საშინელებაა, იყო მოწყენილი. სევდიანი – კი. გაბრაზებული – კი. დეპრესიული – კი. გაგიჟებული – კი. მოწყენილობას კი გამართლება არ აქვს.
ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიმიღია, მომცა ადამიანმა, რომელიც ცხენზე ჯირითს მასწავლიდა. მან მითხრა, რომ ნელა მევლო, რათა ჩქარა მივსულიყავი… ვფიქრობ, ეს ყველაფერზე ვრცელდება. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც დრო არასდროსაა საკმარისი, მაგრამ თუ თითოეულ საქმეს მშვიდად და ყურადღებით გავაკეთებთ, მაშინ საქმე უფრო სწრაფად და ნაკლები სტრესით გაკეთდება.
ცხოვრებაში ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც თან საინტერესოა და თან შენში შიშსაც იწვევს.
ვფიქრობ, ყველა ადამიანში ცხოვრობს რამდენიმე პიროვნება და ისინი იცვლებიან იმისდა მიხედვით, თუ ვის ველაპარაკებით და როგორ სიტუაციაში ვართ.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნიჭიერი ხარ, საჭიროა, იღბლიანიც იყო.
სიცოცხლე ხანმოკლეა და რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო მეტად გრძნობ ამას. დროთა განმავლობაში ადამიანები სიარულის, სირბილის, მოგზაურობის, ფიქრის და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების უნარს კარგავენ. მე მივხვდი, თუ როგორი მნიშვნელოვანია, გამოვიყენო ჩემი დრო.
რთულია, დეპრესიაში არ ჩავარდე, როდესაც აკვირდები სამყაროს და ადამიანებს, რომლებიც ამორალურად იქცევიან.

იყო ხელოვანი – არ ნიშნავს, ქმნიდე მუსიკას, ხატავდე, მონაწილეობდე ფილმებში ან წიგნებს წერდე. ეს უბრალოდ ცხოვრების სტილია. ამისთვის საჭიროა აკვირდებოდე, იმახსოვრებდე, ფილტრავდე იმას, რასაც ხედავ და პასუხობდე. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ, ცხოვრობდე.
დასვენების დღეებს ჰოლივუდურ წვეულებებზე არ ვატარებ. სახლში ყოფნას ვარჩევ, საღებავებთან და ტილოებთან.
სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მაღელვებს.
მე, ვიგო მორტენსენი, ყოველთვის ვცდილობ, არ განვსაჯო და არ გავკიცხო სხვა ადამიანები.
იყავი კეთილი. დაიწყე სხვა ადამიანების შესწავლა და გაიგე, რა საერთო შეიძლება გქონდეს მათთან. თუ საკუთარ თავს მისცემ უფლებას, იყო ცნობისმოყვარე, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ გახდე გონებაგახსნილი და რეალურად გააანალიზო სხვისი შეხედულებები.
ყოველთვის მაინტერესებდა იმ პერსონაჟების თამაში, რომლებსაც რაღაც საიდუმლო აქვთ.
არ მომწონს ხალხი, რომელიც ფეხბურთის და მსგავსი რაღაცების გამო ჩხუბობს.
ფოტოგრაფია, მხატვრობა და პოეზია – ჩემთვის კომუნიკაციის საშუალებებია.
დეპრესიაში ჩავარნა ადვილია, თუ მიეჯაჭვები ფიქრს, რომ არაფერს აქვს აზრი. მაგრამ ეს იგივეა, თქვა: კარგი, ჩვენ ყველანი მოვკვდებით, რა აზრი აქვს კბილების გახეხვას, ან თუნდაც ვინმესთვის გამარჯობის თქმას. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არსად წაგიყვანთ.

ბუნებაში ყოფნა არასდროსაა დროის კარგვა, ეს შვებაა.
ტექნოლოგიებს არ ვწყალობ, სამაგიეროდ დადებითად ვარ განწყობილი ხალხის, სამყაროს და ბუნების მიმართ.
წყარო: www.azquotes.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა