რამ მოგხიბლათ რკინის ვარსკვლავში ისე, რომ მთავარ როლს დათანხმდით?
მე არ ვეძებდი როლს სატელევიზიო შოუებში. იმას არ ვგულისხმობ, რომ სერიალების საწინააღმდეგო მაქვს რამე. 1980-იან წლებში ბრიტანულ სერიალში ვმონაწილეობდი. რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდი სერიალზე სიცრუის თეორია და ეს შესანიშნავი იყო. თუმცა, რკინის ვარსკვლავი განსხვავებულია.
მსახიობები ტელესერიალს ხშირად აღწერენ ხოლმე, როგორც 13-საათიან ფილმს…
მართალია, 22 ეპიზოდში ერთი და იგივე ტიპი ჩნდება ეკრანებზე. როდესაც პირველად მოვედი ჰოლივუდში, სერიალებში ვმონაწილეობდი. თუ ჯორჯ კლუნივით გაგიმართლებდა, სერიალიდან ფილმში აღმოჩნდებოდი. მაგრამ ეს არ იყო ორმხრივი გზა. პირადად მე ტაშს ვუკრავ დევიდ საიმონს. ჩემთვის რეალურად მოსმენამ შეცვალა თამაშის წესები. თავდაპირველად ყველაზე ვეჭვიანობდი, ვინც ამ შოუში მონაწილეობდა. ასე ხდება, როცა კარგ საქმეს კარგი მსახიობები აკეთებენ, და როდესაც სიცრუის თეორიაზე დავიწყეთ მუშაობა, ვთქვით: მოდით, მოვპაროთ მოსმენას იმდენი მსახიობი, რამდენსაც შევძლებთ!

რკინის ვარსკვლავის პარალელურად გამოვიდა BBC-ის სერიალი – რილინგტონ ფლეის, რომელიც ბრიტანელი სერიული მკვლელის, ჯონ კრისტის ისტორიას მოგვითხრობს. იცოდით რამე კრისტის შესახებ, სანამ კონტრაქტზე ხელს მოაწერდით?
მე ვიცოდი რიჩარდ ატენბოროს მიერ შესრულებული როლი 10 Rillington Place-ში. ვიცოდი, რომ ამ საქმის წყალობით გაუქმდა ინგლისში სიკვდილით დასჯა და ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო… მერე პროდიუსერებმა მასალა მომიტანეს: აუტოფსიის შედეგები, ინტერვიუები, მოწმეთა ჩვენებები და კიდევ სხვა მასალები, რასაც გაზეთებში ვერ ნახავდით. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის წაკითხვა და ზოგადად, ამ როლის შესრულება. მე უამრავი კვლევა ჩავატარე, თუმცა, მერე შევეშვი, რადგან ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლებოდა.

როგორ ფიქრობთ, რატომაა ხალხი ასე მოხიბლული სერიული მკვლელებით?
ეს ჰგავს იმას, ავტობუსიდან ინტერესით უყურო უბედურ შემთხვევას და მასში არ ჩაერთო. მთელი სიამოვნება მის გამოგონებაშია… თქვენ ხომ არ გინდათ, სერიული მკვლელი თქვენს სახლში შემოვიდეს? მაგრამ სხვა საქმეა ამის ყურება უსაფრთხო ადგილიდან. მოკლედ, მე მიყვარს თრილერის კითხვა, მაგრამ არა – მასში ცხოვრება.
მაბედნიერებს, გასართობ თამაშებში (funny games) რომ ვარ, მაგრამ გთხოვთ, ნუ შემოხვალთ ჩემს სახლში და ნუ მაწამებთ…
(იცინის) ეს ყველაზე მძიმე სამუშაო იყო, რაც კი ოდესმე შემისრულებია. ჰანეკე ღვთაებრივია და მე მიყვარს ის, მაგრამ გადაღებები ნამდვილად სტრესული იყო. დილა იწყებოდა იმაზე ფიქრით, თუ როგორი სტრესული დღე უნდა გადამეტანა. საღამოს თითქოს მოვეშვებოდი ხოლმე, მაგრამ მეორე დილით ისევ იგივე მეორდებოდა. გადაღებების დროს, სცენებს შორის, სიგარეტს ვეწეოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ტიმ, როგორ ხარ? და კიდევ ერთი რამეა: ის პატარა ბიჭი, რომელიც ჩემს შვილს თამაშობდა, მართლა ძალიან ჰგავდა ჩემს შვილს. ამიტომ ამ სცენების გადაღებისას საკუთარ თავს გაღიზიანებას ვატყობდი. ეს ძალიან რთული იყო.

როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება კვენტინ ტარანტინოზე? ის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო “კვენტინ ტარანტინო”.
ჰო, საერთოდ არ იყო. ის იყო ბიჭი, რომელიც ცდილობდა, თავისი პირველი ფილმი გადაეღო. მან გამომიგზავნა ცოფიანი ძაღლების სცენარი და მითხრა, რომ სურდა, მის ფილმში მეთამაშა. გრძნობდა, რომ როლს იდეალურად მოვირგებდი, რადგან ჩემი თამაში ნახა ფილმში როსენკრანთზი & გილდენსტერნი მოკვდნენ. ამ საკითხზე ტომ სტოპარდს ველაპარაკე და კარგად მახსოვს მისი პირველი რეაქცია: რა ჯანდაბაა ცოფიანი ძაღლები?! მაგრამ დავიწყე სცენარის კითხვა და ოცი გვერდის წაკითხვის შემდეგ ჩემს აგენტს დავურეკე. ვუთხარი: ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მან კი მითხრა: მშვენიერია, შეხედე მისტერ პინკს, მისტერ ბლონდს… არა, – მივუგე მე, – მე მინდა, ვითამაშო მატყუარა. ეს სიმართლე იყო. ძალიან მომეწონა ის იდეა, რომ ინგლისელი ითამაშებს ამერიკელს, რომელიც ითამაშებს პოლიციელს, რომელიც მძარცველს თამაშობს…
წყარო: www.rollingstone.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა