სამეფო კარის თამაშების ფინალიდან თითქმის ერთი კვირის თავზე აშკარაა, რომ შოუს ფანების დიდი ნაწილი დასასრულით უკმაყოფილოა. ვითომდა მოულოდნელობის ეფექტმა, რითაც შემქმნელები გვემუქრებოდნენ, შოკზე მეტად მაყურებელს იმედგაცრუების გრძნობა დაუტოვა.
ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ შემქმნელების მიერ შემოთავაზებული ფინალი ბოლო სეზონებიდან გამომდინარე საუკეთესო დასასული იყო და გულდაწყვეტილთა არმიას ირონიულად ავალებენ, რომ “ადგნენ და თავად მოიფიქრონ უკეთესი დასასრული”.
გგონიათ, ფანები ამაზე უკან დაიხევენ? სულაც არა – მათ დასასრულის უამრავი ვარიანტი აქვთ. ცნობილმა გასართობმა პორტალმა BuzzFeed, სწორედ ამ კითხვით მიმართა თავის ერთგულ მკითხველებს – შეეთავაზებინათ სამეფო კარის თამაშების მათი აზრით ღირსეული დასასრული.
დღეს ფანების უსასრულო რაოდენობის ვერსიებიდან ათ საუკეთესოს შემოგთავაზებთ.
გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს!
1. დენი და ჯონი ტახტს ანადგურებენ – სამეფო კარის თამაშების დასასრული
“მოკლედ, ამბავი უნდა დასრულებულიყო ორი უკანასკნელი ტარგარიენით, რომლებიც ერთმანეთს რკინის ტახტის განადგურების მისიით დაუკავშირდნენ (იმ ტახტის, რომელიც მათი გვარის განადგურების მიზეზი გახდა). ტახტის განადგურება “თამაშის” დასასრულად იქცევა.
რეიგალი ცოცხალი იქნებოდა, დენი და ჯონი ერთად დაადნობდნენ ტახტს და ასე “დაიმსხვრეოდა ბორბალი” – ტახტი, რომელიც დრაკონის ცეცხლის დახმარებით შექმნა ტარგარიენმა და ისევ ტარგარიენის დრაკონის მეშვეობით განადგურდებოდა – რაც ამბავს გააერთიანებდა და ლოგიკურად შეკრავდა.
ასევე გონივრული სვლა იქნებოდა მაყურებლის მხრიდან იმის აღმოჩენა, რომ დენერისის მიზანი ტახტისკენ არა მასზე დაჯდომა, არამედ განადგურება იყო – მთელი ეს დრო იგი სწორედ აქეთ ისწრაფოდა.” – lilj90
2. ჯონი დენერისის მკვლელობის შემდეგ თავს იკლავს
“ჯონ სნოუს საყვარელი ქალის მოკვლის შემდეგ (რომეოსა და ჯულიეტას სტილში) თავი უნდა მოეკლა და ამით (მაინც) აღესრულებინა ნათლის მეომრის დანიშნულება. დროგონს ორივე უნდა წაეყვანა”. – thebay
3. ბრანი სინამდვილეში ღამის მეფეა
“ყველაფერი იგივეა, ამოდის ტიტრები და შემდეგ მოკლე კადრი: ბრანი ვარგის მდგომარეობაში. კამერის ზუმი მის თვალებზე, რომლებიც ლურჯად ინთება. დასასრული.
ჯორჯ მარტინმა დაგვტროლა: საგა, ისევე როგორც შოუ მთავრდება ისე, როგორც “ზამთრის ქარები”. შემდეგ კი ოცნება “გაზაფხულზე დაიწყება” და ნამდვილი დასასრული მხოლოდ მაშინ დადგება”. – istarlet
4. ვხედავთ, სად წაიღო დროგონმა დენის სხეული
“ეს ბევრად საინტერესო დასასრული იქნებოდა. დროგონი ვალირიაში გაფრინდებოდა – იქ, სადაც დრაკონის კვერცხებია (აბა, სამყაროში მხოლოდ სამი კვერცხი არსებობდა?). იგი დენის სხეულს კვერცხებთან ერთად საკუთარ ცეცხლში გახვევს. მაგია კვლავ ამოქმედდება და დენი კვლავ დაიბადება დრაკონებთან ერთად… შესანიშნავი, ორაზროვანი დასასრულია”. – jeskasworld12
5. არია რუხი მატლის სახეს იყენებს დენერისის მოსაკლავად
“ჩვენ სრული ორი სეზონი ვადევნებდით თვალს, როგორი ტანჯვა-წამებით ეუფლებოდა არია უსახოდ ყოფნის ჩახლართულ, იდუმალ ხელოვნებას. და რაში გამოიყენა მან ეს წამებით შესწავლილი მაგია? – მხოლოდ ფრეიების დასახოცად?
ყველა ელოდა, რომ მე-8 სეზონში მაინც გაიხსენებდა არია იმას, რომ სახის შეცვლა შეუძლია, და შეშლილ დედოფალს ასე ჩამოიშორებდა. ამას ელოდნენ სერსეის, შემდეგ კი დენერისის შემთხვევაშიც.
არიას შეეძლო მოეკლა რუხი მატლი და მისი სახე გამოეყენებინა დენისთან ახლოს მისასვლელად და მის მოსაკლავად.
გარდა ამისა, მას აუცილებლად უნდა ეთქვა ჯონის სასარგებლოდ სიტყვა და ხელი შეეწყო მისთვის, ვერსტეროსის მმართველი გამხდარიყო…” – aimlight
მოკლედ, ვერ გცნობთ, არია…
6. დენერისი და ჯონი ერთობლივად მართავენ ქვეყანას
“შეიძლება ჰეფიენდების გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ მგონი ამაში ცუდი არაფერია. დიდი იმედი მქონდა, დენერისი და ჯონი – ორი ტარგარიენი, გაერთიანდებოდნენ და ერთობლივად დაიწყებდნენ ქვეყნის მართვას. მათ ხომ ისედაც სურდათ “ერთად” გაეკეთებინათ რაღაცები. სანსასთვის თავისუფლად შეიძლებოდა ჩრდილოეთის დათმობა, ამისთვის განა უკანასკნელ ტარგარიენებს ერთმანეთი უნდა დაეხოცათ? მით უმეტეს, მაშინ, როცა გაერთიანება მათი გვარის უკანასკნელი შანსი იყო. მესმის, რომ “შეშლილი დედოფალი” გაცილებით არაპროგნოზირებადი და შოკისმომგვრელი სიუჟეტური სვლა გამოდგა, მაგრამ დენის უეცარი დაცემის ხილვა უამრავი ადამიანისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ტარგარიენების გაერთიანება, გაძლიერება, ურთიერთსიყვარული და პროგრესისკენ სწრაფვა ქვეყანას სიკეთისა და სიმშვიდის მეტს არაფერს მოუტანდა” – sapphire96
7. დენი თავს იკლავს
“ჯარებისადმი მიმართვის შემდეგ დენერისს ტირიონისთვის დრაკონის ცეცხლით დაწვით განაჩენს გამოაქვს. ჯონი წინ უდგება დროგონს და შეძლებს მის შეჩერებას. ამასობაში ტირიონი არმიას უბრუნდება და უხსნის, თუ რატომ შეუძლია ჯონს დრაკონის მართვა – ის კანონიერი ტარგარიენი და ტახტის უმთავრესი მემკვიდრეა. დოთრაკებისა და უნაკლოების არმია ჯონის მხარეს გადადის. ამის შემხედვარე დენერისს თავის მოკვლის მეტი აღარაფერი დარჩენია”. – devindigo
8. დენი ანადგურებს რკინის ტახტს, შემდეგ კი დროგონით მიფრინავს. შვიდი სამეფო დამოუკიდებელი ხდება
“დენერისი ტახტს ცეცხლით ადნობს და დროგონთან ერთად უცხო მხარეში მიფრინავს – “ბორბლის დამტვრევა” სწორედ ამას ნიშნავდა. ჯონი და ტირიონი ერთობლივად გადაწყვეტენ ვესტეროსის ბედს – ის შვიდი დამოუკიდებელი ქვეყნის გაერთიანება იქნება, ბრანი კი – მისი პროტექტორი. ჯონი ჩრდილოეთით ბრუნდება.
ფინალური სცენა გვიჩვენებს წითელკარიან სახლთან, ლიმონის ხესთან ჩამომჯდარ მოხუც ქალს, რომელიც ზემოთ გადაფრენილ დრაკონს უღიმის”. – lucindamcfly
9. ჯეიმი სერსეის კლავს
“მკვლელობები, რომლებსაც ველოდით:
1) ჯეიმი კლავს სერსეის (რაც სრულად აღასრულებდა მაეგის წინასწარმეტყველებას).
2) არია კლავს დენერისს (მელისანდრეს ნათქვამი).
მოვლენები, რომლებიც უნდა მომხდარიყო:
1) ვესტეროსის მეფედ ჯონს ასახელებენ (მართალია, ის ამას უარყოფს, მაგრამ მის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს უჭერს, არა იმიტომ, რომ ის ტარგარიენია, არამედ იმიტომ, რომ ის იმსახურებს).
2) თუ არიამ გემით სახეტიალოდ წასვლა გადაწყვიტა, იქნებ გენდრიმაც გააცნობიერა, რომ სულაც არ გრძნობს თავს ლორდად, ამიტომ ნავსადგურში არიას ელოდება გემთან”. – minao3
10. უკანასკნელი მტერი “სხვები” ანუ თეთრი მოხეტიალეები არიან. ჯონი მათ დასამარცხებლად საყვარელ ქალს წირავს
“ყველაფერი საგის ლოგიკას უნდა გაყოლოდა და მთავარი მტერი “სხვები” ანუ თეთრი მავალები უნდა ყოფილიყვნენ. მაგიური ძალა, რომლის წინააღმდეგაც მხოლოდ მაგია გაჭრის – ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღსრულდებოდა აზორ აჰაის/დაპირებული პრინცის წინასწარმეტყველება. როცა ზამთარი გაძლიერდებოდა, იქნებოდა დიდი მსხვერპლი, ადამიანები კი მათთვის ჩვეული ბრძოლით ვერაფერს გახდებოდნენ. ამ დროს ჯონი, ბოლოს და ბოლოს იკისრებდა მძიმე მისიას, სწორედ ის აღასრულებდა წინასწარმეტყველებას, საყვარელ ქალს (დენერისს) გულს გაუგმირავდა და ასე შექმნიდა “ნათლისმფენს” – მაგიურ იარაღს, რომლითაც დაასრულებდა ზამთარს… თუ სამუდამოდ არა, რამდენიმე ათასი წლით მაინც.
ბოლო კადრში ვნახავდით, როგორ მისდევს კედლის მიღმა დარჩენილ მტერს დაჭრილი ჯონი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული იყოს – ბნელი ღამე და საზარებლი ზამთარი აღარ დაბრუნდება…” – a4c1ecdbc6
ბონუსი:
ვესტეროსის მეფე გენდრი ბარათეონი ხდება!
“დიახ, ეს გენდრი უნდა ყოფილიყო! იცით, რამდენ ფანფიქშენს წავიკითხავ იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს მართლაც ასე მოხდა!” – kendalla4b9021ecf
გენდრი, ბარათეონის ბუში, რომელიც ტარგარიენმა დედოფალმა ლორდად აქცია, სამეფო ტახტს ნამდვილად იმსახურებდა!
ვინ იცის, იქნებ ბრანზე მეტადაც…