანები არიას ხაზით კმაყოფილები არიან, ბრანის ისტორიით კი – არა
ბრანის აღზევებამ ვესტეროსის მეფედ და მმართველად არამარტო გააოცა, არამედ გააბრაზა ფანები. საიტის მკითხველები ბრანის პერსონაჟის სიუჟეტურ განვითარებას ყველაზე ნაკლებ მოსაწონად მიიჩნევდნენ და ფავორიტი განვითარების ხაზის გამოსავლენ რეიტინგებში ის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა. ისინი ასევე ვერ მოხიბლა სცენარისტთა უცნაურმა გადაწყვეტილებამ ბრანის კორონაციის შესახებ. ფანები თითქმის ერთსულოვნები იყვნენ არიას ხაზით – თუ როგორ ტრანსფორმირდა ის პატარა ობოლი გოგონადან უძლიერეს მკვლელად. მოწონებით შეხვდნენ ტირიონის პერსონაჟის გზასაც.
რაც შეეხება დენერისის დაცემას, რომელმაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მასში სხვადასხვა საზოგადოებრივი დარგის სპეციალისტებმა შეფარული ქვეტექსტებიც დაინახეს, სინამდვილეში ფართო მაყურებელს შორის არც ისე არაპოპულარული ყოფილა. Ranker-ის მომხმარებლებს შორის პერსონაჟების საბოლოო ბედის შესახებ, დენერისის ტრაგიკული დასასრული #15 ადგილს იკავებდა და დღესაც, მის სასარგებლოდ უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე საწინააღმდეგოდ. იგივე ვერ ითქმის, მაგალითად, ბრან სტარკზე, სერსეი ლანისტერსა და ლორდ ბეილიშზე.
თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ დენერისს არია მოკლავდა
მას შემდეგ, რაც არია დენერისის მიერ მეფის სავანეში დატრიალებულ ცეცხლოვან ორომტრიალს გადაურჩა, თითქმის ყველა ვარაუდობდა, რომ სწორედ არია იქნებოდა ის, ვინც ტირანად ქცეულ დედოფალს მოკლავდა. მართალია, ისინი შეცდნენ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც არა, რადგან მომხმარებლებში მეორე ადგილს მყარად იკავებდა ჯონ სნოუ. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სცენარისტებმა ალოგიკური დასასრული არ შემოგვთავაზეს.
ფანებმა გამოიცნეს ორი მთავარი ბრძოლის შედეგები
საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ მერვე სეზონში ორი მთავარი ბრძოლა გაიმართებოდა: ვინტერფელის მისადგომებთან ღამის მეფესა და მის არმიასთან, მეფის სავანეში კი სერსეი ლანისტერსა და მის მოკავშირეებთან. Ranker-ის მომხმარებლებმა ორივე დიდი ბრძოლის შედეგები თითქმის ზუსტად ივარაუდეს.
მომხმარებლები შემზადებულები იყვნენ ვინტერფელის ბრძოლაში თეონ გრეიჯოის სიკვდილისთვის. სამაგიეროდ, ვერ ივარაუდეს ამავე ბრძოლის სამი მთავარი სიკვდილი (მათ არასწორედ დაასახელეს მკვდრებში ბრიენ ტართელი). მკითხველებმა დაახლოებით გამოიცნეს მეფის სავანის ბრძოლის შედეგებიც – ათიდან მე-7 ადგილზე მათ სწორედ ის დაასახელეს, რაც მოხდა. აქედან დასკვნა: უფრო დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა პერსონაჟების განვითარება, ვიდრე პერსონაჟების სიკვდილი.
ყველას სურს სპინოფი არიას შესახებ!
სერიალის არსებობის მანძილზე არიას ყოველთვის იკავებდა ფანების ფავორიტის ადგილს, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ყველას სურს მეტი და მეტი თავგადასავლის ხილვა მისი მონაწილეობით. საიტის მკითხველების ერთსულოვანი აზრით, სიამოვნებით ნახავდნენ არიას დასავლეთისკენ მოგზაურობის შესახებ გადაღებულ სპინოფს, თუ როგორ აღმოაჩენდა სტარკის ასული იმ ადგილებს, რომლებიც რუკაზე არაა აღნიშნული. ფანები ასევე ინტერესს გამოხატავენ ჯონ სნოუს შემდგომი, კედლისმიღმა ისტორიის მიმართაც; ასევე დააინტერესებდათ პოლიტიკური თრილერის ნახვა ტირიონის, როგორც მეფის მარჯვენის მონაწილეობით და ა.შ.
მოკლედ, ფანები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ელიან სამეფო კარის თამაშებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის პრიქველს, სიქველს და მონათესავე ისტორიას, ამრიგად, HBO-ს თავისუფლად შეუძლია განაგრძოს ამ თემაზე ფიქრი და მას შემდეგ, რაც ვესტეროსის ისტორიის შორეულ წარსულზე გადაღებულ სერიას შემოგვთავაზებს, სხვა ეკრანიზაციებითაც ასიამოვნოს სამეფო კარის თამაშების ფანების სერიოზული, კვლავაც მრავალრიცხოვანი ბაზა.
www.ranker.com