მართალია, სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და მას 2019 წლამდე ვერ ვიხილავთ, თუმცა ფანების ინტერესი საყვარელი სერიალის მიმართ მაინც არ ნელდება. როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო მე-8 სეზონის დახურული გადასაღები მოედნიდან, რომლიდანაც ფანებმა შოკისმომგვრელი სპოილერი შეიტყვეს. გარდა ამისა, არსებობს უთვალავი, მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული თეორია, რომელიც სხვადასხვა ფანგვერდებზე, ბლოგებსა და ვიდეოარხებზე იდება.
წინა სეზონიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მთავარი მოვლენა, რომელსაც ახალ სეზონში ველით, მინიმუმ ერთი ორსული დედოფალია. სამეფო თამაშების სიუჟეტისთვის ტრაგიკულად დასრულებული ორსულობა ნამდვილად არაა უცხო, ამიტომ დედოფლის ორსულობა, რასაკვირველია, ამბის განვითარების უამრავ დამატებით თეორიას ბადებს. წინა სეზონში დედოფალ სერსეის მიერ ძმებისთვის გამხელილი საკუთარი ორსულობის ამბავი ფანებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. არავინ იცის, მართალს ამბობს თუ არა სამეფო თამაშებში გამოცდილი დედოფალი, თუმცა ლანისტერების მემკვიდრის არსებობა ვესტეროსისთვის ბევრს ცვლის.
მაგრამ ფანები უფრო დიდი ინტერესით ელიან, შეძლებს თუ არა დაორსულებას დენერის ტარგარიენი, რომელიც პირველი მშობიარობის დროს მაეგმა დაწყევლა. იმ ფაქტზე, რომ უკანასკნელ ტარგარიენს მემკვიდრის გაჩენა არ შეეძლო, მე-7 სეზონში აშკარა აქცენტი გაკეთდა.
მაგრამ ფინალურ სეზონში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ვესტეროსი დაღუპვის პირასაა. ჯერჯერობით, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ბოლო სეზონში, რომლის “ტკბილ-მწარე” დასასრულს შეგვპირდნენ, სასწაულებრივი მოვლენები აუცილებლად მოხდება.