ავტორი: მარი ბექაური
სახელწოდება ისეთი აქვს, ვერაფრით დაგაინტერესებს. თუმცა, გასულ ზაფხულს Netflix-ის ყველაზე ყურებადი სერიალი აღმოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ ოქროს გლობუსზე და ემიზე ნომინაციები მიიღო. კრიტიკოსებმა კი ყველა დროის ყველაზე რეიტინგულ სერიალს – მძიმე დანაშაულს შეადარეს.
ოზარკი ვინს გილიგანის გიჟურ შოუს მართლა ჰგავს და ჰგავს, პირველ რიგში, პროტაგონისტის საკითხში. თუმცა, თუ მძიმე დანაშაულში ჩვენ ერთი კარგი ადამიანის საზარელ ცვლილებას ვუყურებთ, ოზარკში ეს მთელს ოჯახს ემართება.

სერიალის სიუჟეტი ჯეისონ ბეითმენის პერსონაჟის, მარტის გარშემო ვითარდება. მარტი ჩიკაგოელი ფინანსური მრჩეველია, რომლის ცხოვრებასაც მოულოდნელი შემთხვევა ძირეულად ცვლის. ოჯახის წევრებისა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ის მისურის შტატში, ოზარკში გადადის, რთული მისიით – გაათეთროს 500 მილიონი დოლარი ნარკობარონისთვის (რაც ორმაგად რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ოზარკი “მკვდარი” ადგილია, სადაც წვრილი ბიზნესიც კი სულს ღაფავს).
დავალების შესასრულებლად მარტი და მისი ცოლი ისეთ ქმედებებს სჩადიან, რასაც მანამდე ვერაფრით წარმოიდგენდნენ, და ასე იწყება თანდათან ოზარკში დანაშაულებრივი ქსელის შექმნა, ქურდობები, კრიმინალური გარჩევები, მკვლელობები… პარალელურად კი, ამ მკვდარი ადგილის ბნელი საიდუმლოებები ზედაპირზე ამოდის.

სერიალის მთავარი ღირსება – პერსონაჟები და მათი განვითარებაა. ძალიან ცოტა სატელევზიო შოუს დასახელება შეგვიძლია, სადაც ამდენ გამორჩეულ, მოულოდნელობებით აღსავსე პერსონაჟს შეხვდებით (სიმართლე რომ ვთქვა, ახლა მხოლოდ ფარგო მახსენდება). საოცრად შთამბეჭდავია ლიზა ემერის გმირი დარლენი, რომელიც თავისი გაუგებარი და რაღაცნაირად – პირველყოფილი სისასტიკით გზაფრავს. ასევე, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს შეშლილი მიზანთროპი დეტექტივი როი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს ჯეისონ ბატლერ ჰარნერი.
აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ რუთ ლენგმორი (მის როლს ჯულია გარნერი იმდენად კარგად თამაშობს, რომ სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთ დაუვიწყარ სახეს ქმნის). სერიალში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: ჩვენ ხომ ლენგმორები ვართ, რაც ნიშნავს დანაშაულებრივ გარემოს, დამნაშავე გონებას, დანაშაულის გარეშე ცხოვრების უარყოფას. ლენგმორებმა იციან, რომ მათი გვარი დაწყევლილია და ყველა გზა – რომში არა და, იმ სამყაროში მიდის, სადაც სინათლე არ არსებობს. ეს რუთმაც კარგად იცის და ამის მიუხედავად, გადაწყვეტს, ბრძოლა დაიწყოს, თავისი გვარის დანაშაულებრივი წრე გაარღვიოს, თავად შექმნას სამყარო, სადაც ბოროტების ჩადენის გარეშე გადარჩება. რუთ ლენგმორი რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გმირია, რომელიც კი გვინახავს, პერსონაჟი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს: გონება, ნებელობა, სიმამაცე, ნებისყოფა და რაც მთავარია – რწმენა. რწმენა, რომელიც ჩვენ, მაყურებლებსაც გვაძლევს იმედს, რომ ეს პატარა გოგო აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჯეისონ ბეითმენი (რომელიც მთავარი მსახიობის გარდა, სერიალის ერთ-ერთი რეჟისორიცაა) ამბობს, რომ მარტი ყველა ჩვენგანშია. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც რთული გამოწვევების გამო მარიონეტად იწყებს გადაქცევას.
ბეითმენის შეფასება ძალიან ზუსტია. მისი გმირი მართლაც რომ ერთი ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანია, რომელსაც მოულოდნელი სიტუაცია პიროვნულად ცვლის. ცვლის თანდათან, გაუცნობიერებლად, თვითრეფლექსიის გარეშე.
სად ქრება ამ წესიერი ადამიანის ღირებულებები, მორალური პრინციპები? (და აქ მძიმე დანაშაულთან ერთად, ზიმბარდოს ექსპერიმენტები და დამპალი ვაშლები გვახსენდება.) იგივე ემართებათ მისი ოჯახის წევრებსაც, განსაკუთრებით ცოლს – ვენდის, რომლის როლსაც ლორა ლინი ბრწყინვალედ ასრულებს.

ვინს გილიგანის შედევრის მსგავსად, ოზარკიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვეულებრივი, კარგი ადამიანები შეიძლება ურჩხულებად იქცნენ, და რაც მთავარია, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დაემართოთ ეს მათ – მარტის; ვენდის; შენ, რომელიც ამ სტატიას კითხულობ; მე, რომელიც ამ სტატიას ვწერ.