ავტორი: მარი ბექაური
ამ ისტორიაში ყველა ძალადობს, ძალადობს გამუდმებით, დაუსრულებლად. მკვლელობა, ჩხუბი, ინტრიგები, სხვების გაწირვა საკუთარი თავის გადასარჩენად – პერსონაჟების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
რკინის ვარსკვლავი რაღაცით ფარგოს მოგვაგონებს, თუმცა აქ კიდევ უფრო მეტი სისასტიკეა, ვიდრე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შოუში, რომელიც ნოა ჰოულიმ შექმნა.
ფარგო ტყუილად არ მიხსენებია. მის მსგავსად, რკინის ვარსკვლავიც ახდენს შთაბეჭდილებას საოცარი კადრებით, რომლებიც შეუძლებელია, დაგვავიწყდეს. საუცხოო ბუნება, თოვლით დაფარული მაღალი მთები, ამ მთებში წამომართული ლამაზი სახლები და მშვიდი ატმოსფერო, რომლის უკანაც დამანგრეველი რეალობა იმალება…

სიუჟეტი კანადის მთებში გადასახლებული ბრიტანელი პოლიციელისა და მისი ოჯახის გარშემო ვითარდება. სერიალის დასაწყისშივე უორტების ოჯახის საზარელი ტრაგედიის შესახებ ვიგებთ, თუმცა ვერ ვიგებთ საიდუმლოს, რამაც მათ კანადაში გაქცევა აიძულა.
კანადაში კი ახალი ამბავი იწყება – ბევრი სისხლით, მკვლელობით, საკუთარ “მე”-სთან ბრძოლით და მუდმივი მცდელობებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მარცხით მთავრდება, ალბათ, იმიტომ, რომ ძალადობაზე დგას. მთავარი გმირის, ჯიმ უორტის დემონები ყოველთვის იმარჯვებენ მის გონებაზე და შედეგსაც შესაბამისს ვიღებთ.

ჯიმ უორტის პერსონაჟს სერიალში ტიმ როთი თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის ფილმოგრაფია ბევრ საინტერესო და დასამახსოვრებელ როლს ითვლის, ეს როლი მაინც გამორჩეულია. პოლიციელი – ბნელი წარსულით, რაღაც საშინელი საიდუმლოთი, ძალადობის და მკვლელობების ისტორიით, ალკოჰოლიზმით, მასში დემონებს რომ აღვიძებს და მერე მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება…
მოძალადეა მისი ცოლიც, ანჯელა უორტი, რომელიც წარსულით ნასაზრდოები შიშებისა და ტკივილის გამო, მუდმივად ზღვარზეა. თითქოს ცხოვრებამ ასწავლა, რომ საჭირო მომენტში ემოციები გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით იმოქმედოს, უფრო სწორად – იმოქმედოს სისასტიკით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასწორის პინაზე მისი ქმრის სიცოცხლე დევს.
ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ამ ძალადობის მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას ცდილობს, მათი შვილი – აბიგეილია. თუმცა, ყველაზე დაუჯერებელ სისასტიკეს პირველი სეზონის ფინალურ სცენაში ვხედავთ და მას აბიგეილი სჩადის.
ნიშნავს თუ არა ეს ცუდ დასასრულს?

ამ კითხვაზე პასუხს მეორე სეზონში ვიპოვით, რომელიც ახლახანს გამოვიდა. წინა სეზონის მსგავსად, აქაც მკვლელობა, ბევრი უშედეგო მცდელობა და საკუთარ თავთან ომია.
აბიგეილი საბოლოოდ გადაწყვეტს, წინ აღუდგეს მის გარშემო არსებულ ძალადობრივ გარემოს და საცხოვრებლად კოლონიაში, მღვდლის ოჯახში გადადის, და აი, როგორც იქნა, სერიალში რაღაც ნათელი ჩნდება – ადგილი, სადაც სიკეთეს და თანადგომას აფასებენ, სიყვარულის სწამთ.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსგავს ადგილას რეალობა თავისი ყველაზე დაუნდობელი კუთხით იწყებს შემოსვლას?

თუ პირველ სეზონში ყველა პერსონაჟი ძალადობდა, მეორე სეზონმა თითქოს იმედი გაგვიჩინა, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ამ რწმენით და სიყვარულით სავსე გარემოში ირგვლივ არსებული სასტიკი სინამდვილე შემოაღწევდა, სინამდვილე, რომელმაც ყველა შეცვალა.
მინდა, უკანასკნელი, რასაც დავინახავ, იმ ადამიანის თვალები იყოს, რომელსაც მოვკლავ.
ეს მღვდლის სიტყვებია, კაცის, რომელიც კოლონიის მაცხოვრებლებს მიტევებასა და თანადგომას, ადამიანის სიყვარულს უქადაგებდა.

ისტორიის დასასრული ტრაგიკულია, მაგრამ წინმდევი მოვლენებიდან გამომდინარე – ლოგიკურიც. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მეორე სეზონმა გვიჩვენა, რომ ბრძოლას, რომელიც ძალადობაზე კი არ დგას, არამედ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, ყოველთვის აქვს აზრი.