
პატარა ჯადოქარი უკვე ათი წელია ცდილობს, მოიცილოს საბავშვო მსახიობის იმიჯი. დენიელ რედკლიფი, რომელსაც ფანების ნაწილი ჯერ კიდევ ჰარი პოტერს ეძახის, 2018 წელს ახალი ფილმით წარდგა მაყურებლის წინაშე. მხეცი ტვირთი ტრილერია ყოფილი სამხედრო მფრინავის შესახებ, რომელსაც, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, უწევს ნარკომაფიასა და ფედერალურ ბიუროს შორის ურთულესი დავალების შესრულება. დაავადებული ცოლის გადასარჩენად ის ორმაგ თამაშს იწყებს. რედკლიფის გმირი მექსიკის საზღვართან ნარკოტიკებით სავსე თვითმფრინავის კაბინაშია გამოკეტილი, თვალებში ტკივილი და უიმედობა ირეკლება. ნუთუ, ამ ფილმის ნახვის შემდეგაც ფიქრობენ, რომ თინეიჯერების საყვარელი გმირი არ გაზრდილა?
ჯადოქარ ბიჭს მილიონობით ფანი ჰყავს. სხვათა შორის, დენიელი კლასელებს არ უყვარდათ, სანამ მეგავარსკვლავი არ გახდა. დიდების პერიოდი კი ყველაზე ძნელი პატარაობისას არის. ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მასზე არ გაგვიგია რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის, ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების ამბავი. ინტერვიუც კი არ ყოფილა ისეთი, რაზეც ჟურნალისტები სკანდალს შექმნიდნენ. პოტერიადას დასრულების შემდეგ მსახიობი უბრალოდ ცდილობს, კარიერა აიწყოს. ვნახოთ, რამდენად გამოუვიდა მას ეს…
ჰოგვორტსის გამოშვება

ყველაზე გულმხურვალე ფანებსაც კი არ შეუძლიათ, ცალკე დაასახელონ, თუ რა შემატა რედკლიფმა ჰარი პოტერის გმირს. მას უფრო ფუნქციონალური დატვირთვა ჰქონდა, ის იყო ისტორიის მთავარი ელემენტი, თუმცა გმირი ნამდვილად არ ყოფილა. ის არ არის ლამაზი, ათლეტური, ჭკვიანი და არც მხიარული – ეს თვისებები სხვა პერსონაჟებმა გადაინაწილეს. რედკლიფ-პოტერს კი დარჩა დაბნეული ღიმილი და იარა შუბლზე.
პოტერიადას ბოლო ნაწილების გამოსვლისას დენიელმა კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია. თინეიჯერი გადაიქცა ახალგაზრდად, რომელიც სრულიად სხვა ცხოვრებაში გადადის და ამის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. საგის დასრულების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რედკლიფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, რომელსაც უფროსის, სერიოზული როლი არ აქვს შესრულებული.
თუმცა, მაინც შეიძლება, გავიხსენოთ ორი ნამუშევარი, რომლებიც 2007 წელს, ჯადოსნური ამბების პარალელურად გამოვიდა. პირველი დაბალბიუჯეტიანი ავსტრალიური ფილმია – დეკემბრის ბიჭები, ხოლო მეორე – ბრუტალური სატელევიზიო დრამა – ჩემი ბიჭი ჯეკი. სხვა პროექტების მიუხედავად, აღნიშნულ პერსონაჟებშიც კი ჰარის გმირი იკვეთებოდა: პირველ ფილმში რედკლიფი განასახიერებს ობოლ ბიჭს, რომელიც ოჯახსა და ბედნიერებას ეძებს. მეორე ნამუშევარში კი ირგებს რადიარდ კიპლინგის შვილის, ჯეკის როლს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს იწვნევს.
რედკლიფისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი პირველი თეატრალური როლი. ეს იყო პიტერ შეფერის პიესა “ეკვუსი”, სადაც მსახიობს შეეძლო, აღარ ყოფილიყო პატარა ბიჭი და უფროსებისთვის შექმნილ სიუჟეტში მიეღო მონაწილეობა. დენიელის გმირს ფსიქოლოგიური პრობლემები და საშიში მისწრაფებები აქვს. ის ერთ-ერთ სცენაში მთლიანად შიშვლდება მაყურებლის წინაშე. სხვათა შორის, ამან ბრიტანულ კონსერვატიულ წრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. რედკლიფს დაემუქრნენ, რომ თუ ამ როლის შესრულებას განაგრძობდა, ბავშვებს ჰარი პოტერის ნახვას აუკრძალავდნენ. ამის მიუხედავად, კრიტიკოსებმა მისი ნიჭი დააფასეს და პიესამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. რედკლიფმა კარიერული თვალსაზრისითაც რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება პოტერიადას შემდეგ და დამოუკიდებელ კინოში გადაეშვა.
რქები მეზრდება

ჯადოსნური საგის შემდეგ პირველი როლი რედკლიფმა მიიღო ბრიტანელი რეჟისორის, ჯეიმს უოტკინსის თრილერში – ქალი შავებში. ესაა გოთიკური ისტორია ვიქტორიანული ინგლისისა და მოჩვენებების შესახებ. რედკლიფი კლასიკურ პერსონაჟს თამაშობს – ახალგაზრდა მამაკაცი დიდი ქალაქიდან, რომელმაც ეს საიდუმლო უნდა ამოხსნას… რედკლიფის ბავშვური სახე ძველი დროის დეკორაციებში არ ჯდებოდა – ქალი შავებში არ საუბრობდა იმაზე, რომ მსახიობს დიდი მომავალი ელოდა. ამ ფილმზე უკეთ მას 1917 წლის რუსეთში ცხოვრება გამოუვიდა.
მსახიობი მიხაილ ბულგაკოვის დიდი მოყვარულია. მან მიიღო როლი სერიალში, რომელიც “ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერების” მიხედვით გადაიღეს. იდეალისტი, საკუთარ საქმიანობაზე შეყვარებული გმირი მწარე რეალობას ეჯახება – ერთ მხარეს საშინელ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არიან, მეორე მხარეს კი – მისი ნარკოდამოკიდებულება. სერიალის ფინალში ექიმი საკუთარ აჩრდილს ჰგავს. ამ განსხვავებული სახეების ერთად შერწყმა რედკლიფს კარგად გამოუვიდა.
მსახიობის შემდეგი პროექტია – მოკალი საყვარელი ადამიანები, სადაც მან კიდევ ერთხელ მოირგო სათვალე. ჯონ კროკიდასის სადებიუტო ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა სანდენსის კინოფესტივალზე. რედკლიფი ახალგაზრდა ალენ გინზბერგს განასახიერებს, რომელიც მომავალში ბიტნიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტი გახდება, ახალგაზრდობაში კი ის მორცხვი პირველკურსელია კოლუმბიის უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაჩენილ ახალ მეგობრებთან ერთად ივიწყებს გინზბერგი ძველ კომპლექსებს და თავიდან ბოლომდე გადაეშვება ახალ ეპოქაში: ლექსები და ჰომოეროტიკა, მუსიკა და ნარკოტიკები, გაუფრთხილებელი სიკვდილი და ნამდვილი სისხლი.

თავად რედკლიფიც პოეტია, მოყვარული როკ-მუსიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი. თუმცა, მას საკუთარი თავის განსახიერება არ სურს. მისთვის გაცილებით საინტერესოა გმირის თავიდან დაბადების მომენტი, როდესაც ის როგორც შინაგანად, ისე გარეგნულადაც იცვლება. ამიტომაცაა, რომ მსახიობი ბევრი სხვადასხვა ტიპის როლს ირგებს. პერიოდულად შეიძლება ჩვეულებრივ რომანტიკულ, საყვარელ ფილმებშიც კი ვიხილოთ, მაგალითად, როგორიცაა 2013 წლის რომანტიკული კომედია The F Word. თუმცა, იმავე წელს გამოდის ფილმი რქები, სადაც ის ყველაზე განსხვავებულ როლს თამაშობს. რქები სტივენ კინგის შვილის, ჯო ჰილის ნაწარმოების ეკრანიზაციაა, რომელიც ალექსანდრ აჟამ გადაიღო. სიუჟეტი წინდაუხედავ, მაგრამ კარგ ბიჭს ეხება. ის თავისი გოგოს მკვლელს ეძებს და ამავდროულად, საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.
ერთ დილას რედკლიფის გმირი აღმოაჩენს, რომ რქები ამოუვიდა, რის შემდეგაც გარშემომყოფები მას მონსტრად აღიქვამენ და ისიც მონსტრივით იქცევა. გმირს ძალიან დიდი რქები ეზრდება. მას გველების შელოცვა შეუძლია და შურს იძიებს მეგობრებზე, ახლობლებსა და მთელს ცოდვილ ქალაქზე. ჩვენი რედკლიფი ცუდი ბიჭი ხდება, ის უკვე თავად ეშმაკია, თუმცა მაინც გვიყვარს… კრიტიკოსებმა ნამუშევარი სუსტად შეაფასეს, მაგრამ რედკლიფის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ.
პირქუშ ტყეში

ამ ფილმების მიუხედავად, კომერციული წარმატება და დიდ ფილმებში მონაწილეობა რედკლიფის კარიერაში ჯერჯერობით არ ყოფილა. განსაკუთრებული როლის ძებნის პროცესში ის ხშირად არჩევს ორიგინალურ პროექტებს, უმეტესად კი დამწყებ რეჟისორებთან მუშაობს… რედკლიფის შემდეგი პროექტი იმპერია ყურადღების მიღმა დარჩა. აქ მან სათვალე მოიხსნა და თავი გადაიპარსა. დენიელი თამაშობს სპეციალურ აგენტს, რომელიც ამერიკელი ნეონაცისტების დაჯგუფებაშია შეგზავნილი. თუმცა, მსახიობი ისეთი ბრუტალური ვერ გამოჩნდა, როგორსაც კრიტიკოსები ელოდნენ. მისი შედარება ედვარდ ნორტონთან ფილმიდან ამერიკული ისტორია X ან ლეონარდო დიკაპრიოსთან ფილმიდან განდგომილები უადგილო იქნება. მათ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა, რომ რედკლიფს გაზრდა სჭირდება.
მან კიდევ ორჯერ მოირგო განსხვავებული როლი. გახდა იგორი, ვიქტორ ფრანკენშტეინის (ჯეიმს მაკევოის გმირი) მოსწავლე პოლ მაკგიგანის ფილმში ვიქტორ ფრანკენშტეინი. იმის გააზრების შემდეგ, რომ მათ მონსტრი შექმნეს, იგორი მიატოვებს თავის მასწავლებელს, თუმცა მის წინააღმდეგ არ იბრძვის…
კრიტიკოსების დიდი ყურადღება დაიმსახურა რედკლიფის შემდეგმა ინდი ფილმმა – კაცი შვეიცარიული დანა. დენ კვანისა და დენიელ შაინერტის უცნაური ნამუშევარი ჰყვება ბიჭზე, რომელსაც ზღვა გამორიყავს. გამორიყულ გვამს კი პოლ დანო უღრან ტყეში შეათრევს… როგორც გარდაცვლილის როლს შეეფერება, რედკლიფი უმეტესად წევს და არ მოძრაობს, მისი თვალები უსასრულობაში იყურება, სახე კი ხანდახან საშიშად მოექცევა ხოლმე. თუმცა, მიცვალებულს მეგობარი მოწყენის საშუალებას არ აძლევს: ის სხვადასხვა პოზაშია, თოკების დახმარებით ხელებსა და ფეხებს ამოძრავებს; უბრალოდ, ტაბულა რაზაა, რომელზეც შეგიძლია, ყველაფერი დააშენო. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მიცვალებული ნელ-ნელა ცოცხლდება, მისი გული ფეთქვას იწყებს, ხოლო სხეულს კი ზებუნებრივი შესაძლებლობები უჩნდება. თუმცა, დაბინდული გონება აცნობიერებს, რომ ისევ მიცვალებულების სამყაროში სჯობდა, იქ ხომ არ უწევდა, გულახდილი ყოფილიყო.
2016 წელს რედკლიფი კვლავ უბრუნდება მარტოობისა და კუნძულზე ცხოვრების თემატიკას. ის მონაწილეობს გრეგ მაკლინის ფილმში ჯუნგლები და ეს, სიკვდილის შესახებ მოყოლილი ზღაპრის ნაცვლად, რეალურ მოტივებზე აგებული ამბავია ჯუნგლებში გადარჩენის შესახებ. სიუჟეტის რეალურობა გადამწყვეტი ნაწილი აღმოჩნდა მსახიობისთვის… როლში შესასვლელად ის შიმშილობს, ინტენსიურად ვარჯიშობს და ტყეში ცხოვრობს. ტიპური ინტელიგენტი ებრაელი ბიჭი თანდათან ხდება მებრძოლი, რომელმაც წვერი მოუშვა, სახე იარებითა და ჭუჭყით დაეფარა. ამ შემთხვევაში რედკლიფი მოწოდების სიმაღლეზეა და თავის სამსახიობო ოსტატობას სრულად წარმოაჩენს მაყურებლის წინაშე.
ჩვენი საერთო მეგობარი

ალბათ ეს მისი ვიზუალის და ინტელექტუალურობის გამო ხდება, რომ რედკლიფი არასდროს ყოფილა ანტიგმირი. მაშინაც კი, როდესაც დემონის როლს ასრულებს ფილმში რქები, ბოლომდე ბნელ მხარეზე გადასული არ არის, მასში მაინც ჩანს სიკეთის მარცვალი. შეიძლება ეს ჰარი პოტერის პირველი ფილმიდან გამოყოლილი გრძნობების ბრალია, მაგრამ მაყურებლისთვის შეუძლებელია, ეს ადამიანი დადებითი არ იყოს.
ის არ არის საუკეთესო მსახიობი, არც ვარსკვლავია და რეალურად, მხოლოდ ერთი გმირით ახსოვთ. გადარჩენილი ბიჭუნა იმიტომ უყვარდათ, რომ ის ბოლომდე განსაკუთრებული იყო, თუმცა არა – გამორჩეული. ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ძალიან გვგავს და ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან გვგავს, დენიელ რედკლიფი ყოველთვის დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ