ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჯადოსნური სამყარო, მიუხედავად მაგიური მოვლენებისა, ჩვენსას ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომაც გვეჩვენება ასე ახლობლად მათი თავგადასავლები, გარემო და ხასიათი.
მაგრამ ჯადოქრული საზოგადოება ხშირად მაგლების ცხოვრების წესს ჩამორჩება, ან ისეთ შეუსაბამობებს ავლენს, პირდაპირ გვიკვირს. მაგალითად, რატომ იცვამენ ფართხუნა და არაკომფორტულ მანტიებს? რატომ არ აქვთ სუპერშესაძლებლობების მქონე “საძიებო სისტემა” ან რატომ ეკონტაქტებიან ერთმანეთს წერილებით?
დღეს ჯადოქრული სამყაროს 9 უცნაურობაზე ვისაუბრებთ – იმ ნივთებსა თუ მოვლენებზე, რომელთა გარეშეც ჯადოქრები მშვენივრად იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს რამეები მაინც აქვთ. თან ერთსაც არავინ იკითხავს: “გვჭირდება კი ეს ყველაფერი?”
1. სათვალეები
მოდი, ყველაზე აშკარა შეუსაბამობით დავიწყოთ: ის ფაქტი, რომ ჰარი სათვალეს ატარებს, ძალიან უცნაურია. ეს ხდება სამყაროში, რომელშიც ძვლების ახლიდან გაზრდა შეუძლიათ! ჯადოქრები, განსაკუთრებით კი ჯადოქრული სნეულებების მკურნალები, აუცილებლად გამოიგონებდნენ მხედველობის დარღვევის გამოსასწორებელ შელოცვას ან წამალს. მხედველობის წამიერი კორექცია მაგლებმაც კი მოიგონეს! მაგიურ სამყაროში, სადაც ჰერმიონს “რეპაროთი” ჰარის გატეხილი სათვალის წამში აღდგენა შეუძლია, სათვალე საერთოდ რა საჭიროა?
2. მატარებლები
მატარებლები ვის არ უყვარს, მაგრამ გასაკვირია ამ ტრანსპორტის არსებობა იმ სამყაროში, სადაც მაგიური ტრანსპორტის გასაოცარი ნაირსახეობა არსებობს, მაგალითად, პორტაჟი, ფლუ ფხვნილი, თესტრალები, მფრინავი ცოცხები და ხალიჩები… აპარაციაზე აღარ გვაქვს საუბარი. გვესმის, რომ ძალიან სასიამოვნოა ჰოგვორტსში ორთქლმავლით წასვლა, მაგრამ ჯადოქრებს გადასაადგილებლად მაგლური ტრანსპორტი არ სჭირდებათ.
3. თვითმომრევი კოვზები
თვითმომრევი კოვზები ძალიან საყვარელი შესახედავია, ისევე როგორც სამზარეულოს სხვა მაგიური ნივთები. მას აქტიურად იყენებს მისის უისლი.
და აი, აქ ვხვდებით ლოგიკურ ხაფანგში: თუ მისის უისლი სამზარეულოში მაგიას მიმართავს (და ნამდვილად მიმართავს), მაშ, რა საჭიროა ცალკე მაგიური უნარების კოვზი? ნუთუ ქვაბი თავის შიგთავსს ვერ მოურევს? ან ჯოხის წრული მოძრაობა საკმარისი არაა? ხის კოვზისთვის ამხელა ძალების მინიჭება ძალიან ალოგიკურია და ისევ და ისევ მაგიის „გაფლანგვასთან“ გვაქვს საქმე.
თვითმომრევი კოვზების გამოგონებას, ჯობდა რობოტი ფოსტალიონის მსგავსი რამ, ან თუნდაც იმეილი გამოეგონებინათ.
4. ბუს ფოსტა
და აი: მნიშვნელოვან საკითხს მივადექით. რატომ არ აქვთ ჯადოქრებს გამართული საფოსტო სერვისი? მეტიც – რატომ ეფუძნება მთელი საფოსტო სისტემა ფრინველებს? წარმოიდგინეთ, წერილებს, პუბლიკაციებს, საიდუმლო თუ არასაიდუმლო გზავნილებს ანდობთ „ფოსტალიონს“, რომელიც თაგვებით იკვებება და ოთახს სკინტლით სვრის. გარდა ამისა, სრულებით არაა უსაფრთხო, ვინაიდან თქვენი გზავნილის ხელში ჩაგდების მიზნით ბუს მოკვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ან რა აიძულებს ჯადოქრული უნარების მქონე ადამიანს, ამ არასაიმედო ფოსტალიონის მოსვლას დღეობით უცადოს? თითქოს რაღაც დაუდგენელმა მიზეზმა აიძულა ჯადოქრულ საზოგადოებას ის, რომ თავიანთი ზებუნებრივი ძალები კომუნიკაციისთვის არ გამოიყენონ. არადა, სწრაფი კავშირი მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ. გარდა ფიზიკური გადაადგილებისა, მათ პრაქტიკულად აქვთ გამოგონილი მსგავსი საშუალებები. მაგალითად, გამჭოლი სარკე, ფლუ ფხვნილით ნაწილობრივი ფიზიკური კომუნიკაცია და ა.შ.
5. ფილჩი ჰოგვორტსის დარაჯად
თუ დაუფიქრდებით, ფილჩი ძალიან შესაბრალისი პერსონაჟია. იმის გამო, რომ ის სქვიბია, ჰოგვორტსის ციხე-კოშკის კარისკაცობა მას უამრავ პრობლემას უქმნის. მას, როგორც ჯადოქრული ძალების არმქონეს, ძალიან უჭირს გაპარული სტუდენტის შემჩნევა (და მარტო მისის ნორისი საკმარისი არაა!), დასვრილი ჰოლის წმენდა, ციხე-კოშკის შიდა საქმეების კონტროლი და მრავალი სხვა. და საერთოდ, რატომ აწვალებენ ფილჩს, როცა ჯადოსნური ნივთებით, მოწყობილობებითა და შესაბამისი შელოცვებით ისედაც შეიძლება წესრიგის დამყარება?
6. საწერი ფრთები
ჯადოქართა ყველა საწერი მოწყობილობა დიდ ეჭვს იწვევს ჩვენში, მაგრამ განსაკუთრებულად უსარგებლო, მოძველებული და ახირებულია საწერი ფრთები, რომლებიც მელანში (!) უნდა ჩააწო. გეკითხებით: რატომ კარგავენ ჯადოქრები ამაში ძვირფას დროს?
მსჯელობისთვის, მოდი, დავუშვათ, რომ არ არსებობს შელოცვა, რომელიც ნათქვამ სიტყვებს ფურცელზე თავისით დაწერს. მაგრამ ჯადოქრულ სამყაროში, სადაც დროში მოგზაურობა აქვთ, კალამი ან საბეჭდი მოწყობილობის გამოგონება რა პრობლემაა?
7. მსოფლიო ომები
დროში მოგზაურობა ვახსენეთ და აქვე: რატომ წაუყრუა მთელმა ჯადოქრულმა სამყარომ ჰოლოკოსტს? ომები, მათ შორის მსოფლიო ომები მთელ კაცობრიობას შეეხო, შესაბამისად, მისი ექო ჯადოქრულ საზოგადოებაშიც მოისმის (გრინდელვალდის აღზევება მე-2 მსოფლიო ომს დაემთხვა). მაგრამ თუ დროის მდევრის გამოყენება შეიძლებოდა ბაკბიკისა და სირიუს ბლექის გადასარჩენად, რატომ არ გამოიყენეს ის უფრო კეთილშობილური მიზნებით, მაგალითად ნაცისტების აღზევების საძირკველშივე ჩასახშობად? ნუთუ გეტოების თავიდან აცილება მაინც არ შეიძლებოდა?
8. სიღარიბე
მალფოები უისლების ოჯახს მუდამ დასცინიან სიღარიბის გამო. მართლაც, მრავალრიცხოვან ოჯახს, სადაც მხოლოდ მამა მუშაობს, ისიც არცთუ შემოსავლიან თანამდებობაზე, ხშირად უწევს შვილებისთვის მეორადი ნივთებისა და წიგნების ყიდვა, სახარჯო ფულიც სხვებზე ნაკლები აქვთ.
მაგრამ ჯადოქრულ სამყაროში ეკონომიკურ სიდუხჭირეს რა ესაქმება? ტრანსფიგურაცია რისთვის არსებობს? კარგი, თუ ქვას ოქროდ ვერ აქცევ, გაცვეთილი ტანსაცმლისა და სახელმძღვანელოების გაახლება ხომ მაინც შეიძლება? ისევ და ისევ: პირველკურსელი ჰერმიონი ჰარის სათვალეს წამში ამთელებს, ზრდასრულ და დახელოვნებულ ჯადოქრებს კი, როგორებიც არტურ და მოლი უისლები არიან, შვილებისთვის ამავეს გაკეთება არ შეუძლიათ?
9. რელიგია
როგორც ჯოან როულინგმა აღნიშნა, ჯადოქრები მსოფლიო რელიგიურ დოგმებს იზიარებენ და სურვილისამებრ, ნებისმიერი აღმსარებლობის მიმდევრები შეუძლიათ იყვნენ. თუმცა, ლოგიკურად, ამ საზოგადოებაში რელიგიის გაგება ვერასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მაგლებთან – ადამიანებს რელიგიის სასწაულებიდან გამომდინარე სწამთ, ჯადოქრებს კი თავად შეუძლიათ ათასგვარი სასწაულის მოხდენა. გამოდის, რომ მათ ზოგადი ღმერთის სწამთ, ხოლო ქრისტეს, მუჰამადს, ბუდას და რელიგიების სხვა სასწაულმოქმედ შემოქმედებს მათსავით ჯადოქრებად აღიქვამენ.
მომზადებულია collagehumor.com-ს მიხედვით