ალბათ, თქვენც ჩვენსავით ვერ მოგინელებიათ ის ფაქტი, რომ ჰარი პოტერის შესახებ უკანასკნელი ფილმის გადაღებიდან 8 წელი გავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ისევ და ისევ ვუბრუნდებით როულინგის ჯადოსნურ სამყაროს და ვცდილობთ შევივსოთ დანაკლისი, რომელიც პოტერიადას დასრულებით გაგვიჩნდა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ისტორიას, რომელიც ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების გადაღების პროცესს უკავშირდება:
1. მოჭარბებული ემოციები
წარმოიდგინეთ იმ მსახიობების მდგომარეობა, რომლებიც “ჰარი პოტერზე’ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე სრულყოფილად ცხოვრობდნენ თავიანთი პერსონაჟების ცხოვრებით და, რა თქმა უნდა, მათთვის ემოციურად ძალიან რთული იყო ამ ყოველივესთან გამომშვიდობება.
სწორედ ამიტომ, თითოეული მთავარი მსახიობის უკანასკნელი სცენა ფილმის გადამღები ჯგუფის მხრიდან აპლოდისმენტების თანხლებით სრულდებოდა…
2. სლიზერინული რომანი
ტომ ფელტონმა და ჯეიდ ოლივია-გორდონმა ერთმანეთი სწორედ ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც ჯეიდი ასისტენტად მუშაობდა… ტომის ინიციატივით კი ის ფინალური ეპიზოდის ერთ-ერთ სცენაშიც მოგვევლინა, სადაც, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დრაკო მალფოის ცოლი განასახიერა.
3. მენაყინე რონი
გადაღების ბოლო დღეს რუპერტი გადასაღებ მოედანზე თავისი ნაყინის სატვირთოთი გამოცხადდა და ემა უოთსონის დახმარებით ტკბილეულით ყველას გაუმასპინძლდა.
4. ვოლდემორის იმპროვიზაცია
როგორც რალფ ფაინსი იხსენებს, ლორდის ბოლო სიტყვა სრულიად იმპროვიზირებული იყო, რადგან მას სურდა დანარჩენ მსახიობებში მაქსიმალურად ბუნებრივი რეაქციები გამოეწვია.
5. სუვენირები გადასაღები მოედნიდან
დენიელ რედკლიფი სამახსოვროდ ჰარი პოტერის პირველ და ბოლო სათვალეებს ინახავს, ემას კი ჰერმიონის დროის მდევარი და ჯადოსნური ჯოხი დარჩა… თუმცა, ყველა მსახიობს ასე ნამდვილად არ გაუმართლა – გადასაღებ მოედანზე რეკვიზიტები ყოველთვის მკაცრად კონტროლდებოდა და მათი შეუმჩნევლად გაქრობა არც ისე მარტივი საქმე იყო.
6. არავითარი ჩანაცვლება!
მაყურებელთა გარკვეულ ნაწილს ძალიან არ მოსწონს ჰარი პოტერის უკანასკნელი სცენა იმ მიზეზით, რომ უკვე შუახნის პერსონაჟებს კვლავ ახალგაზრდა, ხელოვნურად დაბერებული მსახიობები განასახიერებენ… როგორც ჩანს, ეს რეჟისორის კატეგორიული სურვილი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ჰარი, რონი და ჰერმიონი ნებისმიერ ასაკში დენიელს, რუპერტსა და ემას უნდა განესახიერებინათ!
7. შვიდი ჰარი
ცნობილი სცენის გადაღებას, სადაც ერთდროულად 7 ჰარი პოტერი გვევლინება, 2 სრული დღე მოანდომეს და, როგორც დენიელ რედკლიფი იხსენებს, თითოეულ კადრს დაახლოებით 90-მდე დუბლი მაინც სჭირდებოდა.
ასევე, მისი თქმით, 7 ჰარიდან ყველაზე სახალისო რონის ვერსიის განსახიერება იყო, რადგან რუპერტის სასაცილო სიარულის მანერის განმეორებით დენიელი ძალიან კარგად გაერთო.
8. ჯადოქარი მამა, ჯადოქარი შვილი
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ მრისხანეთვალა მუდი და ბილ უისლი სინამდვილეში მამა-შვილი არიან. ბრენდან გლისონი ძალიან ცნობილი და აღიარებული მსახიობია ინგლისში, მისი არანაკლებ ნიჭიერი ვაჟი კი კარიერის საწყის საფეხურებზე იმყოფება…
9. კოცნის სცენები
მიუხედავად იმისა, რომ ჰარისა და ჰერმიონის პერსონაჟებს ერთმანეთისთვის არასოდეს უკოცნიათ, რონის წარმოსახვაში ამ ფაქტმა მაინც გაიელვა და ეს ყოველივე მაყურებელმა ეკრანზეც იხილა. როგორც ემა იხსენებს, მისთვის ამ სცენის გადაღება ძალიან არაკომფორტული იყო, თუმცა უფრო მეტი უხერხულობა რუპერტ გრინტთან კოცნისას ელოდა – მათ რამდენიმე დუბლის გადაღება მოუხდათ, რადგან მსახიობებს სიცილის შეკავება ძალიან უჭირდათ.
10. დეტალები მნიშვნელოვანია
დაახლოებით 8 თვე დასჭირდა გრინგოტსის ბანკში მომუშავე გობლინების ნიღბების შექმნას. მაქსიმალურად რეალისტური ეფექტის მისაღებად მხატვრებმა თითოეული თმის ღერიც კი უდიდესი სიზუსტით მოათავსეს საჭირო ადგილას – ვფიქრობთ, ამ თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი ნამდვილად გამოიღო!