2017 წელს გამოვიდა ახალი სატელევიზიო შოუ, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს საკულტო ნამუშევარი. ამბავი კი ასე დაიწყო:
სამი წლის წინ ცოლ-ქმარი ბარან ბო ოდარი (რეჟისორი, სცენარისტი) და იანტიე ფრიზე (სცენარისტი, პროდიუსერი) იყვნენ ტორონტოს კინოფესტივალზე, ფილმით – ვინ ვარ მე (Who Am I, Kein System ist sicher). ეს ნამუშევარი Netflix-ის წარმომადგენლებმა ნახეს, მოეწონათ და მის შემქმნელებს სერიალის გადაღების იდეა მიაწოდეს. ცოლ-ქმარმა გერმანული პრაგმატიზმი გამოიჩინა… მათ ჰაკერული სამყაროს გაცნობასა და შესწავლას რამდენიმე წელი შეალიეს. ამ პროექტის გარდა ცოლ-ქმარს კიდევ ორი იდეა ჰქონდა – კრიმინალური თრილერისა და დროში მოგზაურობის შესახებ ფილმის. ამ ორი იდეის გაერთიანების შედეგად კი სულ სხვა სტილის ნამუშევარი მიიღეს: ბნელი (Dark).
მოკლედ ბნელი-ს შესახებ
2019 წელი, გამოგონილი ქალაქი ვინდენი. ქალაქის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ატომური ელექტროსადგური, თავისი ბომბსაფარებით, რომელიც 1950-იან წლებში აშენდა. ამის შესახებ ყველა ადგილობრივმა იცის. ქალაქის გარშემო ტყეა, თუმცა არც ისეთი საშიში, რომ შიგნით ვინმე დაიკარგოს. 21 ივნისს ხელოვანი მიხაელ კანვალდი წერს წერილს, რომელიც, მითითების მიხედვით, 4 ნოემბერს, ზუსტად 21:13 წუთზე უნდა გაიხსნას. წერილის დაწერის შემდეგ კი ის თავს ჩამოიხრჩობს.
ნოემბერში იონასი, მიხაელის 17 წლის შვილი ფსიქიატრიული კლინიკიდან სკოლაში ბრუნდება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიგოს, თუ რატომ დაასრულა მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით. თუმცა, უკან დაბრუნებულს, ქალაქში სხვა პრობლემა ხვდება: იკარგება 15 წლის ერიკი, რომლის ძებნაც უშედეგოდ მიმდინარეობს. პერიოდულად ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება ფერხდება, მაგრამ ამას მოსახლეობა დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან ატომური ელექტროსადგურის გამო მსგავსი პრობლემა ხშირია.
2 ნოემბრის საღამოს იონასი თავის მეგობრებთან – ბარტოშ ტიდემანთან, მართა ნილსენთან, მართას ძმა მაგნუსთან და მიკელთან ერთად ბომბსაცავში მიდის. ჭორების მიხედვით, სწორედ იქ მალავდა ნარკოტიკებს დაკარგული ერიკი. ძებნის დროს მეგობრები საცავს გადააწყდებიან, საიდან გამოსული ხმაურიც აშინებთ და იფანტებიან. იონასი და მიკელი დანარჩენებს ჩამოშორდებიან, რამდენიმე წამში კი მიკელი უკვალოდ ქრება.
რის შესახებ არის სინამდვილეში სერიალი ბნელი…
რადგანაც არ გვინდა, პირველად ნახვის სიამოვნებაში ხელი შეგიშალოთ, სიუჟეტის მნიშვნელოვან მომენტებს აღარ მოვყვებით. მთავარი, რაც მაყურებელმა უნდა იცოდეს, ისაა, რომ ამბავი არის არა ზებუნებრივ მოვლენებზე (მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებს დიდი მნიშვნელობა აქვს), არამედ ოჯახების ისტორიასა და იმის შესახებ, თუ რა საერთო ან განმასხვავებელი თავისებურება აქვთ მათ.
გმირების დამახსოვრება გაცილებით მარტივი იქნება, თუ ჩვენც დროებით დეტექტივებად ვიქცევით და კედელზე ფოტოების განლაგებით დავიწყებთ საიდუმლოს ამოხსნას.
კანონის მხარეს ორი მნიშვნელოვანი გმირია. ნილსენების ოჯახის უფროსი, მკაცრი ულრიხი (ოლივერ მაზუჩის გმირი), რომელიც იძულებულია, უმცროსი შვილის სამძებრო სამუშაოები ჩაატაროს, და პოლიციის უფროსი შარლოტა დოპლერი, რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მოხუცი სიმამრი ჰელგე (მას აქვს საქმეები, რომელიც ბუნდოვანია). კრიზისია ნილსენების ოჯახშიც: ულრიხი ცოლს ღალატობს იონასის დედასთან.
ბნელში მოქმედება ხშირად გადადის წარსულ დროში, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, პერსონაჟების ქცევების მიზეზები გაიგოს. ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვენ გმირების საიდუმლოებების ამოხსნას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ რეჟისორი მხოლოდ რუკის ნახევარს გაჩვენებთ. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის.
მსგავსებები
დასავლური გამოცემები ხშირად ამ პროექტს “გერმანულ უცნაურ ამბებს” უწოდებს. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ისიც კი დაწერა, რომ სერიალი ბნელი გახლავთ უცნაური ამბები უფროსებისთვის. თუმცა, ამ ორი სერიალის საერთო მხოლოდ და მხოლოდ დაკარგული პერსონაჟი და ველოსიპედებია, რითაც გმირები გადაადგილდებიან. უცნაური ამბები მაინც 1980-იანი წლების პოპ კულტურის სენტიმენტებზე აგებული ისტორიაა, ბნელი კი ყოველივე მსგავსი სენტიმენტებისგან დაცლილი და კიდევ უფრო ბნელია.
მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობენ, მაინც დამოუკიდებლები არიან. ხოლო უფროსები არ არიან ისეთი ემოციურები, როგორც ეს ამერიკული სიუჟეტებიდან ვიცით. რამდენიმე გმირს “სკანდინავიური სიცივეც” კი ახასიათებს. ზოგიერთი რეაქცია ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდან ამოღებული გეგონება, მაგრამ ეს ყველაფერი, უბრალოდ, გერმანულ ხასიათში ზის.
უცნაური ამბების გარდა, მსგავსებას ხედავენ დევიდ ლინჩის ტვინ პიქსთანაც. ეს არის მისტიკური ამბავი პატარა ქალაქზე, სადაც ატომური სადგურის ნაცვლად, ხის გადამამუშავებელი ქარხანაა. იქაურ გმირებსაც უცნაური ამბები გადახდებათ თავს, და ტვინ პიქსის მსგავსად, ბნელიც ხსნის გმირების საიდუმლოებებს და მაყურებელს აიძულებს, კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ქალაქს და მისი მაცხოვლებლების ისტორიას.
ვიზუალური მხარე
სერიალს განსაკუთრებული სარეჟისორო და საოპერატორო მიდგომა ეტყობა. გვხვდება ისეთი სცენებიც, რომლებიც სამონტაჟო ჭრის გარეშეა გადაღებული. სახელის მოუხედავად, მოქმედება არ ხდება ღამით, ეკრანი არ არის მუდმივად ჩაბნელებული. სერიალის მიმდინარეობისას ხშირად წვიმს, რადგან მოქმედება ნოემბრის გერმანიაში ხდება და არა კალიფორნიაში.
პირველი სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან, რომელთაგან არცერთი არ არის ე.წ. ფილერ ეპიზოდი, ეპიზოდი, რომელიც კონკრეტულად არაფერს გვიყვება მიმდინარე მოვლენების შესახებ.
გერმანული მღელვარება სერიალში
როდესაც გერმანულ სერიალზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენა გერმანელებზე. ვიცით, თუ როგორი პუნქტუალურები, მოწესრიგებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. თუმცა, ისინი აღარ არიან დარწმუნებულები იმაში, თუ რა მოხდება ხვალ და რა მოხდება სამყაროში. მღელვარე საშიშროება – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ მათი მდგომარეობა.
სამყარო არ არის სრულყოფილი და მისი მოწესრიგება ძალიან ძნელია. მღელვარე საშიშროება კი თითოეული გერმანელის ცხოვრებაში შემოიჭრა. თუ სისტემა ვეღარ მუშაობს, წინ მხოლოდ და მხოლოდ აპოკალიფსია. გერმანული პრესა დარწმუნებით ამბებს, რომ ამაზე საშინელი ტელევიზიაში ჯერ არაფერი გაშვებულა, და ეს ყველაფერი ხდება ძმები გრიმების ქვეყანაში. თუ ჯერ კიდევ მოგეპოვებათ მათი წიგნები, დაკვირვებით წაიკითხეთ და ნახავთ, რომ ისინი ბრუტალური საშინელებებით არის სავსე. თავად მეზღაპრე ძმები წერდნენ, რომ შიში არა მხოლოდ ვაჟკაცობის ნაკლოვანებაა, არამედ ამ გრძნობას ადამიანი ყველაზე მეტად შეჰყავს გაურკვევლობისა და დილემის გამოუვალ ჩიხში.
რეჟისორი ბარან ბო ოდარი ამბობს, რომ გერმანული მღელვარე შიში ზედაპირული დასკვნაა და გარკვეულწილად სტერეოტიპებს ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ამერიკული ბიუჯეტით არის გაკეთებული, მთელი გადამღები ჯგუფი გერმანელებით გახლდათ დაკომპლექტებული და მათი მიზანი გლობალურად კარგი პროდუქტის შექმნა იყო.
ბოლოს და ბოლოს, რის შესახებ არის სერიალი ბნელი? 
არ არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი. მხოლოდ სიკეთე და ბოროტება. არავინ იბადება ბოროტად (“ჰიტლერიც კი იყო ჩვეულებრივი ექვსი წლის ბავშვი,” – გვახსენებს რეჟისორი). უბრალოდ, რაღაც მომენტში ჩვენს გონებაში აქტიურდება ის ემოციები, რომელთა კონტროლიც აღარ ძალგვიძს. სწორედ ეს ემართებათ ბნელი-ს გმირებსაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ გარდაიქმნებიან ისინი და მათი “მომენტის” თანამონაწილენი ვხდებით.
და კიდევ, არსებობს დროში მოგზაურობაც.
როგორც ჩანს, მეორე სეზონი გარდაუვალია.
უყურე სერიალს ქართულად – აქ!
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ