ავტორი: ნიკა თამარაშვილი
წარმოიდგინეთ ვეს ანდერსონს რომ გადაეღო ფილმი სირიელ ლტოლვილზე, რომელიც ომს გაექცა და თავშესაფრის მიღებას ფინეთის სახელმწიფოსგან ელის. რამდენად შეძლებდა ტეხასელი რეჟისორი ფინეთის და მისი პრობლემების ისე ჩვენებას, რომ კარგი ფილმი გამოსვლოდა?!
ამის წარმოდგენა საჭირო არ არის, რადგან ფინელმა სცენარისტმა და რეჟისორმა – აკი კაურისმაკმა, ვეს ანდერსონის სტილში, ზუსტად ამ პრობლემაზე გადაიღო ფილმი – იმედის მეორე მხარე.
ფილმი იხსნება ზღვის კადრით, რომელიც სიმბოლურად თავისუფლებაზე მიუთითებს. ზღვის გადაცურვა იქნება თუ მის სანაპიროზე უმისამართოდ სირბილი, ზღვა ყოველთვის თავისუფლების შეგრძნებას ტოვებს. სწორედ პორტში არსებულ გემზე ვხვდებით მთავარ გმირს, ხალიდს, რომელიც არა მხოლოდ თავისუფლების, არამედ ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსს მოიპოვებს – გემზე არსებული ქვანახშირიდან “აღდგება” და ფინეთის მიწაზე შეაბიჯებს, იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ომი არ მიმდინარეობს და სადაც ის დახმარების ხელი ეგულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოუწოდოს. პირველი, რასაც ხალიდი აკეთებს, საშხაპეში წასვლა და ჭუჭყისგან (წარსულისგან) გასუფთავებაა. სუფთა სხეულთან ერთად კი მას “სუფთა” სტატუსიც სჭირდება. ამიტომაც, გადაწყვეტს, მოიქცეს კანონმორჩილი ადამიანივით, მიაკითხოს უახლოესი პოლიციის განყოფილებას და ლტოლვილად ჩაბარდეს.
ამის პარალელურად ჩვენ ვიკსტრიომის ისტორიას ვადევნებთ თვალს, ადამიანის, რომელსაც პატარა სასადილოს გახსნა სურს და ფინანსების მოსაპოვებალად პოკერის თამაშს გადაწყვეტს. მეტი დრამატულობისთვის დიდი თანხის მოგება იმ კომბინაციით ხდება, რომელიც პოკერში ყველაზე იშვიათია (ხომ შეიძლება ერთხელ ცხრიანების წყვილმა მოიგოს გადამწყვეტი დარიგება?! ) ვიკსტრიომი მთელ თავის კაპიტალს ჩადებს საკუთარ იდეაში და სწორედ მისი სასადილო აღმოჩნდება ხალიდისთვის ის ტაძარი, რომელიც სხვა ქვეყნის შვილს უანგაროდ შეიფარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თემა საკმაოდ მძიმეა, კაურისმაკი მის შემსუბუქებას იუმორით ცდილობს. მსგავს შემთხვევებს ვხვდებით ვესის ფილმებშიც, თუმცა ვესთან ხშირად იკარგება დრამატული მომენტები და მხოლოდ იმ კომედიური ხაზის შემჩნევას ვახერხებთ, რომელიც ისედაც თვალსაჩინოა. კაურისმაკთან ეს “საშიშროება” არ დგას. თუნდაც იმის გამო, რომ ის ერთ-ერთ სცენაში სირიაში არსებული ვითარების რეალურ კადრებს გვიჩვენებს. გარდა ამისა, როგორ “ფერადადაც” უნდა ჰყვებოდე ისტორიას, პრობლემას, რომელიც სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან მოდის, იუმორით ვერ გადაფარავ.
სახელმწიფო გულგრილი აღმოჩნდება. სახელმწიფო უნდა გაძლევდეს თავშესაფარს, მაგრამ მის ნაცვლად ლტოლვილს უბრალო მოქალაქე (ვიკსტრიომი) იფარებს. სახელმწიფო უნდა გიცავდეს კრიმინალისგან (ადგილობრივი სკინჰედებისგან) და ლტოლვილს გვერდში ისევ უბრალო მოქალაქეები დაუდგებიან…
იმედის მეორე მხარე არ არის კაურისმაკის პირველი ფილმი ლტოლვილებზე. ის მუდმივად ცდილობს, საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ უფრო ჰუმანურები იყვნენ სხვების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი პოზიცია უბრალო ფინელებს უკავიათ და სწორედ მათი ქმედების შედეგია ხალიდის ფრაზაც, რომ მას უყვარს ფინეთი, მაინც უამრავი ადამიანი არსებობს განსხვავებული აზრით და მეტი ასეთი ფილმის გადაღებაც ამიტომაა საჭირო.
და მაინც, თუ ოდესმე სახელმწიფოსგან ვერ იგრძნობ თანადგომას, თუ დაინახავ, რომ სახელმწიფოს არც სხვისი და არც საკუთარი შვილი ადარდებს, თუ მისგან მუდმივად იმედგაცრუებული დარჩები, უნდა იცოდე, რომ მეორე მხარეს ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაც, ვინც ხელს გამოგიწვდის და არასდროს დაგტოვებს მარტოს.
ფილმის ჩვენება შედგება 9 დეკემბერს, 12 საათზე, თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში.