(ინტერვიუ სტივენ სპილბერგთან)
გახსოვთ, რომელი ფილმი ნახეთ პირველად?
ხუთი წლის ვიყავი, როდესაც საუკეთესო შოუ დედამიწაზე ვნახე. ფილმიდან ყველაზე მეტად სპილოები და მატარებლის ავარია დამამახსოვრდა. ჯეიმს სტიუარტის მიერ შექმნილი კლოუნის ფანტასტიკური პორტრეტიც დაუვიწყარია. როდესაც ბავშვი ხარ, პერსონაჟებზე მეტად მოქმედებები გამახსოვრდება. თუმცა, შესაძლოა, კინოს დღესაც ასე ვუყურებ და ჩემი პირველი ფილმების გასაღები სწორედ ჩემს ბავშვობას უკავშირდება.
ბავშვობაში ბევრ ფილმს უყურებდით?
არც ისე. მითუმეტეს, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის აკონტროლებდნენ, რას ვუყურებდი და ნებას არ მრთავდნენ, ყველა ჟანრის ფილმი მენახა. თორმეტ წლამდე საკმაოდ შეზღუდული ვიყავი. უსიამოვნო და ძალადობის შემცველი ფილმების ნახვა მეკრძალებოდა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ხანდახან მეგობრებთან ერთად გავძვრებოდი და აკრძალულ ფილმებს მათთან ერთად ვუყურებდი. ცამეტი წლიდან კი თავად დავიწყე 8მმ ფირზე ფილმების გადაღება და ნელ-ნელა შეზღუდვებიც მომეხსნა.
როცა Universal-ში დაიწყეთ მუშაობა, სულ რაღაც 21 წლის იყავით. ამაზე როგორ რეაგირებდნენ სტუდიაში?
თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ სიახლესთან შეგუება და ბევრი სირთულის დაძლევაც მომიწია. ხშირად შემიმჩნევია ზურგს უკან ქირქილი და გადალაპარაკება, თუმცა, როდესაც სატელევიზიო ფილმების გადაღებას შევუდექით და ნახეს, რომ კინო სერიოზულად მაინტერესებდა და ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ნელ-ნელა მიმიღეს და რეჟისორადაც მაღიარეს. რაც მთავარია, ჩემი რეპუტაცია ეჭვქვეშ აღარ იდგა. ხშირად ამბობდნენ, კი, ბატონო, ჯერ სულ მთლად ბავშვია, მაგრამ მშვენივრად გამოსდის ყველაფერიო. ძალიან მიხაროდა, რომ ვიზრდებოდი და ასაკი მემატებოდა.
ამ გადმოსახედიდან, რას ეტყოდით ახალგაზრდა სტივენ სპილბერგს?
ვეტყოდი, რომ ფრჩხილების კვნეტისთვის თავი დაენებებინა და ცოტათი მოდუნებულიყო… რაც მოსახდენი იყო, მაინც მოხდებოდა და წარმატებაც თავის დროზე მოვიდოდა. კარგი იქნებოდა, ახალგაზრდობაში ჩემს მომავალზე ამდენი არ მენერვიულა.
რეჟისორის პროფესია რომ არ აგერჩიათ, დღეს ვინ იქნებოდით?
ალბათ, კარგი ჟურნალისტი. მინდოდა კიდეც ჟურნალისტობა… ეს სფერო მაინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის მიღების ბევრი თანამედროვე საშუალება არსებობს, ამისთვის ინტერნეტს არ ვიყენებ. დღემდე ვკითხულობ გაზეთებს და მირჩევნია, ბეჭდური სახით მივიღო ინფორმაცია, ან ტელევიზორიდან.
როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კარგი რეჟისორი?
ყველაზე მთავარი კინორეჟისორისთვის მდიდარი ფანტაზიაა. თუ მდიდარი ფანტაზია გაქვთ, ამბების მოყოლა გიყვართ და გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, ეს ყველაფერი უცხო ადამიანებსაც გაუზიაროთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაიწყოთ წერა და ფილმების გადაღება.
როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას ჰოლივუდში?
ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად ნიჭი და მონდომებაა საჭირო. თუ მართლა ნიჭიერი ხარ და ამასთან, ბევრსაც მუშაობ, წარმატებისკენ გზა ხსნილია. შრომისმოყვარეობა ყველგან ფასდება. როდესაც ცოტას მუშაობ, ნელ-ნელა ხვდები, რომ ასე შორს ვერ წახვალ და ის ცოტა შრომაც წყალში გეყრება. თავი არ უნდა დაზოგო და სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება. ყველას ჰგონია, რომ რეჟისორობა გადასაღებ მოედანზე დგომა და დირექტივების გაცემაა. ეს უდიდესი ფიზიკური შრომაა და საკუთარი ხელით სახლის აშენების ტოლფასია. კინო ყველა წვრილმანის გათვალისწინებას და პატარ-პატარა დეტალების ერთ მთლიანობად შეკვრას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, ზიხარ გადასაღებ მოედანზე და უყურებ, როგორ აკეთებს ყველა თავის საქმეს: გამნათებელი განათებას აყენებს, ვიღაც სცენას აწყობს, რომელიღაც კუთხეში მსახიობები დგანან და დიალოგებზე მუშაობენ, ყავის სმის დროც კი არავის აქვს. ჩემი აზრით, კინო და სატელევიზიო რეჟისურა ყველაზე კომპლექსური ბიზნესია მსოფლიოში.
წყარო: http://emanuellevy.com
მოამზადა ნინო დოლიაშვილმა