სულ ახლახანს, მერილ სტრიპი 75-ე ოქროს გლობუსზე, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარადგინეს – სტივენ სპილბერგის ფილმისთვის The Post. ეს მსახიობის 31-ე ნომინაციაა, საიდანაც 9 მოგებული აქვს.
ბავშვობიდან მოყოლებული, მშობლები მუდამ მეუბნებოდნენ, რომ ლამაზი ვიყავი, მაგრამ დეიდა ჯეინს მხოლოდ მას მერე შევუყვარდი, რაც გავიზარდე. ის ამტკიცებდა, რომ ვიყავი მახინჯი ბავშვი, რომელსაც ბრძანებების გაცემა უყვარდა.
როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ყოველ კვირა დღეს, ტანსაცმელს შემდეგი ხუთი დღისთვის წინასწარ ვამზადებდი, რათა ერთი და იგივე არ ჩამეცვა. შეიძლება, პათოლოგიას ჰგავს, მაგრამ ზუსტად ასე ვიქცეოდი.
მამაჩემი ბარბარა სტრეიზანდის ფირფიტებს აგროვებდა. როცა 16 წლის ვიყავი და სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, ამ ფირფიტებს ვრთავდი და სტრეიზანდთან ერთად ვიწყებდი სიმღერას. მე ზეპირად ვიცოდი მისი ყველა სიმღერა, თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.
ერთხელ, ახალგაზრდობაში, მანქანაში ვიჯექი ერთ იდიოტთან ერთად, რომელიც 120 მილი საათში სიჩქარით მიქროდა. მე შემეძლო მეთქვა: “ეი, ჯერომ, გაჩერდი, მეშინია”. თუმცა, არაფერი მითქვამს. ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ რაღაცის სიკვდილამდე გეშინია, მაგრამ მაინც ჩუმად ხარ.
მე ხან მომწონს მზარეულობა და ხან – არა. ხანდახან ვიწყებ ხოლმე მომზადებას და შემდეგ ყველაფერს უნიტაზში ვრეცხავ სიტყვებით: “დღეს ჩვენ პიცა გვექნება.”
ყოველთვის ბედნიერი არ ვარ. ეს საზოგადოების და ჟურნალისტების წინაშე ვჩანვარ ასეთი. ჩემს ქმარს ჰკითხეთ, ხშირად საშინლად ბუზღუნა ვარ.
მე სოფი ლორენის თაყვანისმცემელი ვარ. ასეა ჩემი ქმარიც, რომელიც გონს ვერ მოსულა მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ როგორ ამოდიოდა სოფი ლორენი ზღვიდან.
მე არ მყავს საყვარელი რეჟისორი, ისევე, როგორც არ მაქვს საყვარელი ფერი ან საყვარელი კერძი. ყველა მომწონს.
ძალიან მინდა, მარტინ სკორსეზეს ოდესმე ქალი პერსონაჟი დასჭირდეს. თუმცა, მგონია, რომ მანამდე მოვკვდები, სანამ ეს მოხდება.
პოპულარობაში რაღაცები მომწონს. მაგალითად, ნიუ-იორკი პატარა ქალაქად გეჩვენება, რადგან ყველა შენ გიღიმის.
როდესაც Time-ის ყდაზე მოვხვდი, არაფერი მიგრძვნია. ყოველ წელს 52 ასეთი ყდა გამოდის, რომელიც ვიღაცებით უნდა შეივსოს. თუმცა, როდესაც სტატია მომუშავე დედებზეა და ჟურნალის გარეკანზე ჩნდება ჩემი მეზობლის ფოტო, სადაც ის სამსახურში წასვლამდე თავის შვილს კოცნის, მიჩნდება შეგრძნება, რომ ცნობილი ადამიანის გვერდით ვცხოვრობ.
ცხოვრებაში არასდროს მიყიდია ბილეთი საკუთარ ფილმზე. ეს ძალიან საშიშია. რა მოხდება, თუ ხალხი სერიოზულ სცენებზე სიცილს დაიწყებს, ან სასაცილო მომენტებზე ჩაეძინებათ და ხვრინვას ამოუშვებენ?
როდესაც ორმოცი წლის ვიყავი, ჯადოქრის როლზე სამი შემოთავაზება მივიღე.
ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ როცა საქმე მაქვს, მასში ბოლომდე ვეფლობი. ჩავარდნის მეშინია. საერთოდ, ყველაფერი შიშიდან გამომდინარე ხდება.
ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ვნახე ვუდი ალენის მანჰეტენი და გამახსენდა, როგორი მახინჯი მეგონა საკუთარი თავი – მსუქანი ქალი გიგანტური ცხვირით. მე ადრე მინდოდა, მოდელებივით გამხდარი ვყოფილიყავი, თუმცა შემდეგ, რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ ასეთი ვერ ვიქნებოდი და შევეგუე.
ჭიქა ღვინო – ეს არის ის, რაც ყოველთვის მეხმარება.
გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ინტერვიუებს ვკითხულობ, გულის სიღრმეში ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ რესპონდენტი საკუთარ თავს იდიოტად წარმოაჩენს.
საოცარია, სამოც წელს გადავცდი და კვლავ ვთამაშობ რომანტიკულ როლებს რომანტიკულ კომედიებში. ბეტი დევისი ალბათ საფლავში ტრიალებს.
ვფიქრობ, რომ შემიძლია ოფისში მუშაობა. მიყვარს რუტინა. მომწონს, ყოველ დილით მიესალმო ყველას და ყავა მაგიდასთან მიირთვა.
თუ გაქვს ტვინი, ის უნდა გამოიყენო.
სასიამოვნოა, როდესაც გეუბნებიან, რომ ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურები, ვიდრე კინოში და არა პირიქით.
მუშაობისას არ უნდა გეშინოდეს, თორემ არაფერი გამოვა.
სიყვარული, სექსი და საკვები – ეს არის, რაც ბედნიერს გვხდის. ყველაფერი ძალიან მარტივია.
არ მომწონს, როდესაც სურათს მიღებენ.
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დღემდე ცოცხალი ვარ. ბევრი ჩემი მეგობარი ავადაა, ბევრიც ცოცხალი აღარ არის. მე კი ჯერ კიდევ აქ ვარ და არაფერი მაქვს საწუწუნო.
მაინც ძალიან დიდი ცხვირი მაქვს.
წყარო: www.esquire.ru
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა