
(ინტერვიუ ჯასტინ როილენდთან და დენ ჰერმონთან)
რიკი და მორტი პოლიტიკური შოუ არაა, თუმცა მისი პირველი სეზონი მთლიანად პოლიტიკითაა გაჯერებული. რიკი მთავრობის მოწინააღმდეგეა, ის ერთგვარი ლიბერალიც კია. საინტერესოა, ასეთ დროს სცენარისტების ოთახში რა ხდება?
დენ ჰერმონი: ვიცოდით, რომ პოლიტიკის ნებისმიერი ფორმით გაჟღერებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ. რიკის პოლიტიკურ შეხედულებაზე გამუდმებით შეიძლება კამათი. მისი ხედვა კონტექსტიდან ამოვარდნილია, მისი პოლიტიკური ფილოსოფია პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. შეიხედეთ მის საკუჭნაოში, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას მივაკუთვნოთ? მას ანარქისტს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე ლიბერალს. მართალია, რიკი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს, როცა ვიღაც რაღაცას ურჩევს, მაგრამ ლიბერალობა სხვისი ნების თავისუფლებასაც გულისხმობს. მეეჭვება, რიკი ამ ფილოსოფიას იზიარებდეს. მისთვის მთავრობის დამხობა და არჩევნებზე წასვლა ერთნაირად უმნიშვნელოა.

ამ ყველაფერს მესამე სეზონის დასაწყისს როგორ დაუკავშირებთ?
დენ ჰერმონი: მესამე სეზონის პირველ სერიაში რიკი გალაქტიკის ფედერაციის დემონტაჟს გაზონის გაკრეჭასავით უდგება და უკან, კომფორტში დასაბრუნებლად ჯერისაც კი წირავს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რიკი ხმას არავის მისცემს, მას ეს ყველაფერი ფეხებზე კიდია. ის ჯასტინს ჰგავს (საუბარია ჯასტინ როილენდზე, რომელიც ლეგოების დიდი მოყვარული და კოლექციონერია). რიკის მსგავსად, მასაც თავისი გეგმები აქვს ლეგოების კოლექციასთან დაკავშირებით. ჯასტინი 3000 IQ-თი რომ დაგეჯილდოვებინა და კოსმოსში გაგეშვა, ზუსტად რიკი იქნებოდა, ისიც უცნაურ ნივთებს შეაგროვებდა და თავის არსენალს შექმნიდა. მეეჭვება, ჯასტინს რაიმე გაეპროტესტებინა და აქციები გაემართა.
ჯასტინ როილენდი: უფრო ის ვიქნებოდი: მოიცა, და მე რა შუაში ვარ? სხვას როგორ უნდა დავეხმარო?
დენ ჰერმონი: თუმცა, სჯობს, ასეთი იყო, ვიდრე ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ხალხის საკუთარი თავისგან დახსნას ცდილობდე. რიკი და რიკისნაირები ხალხს რომ აყვნენ, კიდევ უფრო სავალალო შედეგამდე მივიდოდით.

როგორ ფიქრობთ, სცენარზე მუშაობის დროს, ფანების სხვადასხვა თეორიის გარდა, რა არის ის, რაც ამბავს ქმნის?
დენ ჰერმონი: როცა კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცები ემართებათ, ან როცა ჩვენი მეგობარი ცუდად ხდება, ჩვენც ცუდად ვხდებით. ქალაქის რუკის თვალიერებისას, როცა წარმოიდგენ, გარშემო რამდენი უპატრონო და მშიერი ცხოველია, სხვანაირად იწყებ ფიქრს და კითხვაც გებადება: რეალურად სადაა რეალობა? ეს ჩვენი გონების კრეატიული მხარეა. დიახ, არსებობენ ჰაკერები და არსებობენ ისინიც, ვინც ჩვენს ქსელურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, არსებობს ამბები, არსებობს სიყვარული, არსებობს ვნება, არსებობს გარდაქმნა და არსებობს ცვლილება. როცა ამას აცნობიერებ, ხვდები, რომ იზრდები და გრძნობ, რომ შენც მთლიანი სამყაროს ნაწილი ხარ. ამ დროს ე.წ. ღმერთს სულ უფრო და უფრო უახლოვდები. ეს ყველაფერი ჰგავს დაბოლილზე მეგობრის გამხნევებას, როცა ის დასამშვიდებლად გეუბნება: ასწორებს, სულ რომ კედელი გელაპარაკებოდეს, იცოდე, რომ ყველაფერი რიგზეა. წვენი დალიე. ეს უბრალოდ ახლებური პერსპექტივაა და სხვა არაფერი. შენ კი ამ დროს ფიქრობ, რომ გიჟი ხარ, ყველაფერი გკიდია და გგონია, ახლა ადგები, ხალხში შეიჭრები და საშინელებებს ჩაიდენ. გონება ამ ყველაფერს ებღაუჭება და მისი ჩაწერა გინდება. მერე ამას იუმორსაც ამატებ და საბოლოოდ, იღებ იმას, რასაც იღებ.
წყარო: www.vice.com
მოამზადა ლალი ახვლედიანმა