ავტორი: ციკო ინაური
ალკოჰოლიზმით დაავადებული მამების შვილებს განსხვავებული ოცნებები აქვთ. ისინი ჩვეულებრივ ოჯახზე, სადილზე და სეირნობაზე ოცნებობენ. ოცნებობენ, რომ მამამ სკოლაში მიაკითხოთ, ჰქონდეთ უბრალო, სხვების მსგავსი ცხოვრება, და ეს იმიტომ ხდება ასე, რომ ისინი ოჯახმა ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივ გარემოში მოახვედრა.
ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ქალიშვილებს ისტერიულად უყვართ მამები და პატარა ასაკიდანვე მთავარ მიზნად მამის გადარჩენა უჩნდებათ. მათ სურთ, სამყარო საკუთარი მამის იდეალურობაში დაარწმუნონ. აქვთ საოცნებო “შუშის სასახლე”, რომლის არსებობისაც სჯერათ, სჯერათ, სჯერათ, მაგრამ საბოლოოდ ეს სასახლე ნაგავსაყრელად იქცევა. ალკოჰოლიკი მამების ქალიშვილები, რომლებიც უმძიმესი ცხოვრების გამო, დებზე და ძმებზეც კი თავად იღებენ პასუხისმგებლობას, ნაგავსაყრელის მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა, მათთვის მამა ვერასდროს ხდება ნაგავსაყრელი და ყოველთვის თავისუფლებისა და უანგარო სიყვარულის სიმბოლოდ რჩება.
აი, ზუსტად ამ შეგრძნებებზეა ფილმი შუშის სასახლე გოგოზე, რომელსაც სურს, რომ მამას ჰგავდეს და გრძნობს, რომ ჰგავს კიდეც, მაგრამ ასევე სურს, რომ მისი ჭკვიანი მამა ფუნქციური, სამსახურიანი და სტაბილური იყოს. მას თითქოს მოსწონს არასტაბილურობა, მოგზაურობა, მამის ისტორიები, ზღაპრები “შუშის კოშკზე”, მაგრამ ამდენი ჯოჯოხეთური, შიმშილში გატარებული საღამოს შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე, გაწონასწორებულობა უნდება. თუმცა, ის ვერასდროს იცხოვრებს ჩვეულებრივად, რადგან ალკოჰოლიკის შვილია, გოგო, რომელიც მამამ გამოარჩია და თავისუფლად ზრდის. სწორედ ამ თავისუფლების გამო, ეს გოგო, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე ბიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელზეც შემდგომ – აი, ეს საოცარი ფილმი გადაიღეს, ვერასდროს იცხოვრებს, როგორც, მაგალითად, ბანკირის ცოლი, ან საერთოდ, – ვინმეს ქალი, რადგან ალკოჰოლიკი მამის ქალიშვილი არცერთ კაცს არ ენდობა. მას ხომ ყველაზე ღვთიურმა, მისაბაძმა კაცმა – მამამ იმედები გაუცრუა. ბევრჯერ დაპირდა, რომ არ დალევდა, რომ საღამოს მასთან ერთად ფილმს უყურებდა, სკოლიდან გამოიყვანდა, მოგზაურობიდან ჩამოსულს აეროპორტში დახვდებოდა, მაგრამ პირობა არცერთხელ არ შეასრულა, იმიტომ, რომ სვამდა.
მამას შვილის დაწერილი ყველა სტატია მოგროვებული და შენახული აქვს. ალკოჰოლიკმა მამამ ჟანეტ ვოლსი აღიარა, რაც ქალისთვის სამყაროს მიერ აღიარების ტოლფასი იყო. ის ცნობილი გამოცემების ჟურნალისტი და მწერალი გახდა. მთელს მსოფლიოს უჩვენა საკუთარი მამა და უჩვენა, თუ როგორ უყვარდა ის. მისი წიგნი გახდა მსოფლიო ბესტსელერი, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საოცრად ამაღელვებელი, ემოციური და შთამბეჭდავი ფილმი გადაიღეს. უყურეთ შუშის სასახლეს, რადგან ეს არის კათარზისი, როგორც ალკოჰოლიკთა ქალიშვილებისთვის, ისე ყველა იმ გოგოსთვის, რომლებსაც მამები ისტერიულად უყვართ.