ავტორი: მარი ბექაური
2018 წელს CBC-ზე ახალი კრიმინალური სერიალი – დეტექტივები გამოჩნდა. თითოეული ეპიზოდი განსხვავებულ ამბავს გვიყვება, რომელიც რეალურად მოხდა კანადაში და გარდა იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერებაზე იქონია გავლენა, გახდა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საფუძველი.
დეტექტივები მხატვრულ-დოკუმენტური სერიალია. დადგმული სცენების პარალელურად, ჩვენ ვუყურებთ ნამდვილ დეტექტივებს, რომლებიც კონკრეტულ საქმეებს იძიებდნენ; ვისმენთ, როგორ მიმდინარეობდა გამოძიების პროცესი, რა შეცვალა მომხდარმა და როგორი იყო მათი პირადი, ადამიანური განცდები.

როგორ შეიძლება ექვსი ადამიანი უეცრად გაქრეს? – ესაა პირველი სიტყვები, რაც სერიალის ჩართვისას გვესმის და ყველაზე შემზარავიც ალბათ პირველი სერიაა, რომელიც ოჯახის – სამი თაობის ტრაგედიას გვიყვება. ცოლ-ქმარი, მათი მშობლები და ორი მცირეწლოვანი გოგონა ტყეში, ოჯახურ პიკნიკზე წავიდნენ და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. თავდაპირველად ხალხი ფიქრობდა, რომ ისინი უბრალოდ, დაიკარგნენ. გაჩნდა ვერსიაც, რომ ოჯახი გაიქცა და რაღაც კულტს შეუერთდა. მერე კი ტყეში დამწვარი მანქანა იპოვეს…
დეტექტივი მაიკ ისტამი დეტალურად იხსენებს, თუ რა ხდებოდა ამ მართლაც ურთულესი საქმის გამოძიებისას, როგორ წავიდა პროცესი მცდარი მიმართულებით და საბოლოოდ, როგორ მიაგნეს რეალურ დამნაშავეს. ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მომენტი არათუ ამ კონკრეტული ეპიზოდის, არამედ მთლიანად სერიალის, არის, როდესაც დეტექტივი მკვლელს ეკითხება: ეს რატომ ჩაიდინე? და მკვლელი პასუხობს: მათი ნივთები მინდოდა… ნავი და მოტორი.
რა თქმა უნდა, მოგვიანებით ისტამი რეალურ მოტივსაც ადგენს და რეალური მოტივი გაცილებით სასტიკი და საზარელია, ვიდრე ნავი და მოტორი, მაგრამ ამ პასუხს – ამ სიტყვებს დამანგრეველი ეფექტი აქვს.

სერიალის ყურებისას, მსხვერპლებისადმი სიბრალულისა და თანაგრძნობის პარალელურად, მუდმივად გიჩნდება კითხვა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს: რას მიყავს ადამიანი მდგომარეობამდე, რომ მსგავსი სისასტიკე ჩაიდინოს?
პასუხი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაა. ასე რომ, სერიალი გარკვეულწილად დანაშაულის ქმედითობის მექანიზმის კვლევასაც წარმოადგენს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გვიჩვენებს, რა შეცვალა სახელმწიფომ მსგავსი ტიპის დანაშაულის გამეორების ალბათობის შესამცირებლად.
სცენარის გარდა, სერიალს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი თუ მსახიობთა თამაში – ყველაფერი პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული. სერიალის ვიზუალი, მხატვრობა თუ მუსიკა შესაფერის ატმოსფეროს ქმნის – დაძაბულს, დამთრგუნავსა და რეალისტურს.

დეტექტივები ნამდვილად ღირებული სერიალია, რომელიც მნიშვნელოვან კითხვებზე მნიშვნელოვან პასუხებს იძლევა და რომელზე ფიქრიც მისი დასრულებიდან კიდევ დიდხანს მიგყვება.