(ინტერვიუ ტომ ჰენკსთან)
ყველაზე მეტად როგორი ტიპის გადაღებები არ გიყვართ?
ღმერთს გეფიცებით, ყველაზე არასასიამოვნო ქორწილის სცენის გადაღებაა, რომელიც შეიძლება ორ კვირას გაგრძელდეს. ეს ნამდვილი კოშმარია! წარმოიდგინეთ, ყოველდღე სმოკინგში გამოწყობილმა უნდა იარო და კარგად გამოიყურებოდე. თან წამდაუწუმ თმას გვარცხნიან… ამას მირჩევნია, ყველა სცენაში მცემონ.
აპოლო 13, რიგითი რაიანის გადასარჩენად, გარიყული – ამ ფილმების გადაღებები, ალბათ, რეალურ შეგრძნებებთან იქნებოდა მიახლოებული…
დიახ, ამ ფილმებს სწორედ ეს ატმოსფერო აერთიანებს, – ყველაფერი ძალიან ხელშესახები და რეალურია. ვგულისხმობ არა იმდენად სიუჟეტებსა და ფაქტებს, რამდენადაც პერსონაჟების ქცევას. ამ ფილმებმა ჩემი ყურადღება სცენარის წაკითხვისთანავე მიიქცია. გადაღებების დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემი პერსონაჟები სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც მათ ადგილზე მე მოვიქცეოდი.
ფიქრობთ, რომ თქვენი გმირებივით თქვენც შეძლებდით ასეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავებას?
განა ყველანი ასე არ ვფიქრობთ? ყველას გვგონია, რომ შეგვიძლია და მეც იმედი მაქვს, რომ ასეა. არ ვიცი, ალბათ, მაშინ გავიგებთ ზუსტად, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
როგორც წესი, თქვენი პერსონაჟების უმრავლესობა დადებითია. რატომ ხდება, რომ ბოროტმოქმედებს იშვიათად თამაშობთ?
ხშირ შემთხვევაში, ე.წ. ცუდი ტიპების არ მესმის. მე კიდევ არ მინდა, ვითამაშო გმირი, რომლისაც არ მესმის. როგორც წესი, სტანდარტული სიუჟეტი ასეთია: გვყავს აბსოლუტურად დადებითი პროტაგონისტი და წარმოუდგენლად ბოროტი ანტაგონისტი. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, და აბა, გამოიცანით, რა ხდება? პროტაგონისტი ყოველთვის იმარჯვებს. მსგავსი სიუჟეტები არ მაინტერესებს, რადგან მასში არანაირი ინტრიგა არაა. მე მსურს, ორივე გმირს ჩავუღრმავდე და მათი მოტივაცია გავიგო. მაგალითად, ღრუბლის ატლასში ყველა გმირის კარგად მესმოდა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა რუტინულია?
არის პერიოდები, როცა ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს. შენ უბრალოდ შენს სამუშაოს ასრულებ და სახლში ბრუნდები. თუმცა, გადაღებები სიურპრიზებითაა სავსე და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ფილმის გადაღება ხანგრძლივი მარათონია და ხანდახან ძალიან ვიღლები.
ახლახანს ბროდვეიზე დებიუტი გქონდათ. ალბათ, ბროდვეიზე თამაში უფრო დამღლელია, ვიდრე გადაღებებზე სიარული, რადგან კვირაში რვაჯერ გიწევთ სცენაზე გამოსვლა…
ეს ექვსთვიანი შრომის შედეგია. ხუმრობა ხომ არაა, – კვირაში რვა წარმოდგენა! თუმცა, ეს პროცესი ძალიან მომწონს. არც კი მეგონა, რომ გამომივიდოდა. კინოსგან ცოტა გადაღლილი ვიყავი და ამ ახალ და საინტერესო გამოცდილებას კარგად მოვერგე.
რომელ ფილმზე მუშაობა იყო თქვენთვის ყველაზე დამღლელი?
ცოტა ხნის წინ გადავიღე ფილმი, რომლის სცენარიც მე დავწერე და მთავარ როლსაც მე ვთამაშობდი. ეს იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ძალიან გადავიღალე. შეიძლება ითქვას, რომ რეჟისურა სხვების ყურებით ვისწავლე და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გადაღებების დროს ყველაფრის ხელმძღვანელი და მამოძრავებელი რეჟისორია, რომელმაც თავი უნდა გადადოს და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიუძღვნას. ჩემთვის ნამდვილად ძალიან რთული პერიოდი იყო, არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა.
ამან თქვენზე, როგორც მსახიობზე, ცუდად ხომ არ იმოქმედა?
არა, რეჟისორობისგან განსხვავებით, ფილმში თამაში ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. გადამღებ ჯგუფთან ერთად კარგი დრო გავატარე. სცენარის წერის პროცესიც მშვენიერი იყო. აი, რეჟისორობა კი ნამდვილად გამიჭირდა. სულ მეგონა, რომ ვერაფერს მოვასწრებდი. თუმცა, თუ ჩემი დიაბეტის გადამკიდე, მომავალში ფეხზე ვიდგები, ვაპირებ, ამ მიმართულებით საქმიანობა გავაგრძელო.
ახლა ხომ მაინც უფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას?
დიახ, და კარგი იქნებოდა ახალგაზრდობაშიც მიმექცია ყურადღება. ახლა ნაკლები პრობლემა მექნებოდა. თუმცა, თუნდაც თქვენ, იცით თქვენს სისხლში შაქრის ოდენობა რამდენია?
წარმოდგენა არ მაქვს.
სჯობს, შეამოწმოთ. ძალიან სახიფათოა, როცა არც კი ვიცით, რა პრობლემები გვაქვს და ცხოვრებას იმავე რიტმში ვაგრძელებთ.
საკმაოდ კარგად გამოიყურებით. როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რაც გსურდათ, ყველაფერს მიაღწიეთ?
დიდი მადლობა, ვცდილობ, ყველა საშუალებით ვებრძოლო დიაბეტს. საკმაოდ ჯანმრთელად ვგრძნობ თავს და ახალ გამოწვევებს ჯერ კიდევ ველოდები. თუმცა, ისიც გააზრებული მაქვს, რომ მოვა დრო და ყველაფერს ვეღარ შევეჭიდები.
წყარო: http://the-talks.com
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა