ჩემსა და ბონდს შორის ერთი დიდი სხვაობაა. მას პრობლემების გადაწყვეტა ხელეწიფება.
სად დამკრძალავენ? მგონი, არც არასდროს მოვკვდები.
13 წლის ასაკში ცხოვრებაზე უკვე ყველაფერი ვიცოდი.
ჩემი ცხოვრება – ეს შემთხვევითობისა და იღბლის ნაზავია. ცხრა წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ჩვენ ედინბურგში, სიღატაკეში ვცხოვრობდით. 12 წლისამ მუშაობა დავიწყე, ერთი წლის შემდეგ კი სკოლა მივატოვე. ვერც ვიტყვი, რომ რაიმე სახის განათლება მიმეღოს. ყველაფერს ჩემი ჭკუით მივაღწიე. სწორედ ამიტომ, დღემდე ინტელექტუალების გარემოცვაში თავს პატარა ბიჭად ვგრძნობ.
როცა ჩემი ძმა, ნილი გაჩნდა, მას ჩემი კარადა დაუთმეს და ტახტზე მეძინა. მამაჩემი მუშა იყო, მას კვირაში ორი დოლარი მოჰქონდა.
აბაზანის მიღება ჩემზე დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველთვის, როცა ლონდონის Grosvenor House სასტუმროში ვხვდები, ნამდვილ აბაზანას ვიღებ. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? აბაზანა – ეს განსაკუთრებული რამაა. ედინბურგში როცა ვცხოვრობდი, მთელს უბანში მხოლოდ ერთი აბაზანა იყო და ისიც ლუდის ქარხანაში.
პირველი მნიშვნელოვანი რღვევა 5 წლის ასაკში მქონდა, თუმცა ამის გაცნობიერებას 70 წელი მოვანდომე. 5 წლისამ ვისწავლე კითხვა.
ყველაზე საშინელი სამსახური – სოკოების გამპრიალებლად მუშაობაა. მე ეს საქმე საერთოდ არ გამომდიოდა.
როცა 20 წლის ვიყავი, გასაოცარი რამ შემემთხვა. გავიცანი ამერიკელი მსახიობი – რობერტ ჰენდერსონი და მასთან ერთად სპექტაკლში ვითამაშე. მან წასაკითხი წიგნების სია მომცა: ბერნარდ შოუ, სტანისლავსკის “მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე” და “მე და ხელოვნება”, ოსკარ უაილდი, ტომას ვულფი, იბსენი, პრუსტის “დაკარგული დროის ძიებაში”, ჯოისის “ულისე” და “ფინეგანის სამძიმარი”. თავიდან ეს წიგნები რთულად იკითხება, მაგრამ ისინი, ადრე თუ გვიან, შენამდე მაინც მოდიან… თან მე კითხვისას განმარტებითი ლექსიკონით ვსარგებლობდი.
ტოლკინი წაკითხული არ მქონდა და, შესაბამისად, როცა სცენარი გამომიგზავნეს, ვერაფერი გავიგე (კონერი გენდალფის როლზე განიხილებოდა). რა ერქვათ იმათ – ჰობიტები თუ ბობიტები?
ყოველთვის მინდოდა, სიბერეში ჰიჩკოკისა და პიკასოსნაირი სახე მქონოდა – სანდომიანი მოხუცის სახე.
მგონი, იმ მოხუცად ვიქეცი, რომელიც ყველას ყველაფერში შენიშვნებსა და მითითებებს აძლევს. მინდა, მჯეროდეს, რომ ცხოვრებამ რაღაცები მასწავლა, მაგრამ ის, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომებს დღემდე ვიმეორებ, მაფიქრებინებს, რომ ვერაფერიც ვერ ვისწავლე.
არასოდეს ვბუზღუნებ. პროფესიონალებს ვაფასებ და ამაში ყველა დამემოწმება. პრობლემები იმ დებილებთან მექმნება, რომლებიც პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ პირიქით – ქმნიან.
ბროსნანი – კარგი არჩევანია. აი, დალტონი თავის როლს ვერ გაუძღვა. ბონდის როლის შემსრულებელი საშიში კაცი უნდა იყოს. თუ მსახიობისგან ეს შეგრძნება არ მოდის, მისგან ჭეშმარიტი ბონდი ვერასოდეს დადგება.
ერთხელ მეორე სართულზე ავდიოდი და ოთახიდან ჩემი ხმა შემომესმა. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილიშვილები ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერს უყურებდნენ. მეც ავდექი და მათ შევუერთდი. ძალიან საინტერესო იყო. ფილმში არცერთი ზედმეტი სცენა არ გაპარულა.
ხალხისთვის რომ მომესმინა, დღეს რძის მიმტანი ვიქნებოდი.
ზოგისთვის ძალიან მაღალი ვარ, ზოგისთვის – ძალიან დაბალი, ზოგისთვის ზედმეტად შოტლანდიელი და ზოგისთვის – ზედმეტად ირლანდიელი, ზოგისთვის ძალიან ახალგაზრდა და ზოგისთვისაც – ძალიან ბებერი.
მე ინგლისელი არ ვარ. არც არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს გავხდები. მე შოტლანდიელი ვარ.
ჩემი ცოლი გოლფის თამაშის დროს გავიცანი. ის ფრანგი გახლავთ და მაშინ ინგლისურად საერთოდ ვერ საუბრობდა, მე კი ფრანგულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მოკლედ, ზედმეტი დამღლელი საუბრების საშუალება არ გვქონია და ალბათ, ასე მალე ამიტომაც შევუღლდით.
დედა განსაკუთრებულად არასოდეს მეფერებოდა და მეხუტებოდა. ვერც ვიფიქრებდი, ამას სერიოზული შედეგები თუ მოჰყვებოდა… არადა, ეს ხომ ბევრ რამეს ხსნის?
მე მიყვარს ქალები. მათი არ მესმის, მაგრამ მიყვარს.
უსიტყვო ჟესტმა უფრო მეტი შეიძლება თქვას, ვიდრე მთლიანმა დიალოგმა. ბევრ მსახიობს ეს მომენტი არ სიამოვნებს, მე კი პირიქით – თავადვე მოვითხოვ. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როცა სტივენ სპილბერგმა დიალოგი ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობაში ჩემ მიერ შეთავაზებული უსიტყვო, გამომხატველობითი ჟესტით ჩაანაცვლა.
ვერაფრით ვხვდები ქალების ფეხსაცმელებით შეპყრობილობის ფენომენს. ერთხელ გადაღებებზე რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი მომცეს და მათ დღემდე ვხმარობ.
Paramount ერთადერთი კინოკომპანიაა, რომლისთვისაც არ მიჩივლია. ისე კი, ყველა მათგანი ქურდია.
პორტის ბოზზე უფრო ბევრჯერ ვარ დაჭერილი. ორჯერ ვუჩივლე და გავაკოტრე ყველა ის ტიპი, ვინც ჩემი ფულის მოტეხვას ცდილობდა. მე ღალატსა და უსამართლობას ვერ ვიტან.
უამრავ ადამიანს “არ ვიცის” თქმის ეშინია. ისინი სულ მიედ-მოედებიან, საბოლოოდ კი, არც იციან, რას აკეთებენ.
განსაკუთრებულ ჯენტლმენთა ლიგა – უბრალოდ კოშმარია. რეჟისორისთვის ამ ფილმისთვის 185 მილიონი დოლარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ.
ამბობენ, რომ იარაღის ტარების აკრძალვით ათასობით ადამიანს უვნებელი გართობის საშუალებას ვუზღუდავთ. ერთ რაღაცას ვერ ვხვდები – რა უფრო მნიშვნელოვანია: ამ ტიპის გართობა, თუ იმის ცქერა, როგორ იზრდებიან შენი შვილები?
მარიხუანა ერთი-ორჯერ მოვწიე და ეგ იყო. გაჩხერით ვერასოდეს გავიჩხერ. აი, სმა კი მიყვარს. ზოგჯერ შემიძლია ორი კვირა გადაბმულად ვსვა.
თმა ადრეულ ასაკში გამცვივდა და ამან ცხოვრება გამიმარტივა. შუახნის ასაკის კრიზისი არ მქონია. ყოველთვის ჩემზე უფროს პერსონაჟებს ვანსახიერებდი, მაგალითად, ჰარისონ ფორდისა და დასტინ ჰოფმანის მამაც ვყოფილვარ.
გეფიცებით, ჩემს ასაკზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, როცა ექიმმა გამოკვლევებზე მითხრა: “40 წლის კი ბრძანდებით, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის გული გაქვთ!”
მე არ ვარ მისტერ საყვარლობა, უბრალოდ, ამ როლში მიწევდა ყოფნა.
წყარო: www.esquire.ru
მოამზადა ლალი ახვლედიანმა