Marvel-ის კომიქსები მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული ათწლეულებია, ქარიზმატული გმირებითა და მათი ისტორიებით გვანებივრებს. ჩვენთვის ცნობილი და საყვარელი გმირები კომიქსებში დაიბადნენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი დიდხანს ფერად ფურცლებზე რჩებოდა, სანამ ეკრანიზაციებმა მათ ხელახალი სიცოცხლე არ შთაბერა.
სტუდია Marvel-ში ჰოლივუდური ბლოკბასტერების ერა 2008 წლიდან დაიწყო და მაშინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ კომიქსების ეკრანიზების დრო დასრულდა, ძველი, ნაცნობი სუპერგმირები ახალი ძალით გამობრწყინდნენ. ფილმებმა, როგორებიც იყო რკინის კაცი, თორი და კაპიტანი ამერიკა ჟანრს ახალი სუნთქვა შთაბერეს, აღნიშნული ფილმების გმირები უფრო და უფრო განვითარდნენ და მომდევნო ფილმებში ისინი მაყურებელმა გვერდიგვერდაც იხილა.
დღეს წარმოგიდგენთ მარველის იმ სუპერგმირებს, რომლებიც კომიქსებზე უკეთ მათ ეკრანიზაციებში არიან წარმოჩენილები. ისინი უკეთესები არიან პერსონაჟის განვითარების, პრეისტორიის, ხასიათის ნიუანსებისა და ბევრი სხვა დეტალის მხრივ, რომელთა წარმოჩენაშიც კარგ კინოს, როგორც მედიუმს, ბადალი არ ჰყავს.
1. რკინის კაცი
მანამდე:
მილენიუმის დასაწყისში არავის აზრად არ მოსვლია, რომ ახალი ათასწლეულის პირველ დეკადაში რკინის კაცი ნამდვილი ტრიუმფით დაუბრუნდებოდა სამყაროს. ზოგადი აზრი იმაზე მეტყველებდა, რომ კომიქსების შესახებ გადაღებულმა ფილმებმა თავის თავი ამოწურეს. ადამიანი-ობობას და იქს-ადამიანების შესახებ ტრილოგიები უკვე გამოსული იყო, რაც შეეხება ფანტასტიკურ ოთხეულს, ფრენჩაიზი სრულიად ჩავარდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “მარველის” პერსონაჟებს – თორს, კაპიტან ამერიკას ან რკინის კაცს – ნამდვილი აღზევება და ფურორი ელოდათ.
ენტონი ედვარდ (ტონი) სტარკი, ისევე როგორც სუპერგმირების უმეტესობა, სტენ ლიმ შექმნა, ბიოგრაფიის ავტორები კი ლერი ლიბერია. მისი დიზაინი მხატვრებმა, დონ ჰეკმა და ჯეკ კირბიმ შეიმუშავეს. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქს Tales of Suspense 39-ე ნომერში (1963 წლის მარტი). მართალია, კომიქსებში საკმაოდ კარგად არის წარმოჩენილი რკინის კაცის განვითარება, ფილმებმა მისი პრეისტორია და ხასიათის ნიუანსები ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
შემდეგ:
2008 წელს რკინის კაცის როლში რობერტ დაუნი ჯუნიორის გამოჩენამ ფილმს მაშინვე ჰოლივუდის მწვერვალისკენ გაუხსნა გზა და მან ოსკარის ორი ნომინაცია მოიპოვა. კომიქსების ეკრანიზაციების ახალი საოცარი სამყარო იწყებოდა და ამაში რკინის კაცის პერსონაჟს თავისი წვლილი მიუძღვის. რობერტ დაუნის მიერ განსახიერებული გმირი სრულყოფილი იყო. ამას გარდა, მას თანდათან მარველის სამყაროში მეტი მნიშვნელობა დაეკისრა.
2. ჰალკი
მანამდე:
2000-იანებში ჰალკი ის იყო, რაც მანამდე: მარადიული ბრძოლა ბრუს ბანერსა და მის ურჩხულს შორის. 2006 წელს Marvel Universe-მა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო: ჰალკი სხვა პლანეტიდან ყოფილიყო.
შემდეგ:
ვერცხლისფერ ეკრანზე ჰალკი პირველად 2003 წელს გამოჩნდა, 2008-ში კი, შესანიშნავი ჰალკის გამოსვლის შემდეგ, სუპერგმირი Marvel Cinematic Universe-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. თავდაპირველად მას ედვარდ ნორტონი განასახიერებდა, თუმცა მასა და სტუდიას შორის უთანხმოების გამო იგი მარკ რუფალომ ჩაანაცვლა.
3. თორი
მანამდე:
ადრეულ 2000-იანებში თორი ლოკისთან ბრძოლის შემდეგ დაკარგული იყო. და მასთან ერთად აღარ ჩანდა არც ასგარდი და არც სხვა ასგარდელები. პერსონაჟი 2007 წელს დაბრუნდა Thor vol. 3 #1-ით და ოლივერ კოიპელის მიერ შექმნილი ახალი გარეგნული სახით.
შემდეგ:
სტუდიამ თორის მითოსი მთლიანად გააერთიანა გმირში, რომელიც კრის ჰემსუორთმა განასახიერა. ჭექა-ქუხილის ღმერთი, რომლის კოსტიუმისთვის კოიპელის დიზაინის ელემენტებიც გამოიყენეს, დედამიწაზე გამოძევებულ გმირს განასახიერებდა, რომელიც თავის ძმას, ლოკისა და ყინულის გიგანტების ჯგუფს ებრძოდა. ის Marvel Cinematic Universe-ის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა და პერსონაჟი ახალი თაობის უდიდესმა აუდიტორიამ გაიცნო.
4. კაპიტანი ამერიკა
მანამდე:
კაპიტანი ამერიკა წლების განმავლობაში გარეშე პერსონაჟად ითვლებოდა. აუდიტორიას სულ უფრო და უფრო ნაკლებად აინტერესებდა დიდი ამერიკელი გმირი, რომელიც მალე ხელახლა უნდა დაბადებულიყო. მას მორიგი პოპულარობა ედ ბრუბაკერმა მოუტანა, რომელმაც გმირი გააცოცხლა და მისი თავგადასავლებით კვლავ დააინტერესა მარველის გულშემატკივრები. იგი სამოქალაქო ომს ხელმძღვანელობდა, როცა დაიჭირეს და მოკლეს. კაპიტანი ამერიკის მანტია კი მისმა უახლოესმა მეგობარმა და ზოგჯერ მეტოქემაც, ბაკი ბარნსმა (იგივე ზამთრის ჯარისკაცმა) მოირგო.
შემდეგ:
კაპიტანი ამერიკას პოპულარობა, მასზე გამოსული ფილმების შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. Marvel Studios-მა გადაწყვიტა, კეპის შესახებ ახალი, პოპულარული ამბების ადაპატაცია კი არ გაეკეთებინა, არამედ ფოკუსი პერსონაჟის ფესვებზე, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდზე მოეხდინა. ქრის ევანსის გმირმა კეპს ახალი სიცოცხლე შთაბერა და MCU-ს ფილმებში ეს გმირი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე კომიქსებში.
5. შურისმაძიებლები
შურისმაძიებლების გუნდი 2000-იანებში ერთი დიდი არეულობა უფრო იყო, ვიდრე მთლიანობა. ბედად, ბრაიან მაიკლ ბენდისმა შურისმაძიებლების გზები შეკრა და სერიოზული გუნდის ჩამოყალიბებისთვის საფუძველი შექმნა. იმ გუნდისთვის, რომელმაც შემდგომ ფილმებით მსოფლიო დაიპყრო.
2012 წელს მთავარი შურისმაძიებლები ახალ სახეებთან ერთად მარველის მორიგ დიდ ფრენჩაიზში: იქს-ადამიანებში შეერთდნენ.
შემდეგ:
შურისმაძიებლების ფრენჩაიზი უდავოდ ჯერჯერობით ყველა დროის ყველაზე დიდებული კომიქსის ადაპტაციაა. მას აქვს ყველაფერი, რაზეც მარველის თავგადაკლულმა ფანმა შეიძლება იოცნებოს. შურისმაძიებლების ხაზი კარგად ემთხვევა კომიქსების ორიგინალურ სიუჟეტს, გუნდში თავმოყრილია მარველის საუკეთესო გმირების მთელი წყება: რკინის კაცი, თორი, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი, ქორისთვალა და მრავალი დანარჩენი.
6. გალაქტიკის მცველები
2012 წელს რიგითი კინომოყვარულისთვის რომ ეკითხათ, ვინ იყვნენ “გალაქტიკის მცველები”, მის სახეზე დაბნეულობის მეტს ვერაფერს ამოიკითხავდით. არადა, კომიქსებში მათი გუნდი 1969 წლიდან არსებობს – ისინი გალაქტიკის მცველების “პირველი გუნდია” ალტერნატიული მომავლიდან, კერძოდ 31-ე საუკუნიდან. ეკრანიზაცია კი მცველების “2008 წლის გუნდის” ისტორიების მიხედვით არის გადაღებული.
2014 წელს მსოფლიო მაყურებელმა ეს შესანიშნავი გუნდი გაიცნო, ფილმის მეორე ნაწილი კი, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, პირველი ფილმის სიქველს წარმოადგენს და მცველების ისტორიები მარველის შურისმაძიებლების თავგადასავლებს უკავშირდება.
შემდეგ:
2014 წელს გამოსულმა ფილმმა და ეკრანზე გაცოცხლებულმა ქარიზმატულმა, მომხიბვლელმა და უჩვეულო გმირებმა არამარტო კომიქსის ერთგული ფანები, არამედ არამკითხველი მაყურებელიც მოხიბლა. მარველი ამ ფრენჩაიზით კოსმოსურ სივრცეებში გავიდა და გალაქტიკის მცველების შურისმაძიებლებთან გაერთიანებაც მოახერხა.
7. დიდი გმირი 6
მანამდე:
დიდი გმირი 6 მარველის მორიგი დავიწყებული ფრენჩაიზი იყო. თავდაპირველად, გუნდი იაპონური გმირებითა და ვილანებით იყო დაკომპლექტებული. ერთხელ მათ გვერდით იქს-ადამიანების სანფაიერის ხილვაც კი იყო შესაძლებელი. მანგას გავლენით შექმნილი კომიქსი მისი ეკრანიზაციის გამოსვლამდე თანდათან ყველამ დაივიწყა.
შემდეგ:
დიდი გმირი 6-ის ეკრანიზებული ვერსია დისნეის ამავე სახელწოდების ანიმაციაა. მისი სიუჟეტი ჰიროს გარშემოა ფოკუსირებული და ახალი სახით წარმოგვიდგენს პერსონაჟებს როგორებიც არიან ჰანი ლემონი, GoGo და ვასაბი. ფილმისთვის საკმარისი მასალა კომიქსებს მაინც არ ჰქონია, შესაბამისად, დისნეის შემოქმედებით გუნდს გარკვეული ხაზების თავად მოფიქრება მოუწია.
8. ენთმენი
მანამდე:
ენთმენი, რომელიც პირველად 1962 წელს გამოჩნდა, მუდამ მეორეხარისხოვან პერსონაჟად ითვლებოდა. იგი იყო პიროვნება, დიდებული მეცნიერი, სახელად ჰენკ პიმი, რომელმაც ზომებში შემცირების საიდუმლოს მიაგნო და სხვადასხვა სახელით ინიღბებოდა. კომიქსებში ის შურისმაძიებლების გუნდთანაც გამოჩნდა, თუმცა ეკრანიზაციებში მისი პერსონაჟი გაცილებით მნიშვნელოვანია.
შემდეგ:
2015 წელს გამოსული ეკრანიზაციით (პოლ რუდით მთავარ როლში) ენთმენმა მარველის კინოსამყაროში პირველად შედგა ფეხი და თანაც, საკუთარი თავგადასავლით. ამ დროიდან მას საკუთარი ადგილი აქვს და განსაკუთრებული ძალების წყალობით შურისმაძიებლების გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მომზადებულია ranker.com-ის მიხედვით