ავტორი: ნიკა თამარაშვილი
ზეწარგადაფარებული მოხეტიალე სული – ის “ისტორიული” პერსონაჟია, რომელიც ხალხის შესაშინებლად არსებობს. თუმცა, დევიდ ლოუერმა გადაიღო “სერიოზული” ფილმი – მოჩვენების ისტორია არა საშიშ, არამედ რომანტიკულ მოჩვენებაზე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სახლში ბრუნდება და კარგა ხანს ამ ადგილზე მიჯაჭვული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნელ ტემპში მიმდინარეობს და ზოგჯერ კადრები სტატიკურია, მაყურებელი მაინც არ იწყენს. “გაწელილი” სცენების დროსაც კი თითქოს დაჰიპნოზებულ მდგომარეობაში ვართ და უფრო უკეთ ვახერხებთ ტრაგიკული მთავარი გმირების ემოციების გაზიარებას. მოჩვენების, სახელად C, როლის შემსრულებელ მსახიობს, ქეისი აფლეკს, უმეტესობა სცენების თამაში ზეწარგადაფარებულს უწევს. მას კარგად გამოსდის ნელი, უემოციო ადამიანის როლის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზუალი მხოლოდ ორი შავი წერტილით (თვალებით) შემოიფარგლება, მსახიობი მაინც ახერხებს სევდიანი მოჩვენების სახის შექმნას.
ფილმი განსაკუთრებით ტრაგიკული ხდება არა იმ უბედური შემთხვევის დროს, როდესაც მთავარი გმირი ავარიაში მოყვება, ან ფილმის დასასრულს, არამედ სიკვდილის შემდეგ, მომენტში, როცა C-ის მეუღლის, M-ის (რუნი მარა) ცხოვრებაში სხვა კაცი გამოჩნდება და ის სხვა სახლში გადაწყვეტს საცხოვრებლად გადასვლას. მოჩვენება, რომელსაც ჩუმი ხეტიალის გარდა არაფერი შეეძლო, ცარიელ სახლში, სრულიად მარტო რჩება. მარტოობა თავისთავად მძიმეა, თუმცა მინორული განწყობა კიდევ უფრო იმატებს, როდესაც “მის” სახლში ახალი მაცხოვრებელი ჩნდება. უცხო ენა (ესპანური), უცხო გარემო, უცხო ინტერიერი… მოჩვენებისთვის ამ ყველაფერთან შეგუება შეუძლებელია და ის მთელი ფილმის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად იქცევა კლასიკური მოჩვენებასავით.
რადგან ფილმში ბევრი სცენაა დიალოგის გარეშე, საუნდტრეკებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. იმის გარდა, რომ იდეალურად გამოხატავს კონკრეტულ სცენებს, მუსიკის მნიშვნელობას თვითონ პერსონაჟებიც აღნიშნავენ. მაშინ, როდესაც M ყურსასმენებში C-ს მუსიკას უსმენს, იწყებს გარდაცვლილი მეუღლის არსებობის შეგრძნებას.
როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს. ჩანაწერებს ვაკეთებდი ქაღალდის ნაგლეჯებზე და სხვადასხვა ადგილას ვმალავდი, რადგან თუ უკან დავბრუნდებოდი, ის პატარა ქაღალდი დამხვდებოდა. – ამ ფრაზას ამბობს რუნი მარას პერსონაჟი ფილმის დასაწყისში და როდესაც სახლის დატოვება უწევს, ის კვლავ იწყებს ჩანაწერის დამალვას. ეულად დარჩენილი მოჩვენების “ცხოვრებაში” კი ერთადერთი მიზანი ამ ჩანაწერის პოვნა და წაკითხვა გახდება. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლება, მშვიდად “განისვენოს”.
სათაურიდან გამომდინარე, თუ ამ ფილმის ყურებას შიშის და სხვა მძაფრი ემოციების განსაცდელად გადაწყვეტთ, იმედი აუცილებლად გაგიცრუვდებათ, რადგან ეს არის არა საშიში ამბავი, არამედ მოჩვენების ისტორიის სევდიანი ქრონიკა.